ნდობა, დაფასება, სოლიდარობა — ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის კონფერენცია
ახალქალაქში წინა საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციიდან 4 წელზე მეტი გავიდა. ამ პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ისე თავად ორგანიზაციის შიგნით. პროფკავშირი, როგორც წევრებზე დაფუძნებული ორგანიზაცია, მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ ასეთი განწყობით წარიმართა სპმთპ-ის ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის მე-7 საანგარიშ-საარჩევნო კონფერენცია
სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ, სპმთპ-ის ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ლეილა მეტრეველს, მრავალწლიანი პროფკავშირული საქმიანობისთვის, ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის აღდგენა-გაძლიერებასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპმთპ-ის სპეციალური ჯილდო გადასცა.
„ეს არის გზა ორგანიზაციული გაძლიერების, პროფკავშირის როლის ამაღლებისა და დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი პირობების გაუმჯობესებისათვის“, — ასე შეაჯამა სპმთპ-ის ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლეილა მეტრეველმა ანგარიში და მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს, მაია კობახიძეს, ყველა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულთა მხარდასაჭერად საანგარიშო პერიოდში განხორციელდა.
2026 წლის 29 ივნისს ჩატარებულ სპმთპ-ის ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის მე-7 კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 60-მა არჩეულმა დელეგატმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე. კონფერენციაზე ასევე ისაუბრა სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნათია კორძაძემ.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა აქტიური დისკუსია. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე. მსჯელობისას ხაზი გაესვა იმ პრობლემების ერთობლივი ძალებით მოგვარების აუცილებლობას, რომლებიც ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო სფეროს წინაშე დგას.
კონფერენციას, ხმის უფლების გარეშე, ასევე ესწრებოდნენ მოწვეული საპატიო სტუმრები, სკოლის დირექტორები და ბაღების მენეჯერები. სტუმრებმა — ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა თერეზა ჩივჩიანმა, ბაღების გაერთიანების დირექტორმა ანაიდა ასატურიანმა და ბავრის საჯარო სკოლის დირექტორმა ჯულიეტა შირინიანმა თავიანთ გამოსვლებში მაღალი შეფასება მისცეს სპმთპ-ის პრეზიდენტისა და რაიონული ორგანიზაციის მიერ გაწეულ საქმიანობას. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე იმყოფებოდა სპმთპ-ის ახალციხის რაიონული პროფორგანიზაციის თავმჯდომარე კლარა კუპრეიშვილი.
საანგარიშო პერიოდში ახალქალაქის რაიონულმა ორგანიზაციამ უდიდესი ყურადღება დაუთმო პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას. ორგანიზაციის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ სპმთპ-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე გამართულ კონფერენციებში. აგრეთვე ხაზგასმით აღინიშნა არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა მხარდაჭერა და მათი უზრუნველყოფა სომხურ ენაზე ჩატარებული ტრენინგ-სემინარებით.
საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე დელეგატებმა და წევრებმა კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა ლეილა მეტრეველს მათზე ზრუნვისთვის და მას შემდგომი ოთხწლიანი მანდატი მიანიჭეს. მათ ასევე აირჩიეს ადგილობრივი საბჭოსა და საკონტროლო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობა, დაამტკიცეს ყრილობის დელეგატები.
მე-7 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია ტრადიციულად საზეიმო ნოტაზე — წარმატებული წევრებისთვის მადლობის სიგელების გადაცემით დასრულდა. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ნდობა, დაფასება და სოლიდარობა არის ის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებს პროფკავშირს დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში