ერთად ვქმნით ძლიერ პროფკავშირს!
– რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია
2026 წლის 3 ივლისს გაიმართა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია, რომელზეც რუსთავის კონფერენციის დელეგატებმა შეაჯამეს განვლილი პერიოდის საქმიანობა და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
კონფერენციის მიმდინარეობისას, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ლეილა გორგაძეს, ორგანიზაციის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო ჯილდო გადასცა.
თავის მხრივ, საზეიმო ვითარებაში, ქალაქ რუსთავის სახელით მაია კობახიძეს გადაეცა ,,მადლობის ფურცელი – სასკოლო საზოგადოების საუკეთესო ინტერესების მუდმივი მხარდაჭერისა და განათლების სისტემის განვითარების საქმეში დაუღალავი შრომისათვის -სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის საქმიანობა ჩვენთვის საიმედო და ნათელი მომავლისკენ მიმავალი უწყვეტი გზაა’.
თავის გამოსვლაში სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ, ყურადღება გაამახვილა პროფკავშირულ საქმიანობასა და მიღწეულ შედეგებზე: მან აღნიშნა, რომ რუსთავის საგანმანათლებლო სისტემაში არსებული ერთიანობა არის მნიშვნელოვანი ძალა, რომელიც ეფუძნება პროფესიონალიზმსა და სოლიდარობას. მაია კობახიძის თქმით, ორგანიზაციის სიძლიერეს სწორედ წევრთა ნდობა და ადგილებზე ძლიერი ლიდერების არსებობა განაპირობებს.
მაია კობახიძემ ისაუბრა პროფკავშირის, როგორც პედაგოგთა უფლებებისა და პროფესიული ინტერესების დაცვის გარანტის, როლზე. ხაზი გაესვა მიღწეულ შედეგებს შრომითი პირობების გაუმჯობესების, სამართლებრივი დაცვისა და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერის კუთხით.
მაია კობახიძე:
„წევრთა ერთიანობა რუსთავის საგანმანათლებლო სისტემაში არის მნიშვნელოვანი ძალა, რომელიც ეფუძნება პროფესიონალიზმსა და სოლიდარობას. ეს დიდწილად ქალბატონი ლეილას დამსახურებაა. წევრების მხრიდან ასეთი სიყვარული და ნდობა ქმნის ჩვენს სიძლიერეს. თითოეული ლიდერი თავის ადგილზეა.“