სპმთპ-ის ქობულეთის რაიონულმა ორგანიზაციამ საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გამართა და თავმჯდომარე ერთხმად აირჩია.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და სპმთპ-ის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორმა გიორგი დიდიძემ.
კონფერენციის დღის წესრიგის შესაბამისად, ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გელა ლაზიშვილმა საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის ვრცელი ანგარიში წარადგინა. აღინიშნა, რომ ორგანიზაციის მუშაობა მიმართული იყო საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებების დაცვაზე, ასევე მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე.
სამართლებრივი წარმატება და ნდობის ზრდა
ქობულეთის ორგანიზაციისთვის ერთ-ერთ განსაკუთრებულად სასიხარულო ფაქტს წარმოადგენს ის, რომ საანგარიშო პერიოდის ბოლოს, სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, წარმატებით დასრულდა სასამართლო დავა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან (NAEC) პედაგოგ ლადო შაინიძის სასარგებლოდ.
დღეის მდგომარეობით, ქობულეთის რაიონული ორგანიზაცია 67 პირველად ორგანიზაციასა და 1500-ზე მეტ წევრს აერთიანებს. საანგარიშო პერიოდში კიდევ სამი ახალი პირველადი ორგანიზაციის შექმნა იმის დასტურია, რომ პროფკავშირის მიმართ ნდობა სტაბილურად იზრდება, თავად ორგანიზაცია კი მზარდი და დინამიკურია.
კონსტრუქციული დიალოგი პროფკავშირის პრეზიდენტთან
გელა ლაზიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა სპმთპ-ის პრეზიდენტის, მაია კობახიძის როლი მასწავლებელთა სასარგებლოდ განხორციელებულ 20-ზე მეტ საკანონმდებლო ცვლილებაში. მან განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა პრეზიდენტის მიმართ კონფერენციაზე მობრძანებისთვის, რის წყალობითაც დელეგატებს მიეცათ შესაძლებლობა, პირველი პირისგან მოესმინათ საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე პროცესების თაობაზე და პირადად ესაუბრათ პროფკავშირის ლიდერთან საკუთარ საჭიროებებსა თუ ინიციატივებზე.
მაია კობახიძემ მოისმინა პედაგოგთა მიმდინარე საჭიროებები, პროფესიული ინიციატივები და მათთან ერთად იმსჯელა დარგში არსებულ გამოწვევებზე. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პროფკავშირის წევრებს აქტიურობისთვის და აღნიშნა, რომ წევრთა ასეთი მრავალმხრივი ჩართულობა ორგანიზაციას აძლევს მეტ შესაძლებლობასა და მყარ საფუძველს, რათა უმაღლეს დონეზე, ეფექტურად დაიცვას თითოეული მასწავლებლის ინტერესები.
პროფესიული, კულტურული და სოციალური მხარდაჭერა
ქობულეთის სტრუქტურული ერთეულის დაფინანსებით ინტენსიურად მიმდინარეობდა მასწავლებელთა მომზადება, მათ შორის სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის. პროცესში ჩართული იყო ასობით პედაგოგი, ხოლო ამჟამად სხვადასხვა საგანში გადამზადებას გადის 150-ზე მეტი მასწავლებელი. ამ საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვით სპმთპ-ის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორს მარიამ მკალავიშვილსა და სპმთპ-ის „საკონსულტაციო საბჭოს“ თავმჯდომარეს როლანდ ხოჯანაშვილს. რესურსცენტრთან თანამშრომლობით ასევე ჩატარდა რაიონული კონფერენცია, რომლის გამარჯვებულებიც ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ პროფკავშირი ყოველთვის მზად არის სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურული ღონისძიების ორგანიზებისთვის.
გამოწვევები, სტრატეგია და ერთხმად გამოცხადებული ნდობა
ორგანიზაცია აქტიურ კომუნიკაციაშია მუნიციპალიტეტის ხელისუფლებასთან საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდის თაობაზე, რადგან არსებული სახელფასო განაკვეთები მიმდინარე ინფლაციურ ფონზე კვლავ დაბალია. მიუხედავად ამისა, ქობულეთის რაიონული ორგანიზაცია აქტიურად აგრძელებს მუშაობას დასაქმებულთა შრომითი პირობების, სკოლების შინაგანაწესის, პედაგოგთა ჯანმრთელობისა და დასვენების პირობების გასაუმჯობესებლად, რაც მიზნად ისახავს განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმების წარმატებულ განხორციელებას.
კონფერენცია დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების სრული დაცვით წარიმართა. დელეგატებმა მხარი დაუჭირეს სპმთპ-ის ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის შემდგომ ოთხწლიან სტრატეგიას და ერთხმად გამოუცხადეს ნდობა და მხარდაჭერა მოქმედ თავმჯდომარეს, გელა ლაზიშვილს.
ვულოცავთ გელა ლაზიშვილსა და ქობულეთის დელეგატებს ასეთ მაღალ ერთიანობას, ნდობასა და წარმატებულ საარჩევნო კონფერენციას!