საქართველოს  პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირი

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა ,,ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე“, 1 ივნისი, დღის ცენტ „ ცისარტყელას„ ბენეფიციარ ბავშვებს მიულოცა. სპმთპ-მა სპეციალურად ამ დღისათვის ცენტრში მოიწვია გოგა ჩანადირი, რომელმაც ბავშვებთან საინტერესო შემეცნებითი-გასართობი ლექცია გამართა. ამ დღის მთავარი გმირები აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობებში. გოგა ჩანადირის კითხვებზე პასუხის გაცემის დროს ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, მსჯელობდნენ სახელმწიფოსა და ოჯახის კეთილდღეობაზე, საკუთარ ფუნქციებსა და როლზე სამშობლოს მომავალი განვითარების საქმეში. ლექციის ბოლოს კი, საკუთარი შემოქმედება შემოგვთავაზეს, გულმოდგინედ დახატეს ზღაპრის გმირები. სპმთპ-ის წარმომადგენლებმა, ტკბილეულთან ერთად, ბავშვებს საჩუქრად გადასცეს მათი ასაკის შესაბამისი ქართველი და უცხოელი მწერლების ცნობილი ნაწარმოებების კრებულები და გასართობი ცენტრის აბონიმენტები. დღის ბოლოს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა ქალბატონმა მაია კობახიძემ, ბავშვებთან ერთად საზეიმო ტორტი გაჭრა. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, პედაგოგებთან ერთად, ზრუნავს მომავალი თაობის დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის. საქართველოს პედაგოგთა საზოგადოება თითოეულ ბავშვს უსურვებს ბედნიერებას, წარმატებას, ოცნებების ასრულებას, ფერად და პოზიტიურ დღეებს. 2017 წლის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპმთპ-ის ფინანსური მხარდაჭერით, დღის ცენტ „ ცისარტყელას" ბენეფიციარ ბავშვებს უმასპინძლა გასართობმა ცენტრმა ,,Wendys", სადაც ბავშვებს არაჩვეულებრივი ერთი დღე მიეძღვნათ.