ერთიანობა პროფესიული უფლებების დაცვისა და თანადგომისთვის — სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია
2026 წლის 21 ივნისს გამართული სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის მე-7 კონფერენცია იქცა არა მხოლოდ მიღწეული წარმატებების შეჯამების, არამედ არსებული გამოწვევების ღიად განხილვისა და სამომავლო გაძლიერების პლატფორმად.
სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ზოია ჯანაშიამ, დელეგატებსა და მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა 2022-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ვრცელი ანგარიში. კონფერენციას, დელეგატებთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ: სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მეიშვილი, სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი თინათინ ხარძიანი და ადგილობრივი საგანმანათლებლო სფეროს სხვა წარმომადგენლები. მოწვეულმა სტუმრებმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დამსწრე აუდიროტიას.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ, სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის დელეგატებსა და ლიდერებს სიტყვით მიმართა. მან დეტალურად განიხილა სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთა ინტერესების დაცვის კუთხით არსებული მიღწევები და აქტუალური თემები.
თავის გამოსვლაში მაია კობახიძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პროფკავშირულ ღირებულებებზე, ერთიანობასა და ორგანიზაციისადმი ერთგულებაზე:
„პროფკავშირი არ არის მხოლოდ ბენეფიტებისა თუ მოკლევადიანი პრივილეგიების მისაღები პლატფორმა; ეს არის ერთობა, რომელიც ეფუძნება სოლიდარობას, კოლეგიალობასა და საერთო ინტერესებისთვის ბრძოლას. ჩვენი სიძლიერე თითოეული წევრის გაცნობიერებულ არჩევანშია — ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით არა მხოლოდ წარმატების, არამედ რეფორმებისა და გამოწვევების ეტაპზეც. ჩვენ უნდა შევქმნათ ის გარემო, რომ დასაქმებულს ამოძრავებდეს არა მხოლოდ პირადი კეთილდღეობის, არამედ მთელი პედაგოგიური საზოგადოების გაძლიერებისა და პროფესიული ღირსების დაცვის სურვილი.“
კონფერენცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. დელეგატებმა მადლიერება გამოხატეს სპმთპ-ის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ინიციატივებისა და იმ მიზანმიმართული პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ორგანიზაცია საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა შრომითი პირობების გასაუმჯობესებლად ეწევა.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სამტრედიის რაიონულ ორგანიზაციაში წევრთა რაოდენობის მნიშვნელოვანი მატება აღინიშნა, მათ შორის — სკოლამდელი აღზრდის სფეროში დასაქმებულთა მხრიდან.
განსაკუთრებით გამოიყო დაბა კულაშის საჯარო სკოლა, სადაც დასაქმებულთა 100% პროფკავშირში გაერთიანდა. ამ შედეგისთვის ზოია ჯანაშიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტ მაია კობახიძესა და საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეს, როლანდ ხოჯანაშვილს, რომელთა უშუალო პროფესიულმა მხარდაჭერამ და ავტორიზაციის პროცესში სკოლის სწორმა კონსულტირებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.
მიღწევებთან ერთად, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გულისტკივილით ისაუბრა გამოწვევებზეც. საარჩევნო პერიოდში ზოგიერთ საჯარო სკოლაში დაფიქსირდა წევრთა გადინება, რის ძირითად მიზეზადაც მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემის დროებითი შეჩერება და გამოცდების გაუქმება დასახელდა.
„სისტემაში, სამწუხაროდ, არის მასწავლებელთა კატეგორია, რომელთაც პროფკავშირის წევრობა მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის და სტატუსის მოსაპოვებლად სურთ“, — აღნიშნა ზოია ჯანაშიამ და ხაზგასმით მიუთითა პროფკავშირში გაერთიანების ნებაყოფლობითობისა და თავისუფალი ნების გამოხატვის პრინციპზე.
