სენაკის რაიონული კონფერენცია – 2026
2026 წლის 30 ივნისს სპმთპ-ის სენაკის რაიონულმა ორგანიზაციამ საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გამართა.
სენაკის რაიონულ ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს სსიპ გ. ადამიას სახელობის ქ. სენაკის №1 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წამყვანი მასწავლებელი, 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული მამუკა კუჭავა.
კონფერენციაზე მამუკა კუჭავამ დელეგატებსა და მოწვეულ სტუმრებს 2022–2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
თავის გამოსვლაში მან აღნიშნა:
„ჩემთვის სპმთპ არის შესაძლებლობა, ვიზრუნო სიკეთეზე და მასწავლებელთა უფლებების დაცვაზე. ჩემთვის დიდი პატივია საზოგადოების ნდობა. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და, ამავდროულად, ძალისა და მოტივაციის მთავარი წყარო. მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს იმ ნდობისთვის, რომელიც ჩვენს საქმიანობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანსა და შთამაგონებელს ხდის.“
მამუკა კუჭავამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს, მაია კობახიძეს, დელეგატებსა და სენაკის რაიონული ორგანიზაციის თითოეულ წევრს მრავალწლიანი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
საანგარიშო პერიოდში სენაკის რაიონულ ორგანიზაციას ხუთი ახალი პირველადი ორგანიზაცია შეუერთდა, რაც პროფესიული კავშირის მიმართ გაზრდილი ნდობის, ორგანიზაციის სტაბილური განვითარების და ადგილობრივ დონეზე მისი ავტორიტეტის კიდევ უფრო განმტკიცების ნათელი დასტურია.
საანგარიშო მოხსენებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორგანიზაციის საქმიანობის ორი ძირითადი მიმართულება — წევრთა შრომითი, სოციალური და პროფესიული უფლებების დაცვა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა — წარმატებით ხორციელდება.
მამუკა კუჭავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირველადი ორგანიზაციების ლიდერების საქმიანობაზე და აღნიშნა:
„ჩვენი ორგანიზაციის მთავარი ძალა პირველადი ორგანიზაციების პროფესიონალი ლიდერები არიან. სწორედ მათი აქტიურობა, პასუხისმგებლობა და პროფაქტივთან მჭიდრო თანამშრომლობა განაპირობებს ორგანიზაციის სიძლიერესა და წარმატებას ადგილობრივ დონეზე.“
ანგარიშის წარდგენისას მან მადლობა გადაუხადა სოციალურ პარტნიორებს — სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებას, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრს, ასევე საჯარო სკოლების დირექტორებს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების, სოციალური პარტნიორობისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მათი ღვაწლი მადლობის სიგელებით აღინიშნა.
სპმთპ-ის პრეზიდენტის, მაია კობახიძის მისამართით მამუკა კუჭავამ აღნიშნა:
„ქალბატონო მაია, თქვენ ხართ ჭეშმარიტი ლიდერი, მზრუნველი ხელმძღვანელი და საზოგადოებრივი სიკეთისთვის თავდადებული ადამიანი. მადლობას გიხდით თქვენი მუდმივი მხარდაჭერის, ერთგულებისა და იმ უდიდესი საქმისთვის, რომელსაც ქართული განათლებისა და მასწავლებლების ინტერესების დასაცავად ყოველდღიურად ემსახურებით.“
კონფერენცია დღის წესრიგის შესაბამისად წარიმართა. სპმთპ-ის პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ მუშაობა დიალოგის ფორმატში გაგრძელდა. მონაწილეებმა შეაფასეს პროფესიული კავშირის საქმიანობის შედეგები, იმსჯელეს მიმდინარე ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე, დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და კიდევ ერთხელ გამოხატეს ნდობა ორგანიზაციის მიმართ.
საანგარიშო პერიოდში სენაკის რაიონულმა ორგანიზაციამ პროფესიული განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი საქმიანობა განახორციელა. ორგანიზაციის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ სპმთპ-ის „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრისა“ და „პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, სემინარებსა და პროფესიული განვითარების სხვა პროგრამებში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მათი პროფესიული კომპეტენციების გაღრმავებასა და კარიერულ წინსვლას.
ორგანიზაციის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ 2023–2024 წლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებში, მათ შორის კონფერენციაში „დანიური სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოში და მიღწეული შედეგების გაზიარება“. მიღებული გამოცდილება მათ შემდგომ ადგილობრივ სკოლებში კოლეგებს გაუზიარეს, რაც თანამედროვე სწავლების მეთოდების გავრცელებასა და დანერგვას შეუწყო ხელი.
სენაკის რაიონული ორგანიზაცია ტრადიციულად აღნიშნავს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, აფასებს წარმატებულ და ღვაწლმოსილ პედაგოგებს, აწყობს მათთან შეხვედრებს, სტუმრობს სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებს და წევრებს სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.
2025–2026 წლებში ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული სენაკის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ პროექტებში, რომლებიც საგანმანათლებლო რესურსცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
საანგარიშო პერიოდში სენაკის რაიონულმა ორგანიზაციამ წარმატებით განახორციელა პროფესიული, სოციალური და ორგანიზაციული საქმიანობა, გააძლიერა სოციალური პარტნიორობა და კიდევ უფრო განამტკიცა პროფესიული კავშირის როლი საგანმანათლებლო სივრცეში. მიღწეული შედეგები ნათლად ადასტურებს, რომ ორგანიზაცია ეფექტიანად იცავს წევრთა ინტერესებს, ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებაზე და აქტიურად მონაწილეობს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებში.
კონფერენციის დელეგატებმა მამუკა კუჭავას კვლავ ერთხმად გამოუცხადეს ნდობა და სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს. ასევე დამტკიცდა ადგილობრივი საბჭოსა და საკონტროლო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობა და არჩეულ იქნენ სპმთპ-ის ყრილობის დელეგატები.
კონფერენციას ესწრებოდნენ სპმთპ-ის ვიცე პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე, ხობის რაიონის თავმჯდომარე ლალი ჩტაია და ფოთის რაიონული ორგანიზაცის თავმჯდომარე ინგა გვასალია, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ელისო შურღაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ნათია ეჯიბია
სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი , ალექსანდრე ჯანჯთავა და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები.