2026 წლის 13 ივნისს ქალაქ ზუგდიდში გაიმართა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის წლიური საანგარიშო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების დელეგატები, აქტივი და მოწვეული სტუმრები.
კონფერენციის ფარგლებში შეჯამდა საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა, შეფასდა მიღწეული შედეგები და განისაზღვრა ორგანიზაციის სამომავლო განვითარების ძირითადი მიმართულებები. განხილვის საგანი იყო პროფესიული კავშირის როლი განათლების სფეროში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და პროფესიული უფლებების დაცვის საქმეში, ასევე პროფკავშირული მოძრაობის გაძლიერებისა და წევრთა ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის საკითხები.
დელეგატებს ანგარიშით მიმართა ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ , რომელმაც ისაუბრა საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ ღონისძიებებზე, წევრთა მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს დგას საგანმანათლებლო სფერო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების გაფართოებასა და პროფესიული მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერებას.
კონფერენციის მონაწილეებს თავმჯდომარემ გააცნო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის, ქალბატონ მაია კობახიძის მიმართვა. თავის გზავნილში პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორგანიზაციის განვითარებისათვის საქალაქო და რაიონული კონფერენციების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, დემოკრატიული პრინციპების დაცვის აუცილებლობასა და წევრთა აქტიური ჩართულობის როლს პროფესიული კავშირის გაძლიერების პროცესში. პრეზიდენტმა მიმოიხილა ის მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებიც ბოლო წლებში მიღწეული იქნა პედაგოგთა შრომითი, სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის მიმართულებით, მათ შორის დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხის მოწესრიგება, კარიერული წინსვლის პროცესში არსებული ბარიერების შემცირება და სასამართლო დავებში პროფესიული კავშირის წარმატებული საქმიანობა.
მიმართვაში ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული კავშირის დამოუკიდებლობის, თვითმმართველობისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ პროფესიული კავშირის სიძლიერე ეფუძნება წევრთა ერთიანობას, სოლიდარობასა და საერთო გადაწყვეტილებების დაცვის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას.
კონფერენციაზე გამართული დისკუსიებისას დელეგატებმა იმსჯელეს განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, პროფესიული განვითარების ხელშეწყობის დამატებით მექანიზმებზე, ახალგაზრდა პედაგოგების პროფესიულ მხარდაჭერასა და პროფკავშირის საქმიანობაში მათი აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე. მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და წინადადებები, რომლებიც საფუძვლად დაედება ორგანიზაციის შემდგომ საქმიანობას.
კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროფესიული კავშირი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტიტუციურ მექანიზმს პედაგოგთა და განათლების სფეროში დასაქმებულთა უფლებებისა და ინტერესების დაცვისათვის. დელეგატებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ორგანიზაციის სამომავლო პრიორიტეტებს და მზადყოფნა გამოთქვეს აქტიურად ჩაერთონ იმ პროცესებში, რომლებიც ემსახურება პროფესიული კავშირის გაძლიერებას, განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და პედაგოგთა პროფესიული ღირსების დაცვას.
ერთიანობა, პროფესიონალიზმი და სოლიდარობა კვლავ რჩება იმ ფუნდამენტურ ღირებულებებად, რომელთა საფუძველზეც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი განაგრძობს საქმიანობას თავისი წევრებისა და განათლების სისტემის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე.