15 ივლისს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ს. ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მასწავლებლებს შევხვდით, რომელიც სკოლის დირექტორის თამილა ქურხაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

სპმთპ-ის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ როლანდ ხოჯანაშვილმა მასწავლებლებთან შეხვედრა წარმართა შემდეგ თემებზე: სასწავლო პროცესის დაგეგმვა და შეფასება, შეფასების სახეები და მოდელები, ვერიფიკაცია, სასწავლო ერთეულების დეფინიცია, მიღწევათა დიაგნოსტირება, რემედიაცია და მისი სახეები, კურიკულუმის რევიზია, სკოლის ფილოსოფია, დიფერენცირება, დიდი პროფესიული გაერთიანების-სპმთპ-ის წევრობის სარგებელი.
ვისაუბრეთ საჯარო სკოლების პედაგოგთა, ადმინისტრაცია/ტექნიკური პერსონალის შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სკოლების მხარდაჭერისათვის განხორციელებულ აქტივობებზე, აღნიშნული მიმართულებებით სპმთპ-ის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე. სოციალური პარტნიორობისა და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ხელშეწყობის საუკეთესო მაგალითი, კიდევ ერთხელ, გვიჩვენეს სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლია ბეჟაშვილმა და სპმთპ-ის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ელენა შაიშმელაშვილმა. ყველა დონეზე სოციალური დიალოგი დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და დაფასებაა.
საინტერესო სამუშაო დღის ბოლოს, თბილისისკენ დაბრუნებისთვის ვემზადებოდით, რომ მოულოდნელი და სასიამოვნო შეხვედრები შედგა დედოფლისწყაროს საპატრიარქოს სკოლის დირექტორ თეო სხირტლაძესთან, ამავე სკოლის წარმომადგენლებთან ქალბატონ მზიასა და მაკასთან. განსაკუთრებით გაგვაოცა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ს. ჩხენიშის საჯარო სკოლის დირექტორის სვეტლანა ტკვაცირიასა და მასწავლებლების ხილვამ ქიზიყში. სიღნაღის ს. ქვემო მაჩხაანის სკოლაში, დედოფლისწყაროსა და სამტრედიის ორივე სკოლაში თითქმის 100%-იანი გაწევრიანებაა, რაც მათი მაღალი ცნობიერების, ურთიერთსოლიდარობისა და კოლეგიალობის ნათელი მაგალითია!
ჩვენი ორგანიზაცია ინტენსიურად მართავს შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით, როგორც რაიონულ/რეგიონულ დონეზე, ასევე, ინდივიდუალურად სკოლებში. სკოლების პედაგოგიურ კოლექტივებთან/პროფკავშირის აქტივთან თუ თითოეულ მასწავლებელთან შეხვედრები ჩვენთვის აქტუალურია. შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და უფლებების დაცვის მთავარი მიზნის მისაღწევად, მასწავლებელთა შეხედულებების გათვალისწინება და მათი ჩართულობა პრიორიტეტულია ჩვენთვის. პრობლემების იდენტიფიცირება მხოლოდ მოქმედ მასწავლებლებთან მსჯელობით მიიღწევა. ასე მზადდება საკანონმდებლო წინადადებები და ამ მიზნით შევქმენით პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭო.
ბედნიერების განცდით გამოვედით შენობიდან, რომ კიდევ ერთი ამაღელვებელი სიურპრიზი დაგვხვდა: ფერად-ფერადი ბუშტებითა და ყვავილების თაიგულებით ხელში, დედოფლისწყაროს მასწავლებელი, ჩვენი აქტიური წევრი, 4 შვილის დედა, იუბილარი ქეთი ფულაძე შემოგვხვდა. მასთან ერთად, ჩვენი აქტიური წევრი და წარმატებული მასწავლებელი მაია პოპიაშვილი იდგა. ამ რამდენიმე დამთხვევით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სამყაროს სიკეთე მართავს! ენთუზიაზმით, მოტივაციითა და მაღალი პასუხისმგებლობით სავსე გულწრფელი შრომა ყოველთვის სიკეთით გვიბრუნდება უკან!
საუკეთესო მასწავლებლები ასწავლიან გულიდან და არა მხოლოდ წიგნებიდან, რადგან პატარა გონების ჩამოყალიბებას დიდი გული სჭირდება! ვაგრძელებთ პედაგოგთა და სკოლების პროფესიულ მხარდაჭერას. გვწამს, რომ დღეს, თითოეული მასწავლებლის საკლასო ოთახში მსოფლიოს მომავალია!