„ჩვენი ძალა ერთობაშია!“ — ეს სიტყვები იქცა მთავარ ლაიტმოტივად სპმთპ-ის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე, რომელიც 2 ივნისს, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების სრული დაცვით გაიმართა.
რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იოსებ ჟღენტმა, დამსწრე საზოგადოებას 2022-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
კონფერენციას ესწრებოდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები.
სიტყვით გამოსვლისას, სპმთპ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა პროფესიული სოლიდარობის ძალას:
„პროფკავშირი არ არის უბრალოდ სტრუქტურა — ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, სადაც თითოეული მასწავლებლის ხმა ისმის, ჩვენი მთავარი მისიაა, არცერთი პედაგოგი არ დარჩეს მარტო გამოწვევების წინაშე. სოლიდარობა არის ის საძირკველი, რომელზეც დგას მასწავლებლის პროფესიული ღირსების დაცვა და მისი უწყვეტი განვითარება.“
დელეგატებმა მაღალი შეფასება მისცეს მაია კობახიძის მოღვაწეობას და ორგანიზაციის თვისებრივად ახალ ეტაპებზე გადასვლას:
„თქვენ სპმთპ ახალ ორგანიზაციად შექმენით და მოგვეცით შესაძლებლობა, თავად ვყოფილიყავით პროფკავშირის წარმომადგენლები სხვადასხვა კომისიებში, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს კოლეგებს. სხვადასხვა აქტორებს შორის ეს კოლაბორაცია ჩვენი სიძლიერის ნიშანია!“
კონფერენციაზე დაისახა სტრატეგიული მიზანი — ადგილობრივ დონეზე ორგანიზაციის კიდევ უფრო გაძლიერება და საერთო საქმის გარშემო მეტი პედაგოგის გაერთიანება. დელეგატებმა მზაობა გამოხატეს აქტიური ჩართულობისთვის და მუდმივი მხარდაჭერის იმედი გამოთქვეს.
ვულოცავთ ზესტაფონის რაიონულ ორგანიზაციას წარმატებულ კონფერენციას და ვუსურვებთ იოსებ ჟღენტს ნაყოფიერ საქმიანობას ახალი მანდატის ფარგლებში