„პროფკავშირის ძლიერება დამოკიდებულია წევრთა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შორის სოლიდარობასა და ერთსულოვნებაზე. ამისათვის საჭიროა, ყველა გააქტიურდეს საერთო მიზნების მისაღწევად!“ — ამგვარი მუხტი და სულისკვეთება იგრძნობოდა 2026 წლის 2 ივლისს გამართულ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე.
კონფერენციაზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლილი ბუხრაშვილმა, დელეგატებსა და მოწვეულ სტუმრებს ოთხწლიანი (2022-2026 წწ.) საქმიანობის დეტალური და ყოვლისმომცველი ანგარიში წარუდგინა.
ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა საპატიო სტუმრებისა და სოციალური პარტნიორების დასწრებამ. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ:
• მაია კობახიძე — სპმთპ-ის პრეზიდენტი;
• მარი ალუღიშვილი — აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი;
• ლეილა გორგაძე — სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
• ირინა ქირია — გარდაბნის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი;
• გარდაბნის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბაგა-ბაღების წევრთა მიერ არჩეული დელეგატები.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ლეილა გორგაძე. მან ისაუბრა მაია კობახიძის ლიდერულ უნარებზე და მის შეუპოვარ ხასიათს გაუსვა ხაზი. აგრეთვე, კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ ადგილობრივი სოციალური პარტნიორები — გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირინა ქირია და ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ნუგზარ გოგოლიძე. მათ ვრცლად ისაუბრეს მუნიციპალიტეტსა და პროფკავშირს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და მაღალი შეფასება მისცეს ლილი ბუხრაშვილის თავდაუზოგავ საქმიანობას ადგილობრივ დონეზე.
ქალბატონმა მაია კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა:
„ძლიერი სოციალური პარტნიორობა არის გარანტი იმისა, რომ დასაქმებულთა ხმა ყოველთვის ისმოდეს და მათი ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული“.
კონფერენციის მონაწილეებმა დიდი მადლიერება გამოხატეს სპმთპ-ის პრეზიდენტის, მაია კობახიძის გამოსვლის მიმართ, რომელმაც ამომწურავად ისაუბრა იმ სტრატეგიულ მიღწევებზე, საჭიროებებსა და გამოწვევებზე, რაც დღეს საგანმანათლებლო სისტემის წინაშე დგას. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სპმთპ-ის მიერ მოპოვებული თითოეული სიკეთე — იქნება ეს შენარჩუნებული 48-დღიანი შვებულება თუ ბიულეტენის ანაზღაურების გაუმჯობესებული წესი — ხანგრძლივი და შეუპოვარი ბრძოლის შედეგია.
გამოსვლის დასასრულს, მაია კობახიძემ ერთგული და მაღალპროფესიული საქმიანობისთვის სპმთპ-ის გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი, ლილი ბუხრაშვილი სპეციალური ჯილდოთი დააჯილდოვა. ამ აღიარებას დარბაზში განსაკუთრებული ემოციები და სიხარული მოჰყვა.
კონფერენციაზე საკუთარი პოზიცია აქტიურად გამოხატეს არჩეულმა დელეგატებმაც. მათ მადლობა გადაუხადეს მაია კობახიძეს იმ ხელშესახები შედეგებისა და იმედისთვის, რასაც პროფკავშირი თითოეულ მასწავლებელს აძლევს.
ამასთანავე, დელეგატებმა თავიანთ გამოსვლებში თვითკრიტიკულადაც აღნიშნეს, რომ მიღწეულით დაკმაყოფილება არ შეიძლება — საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტივობა, ორგანიზაციის შიდა სოლიდარობის გაძლიერება და თითოეული წევრის მხრიდან მეტი თანადგომა, რათა პროფკავშირული მოძრაობა რაიონში კიდევ უფრო მძლავრი და ეფექტური გახდეს. ხაზი გაესვა იმასაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირის მიერ მოპოვებული სიკეთეებით ყველა (მათ შორის, არაწევრიც) სარგებლობს, ორგანიზაცია მკაცრად იცავს თავისუფალი ნების პრინციპს და არავის აიძულებს გაწევრიანებას.
საანგარიშო პერიოდში გარდაბნის რაიონულმა ორგანიზაციამ უდიდესი რესურსი ჩადო პედაგოგთა და აღმზრდელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში, ტრენინგ-სემინარებსა და საერთაშორისო დონის კონფერენციებში მათ მონაწილეობაზე ზრუნვაში.
კონფერენციის დასასრულს ლილი ბუხრაშვილმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტ მაია კობახიძეს, ადგილობრივ სოციალურ პარტნიორებსა და, რაც მთავარია, თითოეულ წევრს გამოცხადებული უდიდესი ნდობისა და მხარდაჭერისთვის. დელეგატებმა ლილი ბუხრაშვილის კანდიდატურას შემდგომი ოთხწლიანი მანდატისთვის ერთსულოვნად კვლავ გამოუცხადეს ნდობა