საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) იურიდიული დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, კიდევ ერთი მასწავლებლის დარღვეული უფლება აღდგა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესი ეხებოდა პედაგოგ ლადო შაინიძის დავას სსიპ – „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ წინააღმდეგ. დავის საგანს წარმოადგენდა სპორტის საგანში მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით მიღებული საპრეტენზიო განაცხადის ბათილად ცნობა და მოთხოვნილ იქნა ახალი გადაწყვეტილების მიღება ქულის მომატებაზე. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება 2026 წლის 27 მაისს გამოცხადდა.
სასამართლოში ლადო შაინიძის ინტერესებსა და წარმომადგენლობას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურისტთა გუნდი უზრუნველყოფდა.
სპმთპ-ის იურისტების ერთობლივი, პროფესიული და თავდაუზოგავი ძალისხმევით, სასამართლოს წინაშე მყარად დადასტურდა ქულის მომატების სამართლებრივი საფუძველი. მაგრამ, ლადო შაინიძის პროფესიონალიზმი და კვალიფიციური დასაბუთება გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდა წარმატებისთვის! ,,პროფესიონალი მასწავლებლები აძლიერებენ თანამედროვე პროფკავშირს და მაღალ სამოქალაქო ცნობიერებასთან ერთად, თითოეული დასაქმებულის წარმატების გარანტიას ქმნიან!”
სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილი საგამოცდო კითხვაში ქულის მომატებასთან დაკავშირებით. სპმთპ მზადაა გააგრძელოს ბრძოლა მასწავლებლის უფლებების დაცვისთვის შემდეგ ინსტანციებშიც, მოპასუხე მხარის მიერ გასაჩივრების შემთხვევაში. სპმთპ მადლობას უხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო ბუაჩიძეს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის.
მადლობა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის მაღალპროფესიონალურ გუნდს! მათთმა შრომამ, პრინციპულობამ და საქმის მიმართ ერთგულებამ უზრუნველყო ეს უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი გამარჯვება და კიდევ ერთხელ დაამტკიცა ჩვენი ორგანიზაციის ძალა პედაგოგთა ინტერესების დაცვაში.
ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას ლადო შაინიძეს და ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლას ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებსა და ქ. ბათუმის N5 სკოლებში. მადლობას ვუხდით ბატონ ლადოს, სამართლებრივ დავაში მისი პრინციპულობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის!
სპმთპ მუდამ დგას თითოეული პედაგოგის შრომითი და პროფესიული უფლებების სადარაჯოზე!