სპმთპ-ის მთაწმინდა-კრწანისის V საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია
2026 წლის 20 ივნისს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაციის დელეგატები V საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე შეიკრიბნენ. შეხვედრას უძღვებოდა 209-ე ბაგა-ბაღის პედაგოგი და აქტიური პროფწევრი თამთა კერვალიშვილი.
კონფერენციას ესწრებოდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და საფინანსო დეპარტამენტის უფროსი მელანია დარახველიძე, ასევე სოციალური პარტნიორები — თბილისის 212-ე საჯარო სკოლის დირექტორი მედიკო მირზაშვილი და 28-ე საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან დავლიანიძე.
კონფერენციის მონაწილეებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს მაია კობახიძის მიმართ. მათ აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის დატვირთული გრაფიკის მიუხედავად — მაშინ როდესაც სხვა სტრუქტურულ ერთეულებში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საანგარიშო შეხვედრები — მათ ეძლევათ შესაძლებლობა, პირადად მისგან მოისმინონ პასუხები განათლების სფეროში არსებულ ყველა აქტუალურ საკითხზე.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა წევრებს ორგანიზაციისადმი ნდობისთვის, ერთიანობისა და პროფესიის სიყვარულისთვის. მან პროფწევრებს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ახალი სტრატეგიის დასახვაში წევრების კრიტიკული ხედვა და ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.
კონფერენციაზე მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, კესო ოსიშვილმა, მუშაობის ოთხწლიანი პერიოდი შეაჯამა. ორგანიზაციის მთავარ სლოგანზე — „დაცული უფლებები და ღირსეული შრომითი პირობები ხარისხიანი განათლების საწინდარია“ — დაყრდნობით, მან ხაზი გაუსვა დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და სოლიდარობის პრინციპებს.
მოხსენებაში აღინიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ჩატარდა 30 პროფესიული ტრენინგი, ხოლო 2026 წლის მაისში წარმატებით დაიწყო გრძელვადიანი სატრენინგო მოდულები მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებლად.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სკოლამდელი აღზრდის სექტორს: სხვადასხვა აქტუალური მიმართულებით გადამზადდა 500-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ასევე აქტიურად ჩაერთნენ საგანმანათლებლო აკადემიის (SBA) ორწლიან პროფესიულ პროგრამაში.
პროფესიულ განვითარებასთან ერთად, დიდი ადგილი დაიკავა წევრთა სოციალურმა მხარდაჭერამ და კულტურულმა ცხოვრებამ. ორგანიზაციის ხელშეწყობით, წევრებმა ისარგებლეს წამყვანი თეატრებისა და ფილარმონიის ბილეთებით, გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები დღესასწაულებზე, ხოლო მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებისა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე წევრებს მუდმივად ეწეოდათ ფინანსური დახმარება. რაიონულ დონეზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა 2025 წლის ოქტომბერში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ელენე ძნელაძის დაჯილდოება.
მიღწეული წარმატებების ფონზე, თავმჯდომარემ ღიად ისაუბრა გამოწვევებზეც. მათ შორის გამოყო საჯარო სკოლებში პროფკავშირული საქმიანობის მეტად გააქტიურების საჭიროება და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის რიგი მოთხოვნების აღსრულების პრობლემა, რის გამოსასწორებლადაც ორგანიზაცია მომავალშიც აპირებს ხელისუფლებასთან აქტიურ პარტნიორობას.
წარდგენილი მოხსენების ირგვლივ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ეკატერინე მეცხვარიშვილმა, რომელმაც საბავშვო ბაღებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და კესო ოსიშვილის მიმართ მადლიერება გამოხატა. სიტყვით გამოვიდა თბილისის 28-ე სკოლის დირექტორი ქეთევან დავლიანიძეც. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზაციას და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სპმთპ-ის პრეზიდენტის, მაია კობახიძის მიერ გაწეულ დიდ შრომას, მის კეთილგონიერებასა და პროფესიონალიზმს.
კონფერენციის დასასრულს დელეგატებმა სრული მხარდაჭერა და ნდობა გამოუცხადეს კესო ოსიშვილს, დაამტკიცეს რაიონული საბჭოს შემადგენლობა და მომდევნო ოთხწლიანი საარჩევნო პროგრამა. ამასთანავე, სპმთპ-ის ყრილობის დელეგატებად არჩეულ იქნენ კესო ოსიშვილი და 28-ე სკოლის პედაგოგი, პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე — მარინა მაჭავარიანი.