2026 წლის 26 ივნისს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის XIII საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნაირა ქააძემ, დამსწრე საზოგადოებას 2022-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ვრცელი ანგარიში წარუდგინა. სიტყვით მიმართვისას ნაირა ქააძემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა მაია კობახიძის საქმიანობისადმი, რამაც არაერთი წარმატება მოუტანა საგანმანათლებლო სფეროს დასაქმებულებს, და მას ახმეტის რაიონული ორგანიზაციის წევრთა სახელით მადლობა გადაუხადა.
ახმეტის რაიონულმა ორგანიზაციამ საანგარიშო პერიოდში წევრებისთვის მრავალფეროვანი ტრენინგების, კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება უზრუნველყო, რაც წევრებს პროფესიულ წინსვლასა და ზრდაში ეხმარება.
კონფერენციის დელეგატები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ მთავარ ამოცანად პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის როლის გამოკვეთა და თითოეული წევრის მოტივაციის ამაღლება დაისახონ.
მონაწილეებმა ერთსულოვნად, დადებითად შეაფასეს ორგანიზაციის მუშაობა და საქმისადმი ერთგულების ნიშნად, ნაირა ქააძეს კვლავ ოთხწლიანი მანდატი მიანიჭეს. გარდა ამისა, კონფერენციაზე აირჩიეს პროფორგანიზაციის საბჭოს წევრები და სპმთპ-ის XIII საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატები.
მიუხედავად მიღწეული შედეგებისა, აღინიშნა, რომ მენტალური ცვლილებები და შეხედულებების შეცვლა რამდენიმე წელში არ ხდება. ამისთვის საჭიროა ყველას ერთობლივი ძალისხმევა — მეტი ცნობიერების განვითარებისა და პროფკავშირული ძალების გაძლიერებისთვის.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სთხოვა დელეგატებსა და პირველადი ორგანიზაციების წევრებს, ერთად იმუშაონ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების ავტორიტეტის ამაღლებისთვის:
„პროფკავშირის ხვალინდელი დღე ჩვენს ხელშია და უნდა ავამაღლოთ წევრთა ერთგულება პროფკავშირული იდეალებისადმი“.
მან ასევე ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან — მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, მერიასთან და რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ჩამოყალიბებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და დიალოგს, რისთვისაც მათაც მადლობა გადაუხადა.
კონფერენცია დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისად წარიმართა.