ვინაიდან სპმთპ-ის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი დასაქმებულთა უფლებების დაცვაა, კონფერენციაზე მაღალი შეფასება მიეცა სპმთპ-ის იურიდიულ დეპარტამენტს, რომელმაც ბოლო თვეებში არაერთი მნიშვნელოვანი სასამართლო დავა მოიგო და სკოლების დონეზე წარმომადგენლობა. დელეგატებმა აღნიშნეს სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ლიდერის მაღალი პასუხისმგებლობა და ყურადღება, რომელიც ოპერატიულად უწევს მხარდაჭერას ნებისმიერ პირველად ორგანიზაციას წამოჭრილი პრობლემების მოწესრიგების მიზნით.
ზოია ჯანაშიამ ასევე დასძინა, რომ 2026-2027 სასწავლო წლის ახალი სასკოლო ბადე გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს, რაც ორგანიზაციისგან მაქსიმალურ ყურადღებასა და სამართლებრივ მზადყოფნას მოითხოვს.
საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს. თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბახტაძეს, ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რის შედეგადაც სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომელთა ხელფასები 20%-ით გაიზარდა. ორგანიზაცია აგრძელებს აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით და სრულად უჭერს მხარს იმ საკანონმდებლო მოთხოვნებს, რომლებიც სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ პარლამენტისა და შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელებს გაუგზავნა ოფიციალურად სკოლამდელი განათლების რეფორმირებისთვის.
ანგარიშში ხაზგასმით აღინიშნა სპმთპ-ის პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის, მარიამ მკაველიშვილის საქმიანობა. სამტრედიის რაიონული ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული ცენტრის მუშაობაში, რის ფარგლებშიც მასშტაბური საგანმანათლებლო აქტივობები განხორციელდა:
• საჯარო სკოლების წევრები აქტიურად ჩაერთნენ 17 საგნობრივ ტრენინგში.
• შეფასების თემაზე ჩატარებული ტრენინგებისა და ონლაინ-კონფერენციების შედეგად, სამტრედიელმა პედაგოგებმა წარმატებით აიმაღლეს სტატუსები და მიენიჭათ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსები.
• სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებისთვის მოეწყო 5 სპეციალიზებული ტრენინგი (შრომის უსაფრთხოება, სურსათის უვნებლობა, პირველადი დახმარება და სხვა).
პროფესიული მხარდაჭერის ნიშნად, რაიონულმა ორგანიზაციამ ბაღებს საჩუქრად გადასცა 25 სახელმძღვანელო — „სკოლამდელ დაწესებულებათა კურიკულუმი“, ხოლო დამატებით 25 წიგნის გადაცემა მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.
გარდა ამისა, გაწეული საქმიანობისთვის მაია კობახიძის მხრიდან გამოხატული მადლიერების ნიშნად, სპმთპ-ის საწირის ბაზაზე, ორგანიზაციის 27 წევრისთვის მოეწყო მნიშვნელოვანი სასწავლო-სამუშაო შეხვედრა ტყიბულში. იქვე ხაზი გაესვა საგანმანათლებლო რესურსცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობას მასწავლებელთა საჭიროებების დადგენისა და მათი დროული მხარდაჭერის მიმართულებით.
მოხსენების ბოლოს, ზოია ჯანაშიამ მადლობა გადაუხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რესურსცენტრის ხელმძღვანელ თინათინ ხარძიანს, სკოლებისა და ბაღების მენეჯერებს კონსტრუქციული პარტნიორობისთვის.
კონფერენციის დასასრულს დელეგატებმა და აქტივმა გამოთქვეს სრული მზაობა, რომ პროფკავშირულმა მუშაობამ სამტრედიაში კიდევ უფრო მეტი ძალა და ენერგია შეიძინოს თითოეული პედაგოგისა და აღმზრდელის ინტერესებისა და უფლებების დასაცავად.
კონფერენციაზე სრული ნდობა გამოუცხადეს დელეგატებმა ზოაი ჯანაშიას შემოდგომი ოთხწლიანი მანდატის ფარგლებში, აირჩიეს სპმთპ-ის ყრილობის დელეგატები და დაამტკიცეს სპმთპ-ის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის საბჭო და საკონტროლო სარევიზიო კომისიის შემადგენლობა.