22 ივნისს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციას ქალაქ ქუთაისის მე-10 საჯარო სკოლამ უმასპინძლა.
კონფერენციის გახსნით ნაწილში ქუთაისის სკოლების მოსწავლეები სტუმრებს შემოქმედებითი ნომრებით — ქართული ცეკვითა და სიმღერით შეეგებნენ. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის თარიღი — 22 ივნისი, სიმბოლურად თამარ გაბუნიას დაბადების დღეს დაემთხვა. სპმთპ-ის გუნდმა, კოლეგებმა და მოსწავლეებმა ეს თარიღი მას საზეიმო ვითარებაში მიულოცეს. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მადლობას უხდის სკოლის დირექტორს ონისე ბოჭორიშვილს თანამშრომლობისთვის და სკოლის მასწავლებლებსა და მათ მოსწავლეებს ამგვარი დახვედრისთვის. მოსწავლეთა შემოქმედებითი ნომრები შესრულდა ანსაბლი ‘ფაფანაკი” მოსწავლეებმა ქორეოგრაფები: ზაზა მიქაუტიძე მაია გეწაძე ცეკვა – კავკასიური, ხოლო სიმღერა—ლუკა ბენდელიანი
კონფერენციას უძღვებოდა სპმთპ-ის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ქუთაისის N3 საჯარო სკოლის დოქტორი/მენტორი მასწავლებელი დიანა ნემსიწვერიძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პირველადი ორგანიზაციებიდან არჩეული დელეგატები, პროფაქტივი, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი დავით წიტაიშვილი და ქუთაისის საბავშო ბაგა-ბაღების მმართველები.
კონფერენციას, სპმთპ-ის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ გაბუნიას მოწვევით, ასევე ესწრებოდნენ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტები და ცენტრალური აპარატის თანამშრომლები.
ლიდერის დაფასება და ოთხწლიანი ანგარიში
კონფერენციის მონაწილეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა თამარ გაბუნია დაახასიათეს როგორც სამართლიანი, პრინციპული, მტკიცე ხასიათის მქონე და ორგანიზაციის ინტერესებისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მქონე ლიდერი, რომლის როლიც ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესია.
პროფკავშირული საქმიანობის შენარჩუნებისა და განვითარების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ თამარ გაბუნიას საპატიო პროფკავშირული ჯილდო გადასცა. საპასუხო სიტყვაში თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ეს აღიარება მისთვის უაღრესად ამაღელვებელი იყო და ეს დღე მის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერება.
თამარ გაბუნიამ დელეგატებს ორგანიზაციის მიერ გაწეული ოთხწლიანი საქმიანობის დეტალური ანგარიში წარუდგინა.
ამის შემდგომ, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ ვრცლად ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობაზე, განვლილ ეტაპებზე, მიღწეულ შედეგებსა და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. თავის გამოსვლაში მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა შემდეგ მიმართულებებზე:
• თითოეული წევრისა და დელეგატის როლი: პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ პროფკავშირის სიძლიერე და თითოეული მიღწეული შედეგი მისი წევრების ერთიანობისა და აქტიურობის დამსახურებაა. მან მადლობა გადაუხადა დელეგატებს პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი წვლილისა და გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის.
• პირველადი ორგანიზაციების გაძლიერება: აღინიშნა, რომ სკოლებში მყარად დაფუძნებული პირველადი ორგანიზაციები წარმოადგენს იმ საძირკველს, რომელზეც დგას სპმთპ-ის მთლიანი სტრუქტურა და უფლებადაცვითი მექანიზმები.
• თამარ გაბუნიას მხარდაჭერა: მაია კობახიძემ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს და აღნიშნა, რომ მისი სამართლიანი მიდგომები და მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომა სამაგალითოა.
• მომავლის ხედვები: პრეზიდენტმა ისაუბრა სტრატეგიულ ნაბიჯებსა და გეგმებზე, რომლებიც მიზნად ისახავს მასწავლებელთა შრომითი, სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმაც ხაზი გაუსვა პედაგოგთა უდიდეს როლს მომავალი თაობის აღზრდის პროცესში და მადლობა გადაუხადა თითოეულ მასწავლებელს გაწეული ძალისხმევისთვის.
კონფერენციაზე გამოთქმული წინადადებები და ინიციატივები
კონფერენციის მსვლელობისას დელეგატებმა და კოლეგებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა და პრობლემური საკითხი წამოჭრეს:
1. მასწავლებელთა მეთოდური კონფერენციების აღდგენა
მაია წიქორიძე (ქ. ქუთაისის N13 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი, სპმთპ-ის საკონსულტაციო საბჭოს წევრი) გამოვიდა ინიციატივით, რომ აღდგეს მასწავლებელთა მეთოდური კონფერენციების ჩატარების პრაქტიკა, რისი წარმატებული გამოცდილებაც ორგანიზაციას უკვე აქვს. მან აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს პედაგოგთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და კოლეგიალური კომუნიკაციის გაძლიერებას. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც განათლების სამინისტრო ახალ რეფორმასა და სკოლებში ღირებულებითი განათლების დამკვიდრებას აანონსებს, მსგავსი აკადემიური პლატფორმები, სადაც მონაწილეობა ყველასთვის ხელმისაწვდომია, კიდევ უფრო განამტკიცებს პროფკავშირის როლს პედაგოგთა კარიერულ წინსვლაში.
2. სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა უფლებების დაცვა.
ქალაქ ქუთაისის N13 ბაგა ბაღის მმარველმა მაკა აბულაძემ მადლობა გადაუხადა სპმთპ – ს სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთა მხარდაჭერისთვის.
ნესტან თელიამ (ქ. ქუთაისის N29 საჯარო სკოლა) ყურადღება გაამახვილა სკოლამდელ დაწესებულებებში (ბაღებში) დასაქმებულთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მან რწმენა გამოთქვა, რომ სპმთპ-ის პრეზიდენტი თავისი პრინციპულობით მყისიერ რეაგირებას მოახდენს ამ პრობლემებზე. გამომსვლელმა დამსწრეებს ორგანიზაციის მდიდარი და წარმატებული სამართლებრივი გამოცდილება შეახსენა, როდესაც იურიდიული დახმარების შედეგად სასამართლომ არაერთი დასაქმებულის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება, დააბრუნა ისინი სამუშაო ადგილებზე და აუნაზღაურა განაცდური.
3. ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციისთვის სამუშაო სივრცის (ოფისის) საჭიროება
დელეგატებმა აღნიშნეს, რომ ქუთაისი ქვეყნის უმსხვილესი საგანმანათლებლო ცენტრია და თავად პროფკავშირსაც საფუძველი ამ ქალაქში ჩაეყარა, თუმცა საქალაქო ორგანიზაციას ამ დრომდე არ გააჩნია საკუთარი სამუშაო სივრცე. ოფისის არსებობა აუცილებელია როგორც მართვის ვერტიკალის გამართული ფუნქციონირებისთვის, ისე ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, რესურსცენტრთან და სხვა პარტნიორებთან ოპერატიული და თანასწორუფლებიანი თანამშრომლობისთვის. გაჟღერდა თხოვნა, უახლოეს მომავალში მოგვარდეს ქუთაისის ორგანიზაციის ოფისით უზრუნველყოფის საკითხი.
4. სკოლის ადმინისტრაციასა და პროფკავშირს შორის კონსტრუქციული პარტნიორობა
რუსუდან კარკაძემ (ქ. ქუთაისის N24 სკოლის დირექტორი, მენტორი, სპმთპ-ის წევრი) გამოხატა სრული მზადყოფნა და მხარდაჭერა მჭიდრო, კონსტრუქციული პარტნიორობისათვის. მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმატების ქვაკუთხედი მოტივირებული, დაცული და პროფესიულად ძლიერი მასწავლებელია, რაც სრულ თანხვედრაშია პროფკავშირის მიზნებთან. დირექტორმა დაადასტურა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სკოლაში პროფკავშირული აქტივობების განხორციელებას — იქნება ეს ერთობლივი სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები თუ დასაქმებულთა შრომითი პირობების ოპტიმიზაციისკენ მიმართული დიალოგი.
კონფერენციამ კონსტრუქციულ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა. დასახული სამომავლო გეგმები და წამოჭრილი ინიციატივები საფუძვლად დაედება ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის შემდგომ საქმიანობას.
ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის დელეგატებმა თამარ გაბუნია მომდევნო მანდატის ფარგლებში თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. ასევე, დაამტკიცეს საქალაქო საბჭოსა და საკონტროლო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობა, და ყრილობის დელეგატები.