ვულოცავთ ნინო ლომიძეს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ახალი, ოთხწლიანი მანდატით არჩევას და მადლობას ვუხდით ორგანიზაციის თითოეულ წევრს ასეთი ერთიანობისა და ნდობისთვის.
საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია 15 ივნისს გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო 65-მა დელეგატმა და მოწვეულმა სტუმრებმა: საჯარო სკოლების დირექტორებმა და პირველადი ორგანიზაციების ყოფილმა ლიდერებმა.
კონფერენციაზე ნინო ლომიძემ დამსწრე აუდიტორიას ბოლო ოთხი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მოხსენებაში ხაზი გაესვა პროფკავშირულ ღირებულებებს, საერთაშორისო და ევროპულ ნორმებს. აღინიშნა, რომ სპმთპ მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს მიდგომა — „ძალა ერთობაშია“, რაც ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის წევრთა მზარდი რაოდენობითა და მასწავლებელთა საზოგადოებაში მოპოვებული ნდობით დასტურდება.
„დღეს ჩვენ ერთად ვართ — მე, თქვენ და სრულიად საქართველოს მასწავლებლობა. ერთად ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკეთ ვიცხოვროთ, ვიმუშაოთ, ვასწავლოთ და აღვზარდოთ მომავალი, განათლებული თაობა…“ — აღნიშნა ნინო ლომიძემ.
დელეგატებმა შეაფასეს წარდგენილი ანგარიში და მისი როგორც ადგილობრივი ლიდერის მრავალწლიანი საქმიანობა.ასევე, დისკუსიის ფორმატში ისაუბრეს არსებულ საჭიროებებზე და თავიანთი პოზიცია გამოხატეს:
• „ჩვენ დღეს არჩევანი გავაკეთეთ არა უბრალოდ ხელმძღვანელზე, არამედ იმ ფასეულობებზე, რომლებმაც წლების განმავლობაში გაგვაერთიანა და შეგვანარჩუნებინა პროფესიული ღირსება. პროფკავშირი, პირველ რიგში, არის ზურგი, უსაფრთხოების განცდა და იმის ცოდნა, რომ ამ რთულ, გამოწვევებით სავსე გზაზე მარტო არ ხარ.“
• „მასწავლებლობა უდიდესი მისიაა, მაგრამ ამ მისიაში მასწავლებელსაც სჭირდება მზრუნველობა, დაცვა და გვერდში დგომა. სწორედ ეს არის ამ ორგანიზაციის მთავარი ძალა — ის ყოველთვის იქ დგას, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება, თითოეული პედაგოგის სადარაჯოზე.“
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა აფენის №2 საჯარო სკოლის პედაგოგი და აქტიური მასწავლებელი — გიორგი ბიბილაშვილი, რომელიც ასევე წარმოადგენს ლაგოდეხს სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოში. მან ნდობა გამოუცხადა ხელმძღვანელობას და აღნიშნა:
„ჩვენ თქვენთან ვართ და გიცხადებთ ნდობას, რადგან გვჯერა თქვენი და იმ საერთო საქმის, რასაც ერთად ვაკეთებთ! გვჯერა ერთობის ძალის, რომელსაც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ჰქვია და ბევრი დადასტურებული სიკეთის!“
უკვე მრავალი წელია, სპმთპ-ის ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაცია ნინო ლომიძის ხელმძღვანელობით, ადგილობრივ დონეზე, კონსტრუქციული დიალოგის გზით აქტიურად უწყობს ხელს დასაქმებულთა ინტერესებისა და პროფესიული უფლებების დაცვას. ნინო ლომიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ხათუნა შუშტაკაშვილს და ლაგოდეხის ყველა საჯარო სკოლის დირექტორს, რომლებიც კანონიერად და შეგნებულად უდგებიან პედაგოგთა უფლებებისა და დისციპლინის საკითხებს.
ანგარიშში ხაზგასმით აღინიშნა სპმთპ-ის „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მრავალწლიანი საქმიანობა. ცენტრი პედაგოგებს ეხმარება როგორც საგნობრივ მომზადებაში, ისე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დასაქმებულთა სხვა საჭიროებების დაკმაყოფილებაში.
ნინო ლომიძემ მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს, მაია კობახიძეს „პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ შექმნისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, სადაც თავად მასწავლებლები ხდებიან პროფესიული საკითხების ადვოკატები და ინიციატორები. ანგარიშის წარდგენისას მან მადლიერება გამოხატა ,,საკონსულტაციო საბჭოს’’ თავმჯდომარის, როლანდ ხოჯანაშვილის მიმართ, ლაგოდეხის რაიონის მასწავლებლების მხარდაჭერისა და სკოლების ავტორიზაციის პროცესებში დახმარებისთვის.
აღსანიშნავია, ადგილობრივ დონეზე ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს პედაგოგთა კულტურულ და სოციალურ ღონისძიებებზე და სათანადოდ აღნიშნავს ღვაწლმოსილ პედაგოგთა დამსახურებებს.
საკონტროლო-სარევიზიო კომისიის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ნინო ლომიძემ განსაკუთრებით გამოყო ხათუნა შიხიაშვილის სწორი ფინანსური მენეჯმენტი. მან აღნიშნა, რომ გასული ორი წლის ფინანსური შემოწმების შედეგად, ლაგოდეხის ორგანიზაცია 10 საუკეთესო ორგანიზაციას შორის დასახელდა, რის გამოც ადგილობრივმა სტრუქტურამ ოფიციალური მადლობის წერილი მიიღო.
კონფერენციის დასასრულს, გაწეული საქმიანობის აღიარებისა და დაფასების ნიშნად, მადლობის სიგელები გადაეცათ სოციალურ პარტნიორებს, მასწავლებლებსა და პირველადი ორგანიზაციების ლიდერებს. სამომავლოდ კი განისაზღვრა კიდევ უფრო მეტი აქტივობა პროფკავშირული მიმართულებით.