ბოლნისი — საანგარიშო-საარჩევნო რაიონული კონფერენცია- ძლიერი პროფკავშირი მასწავლებელთა სადარაჯოზე
ბოლნისის რაიონულმა ორგანიზაციამ ოთხწლიანი მუშაობა შეაჯამა და სამომავლო გეგმები დასახა. საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციას, რომელსაც ადგილობრივი სკოლებისა და საბავშვო ბაღების დელეგატები ესწრებოდნენ, საპატიო სტუმრებთან ერთად უძღვებოდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე.
ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნუნუ მეტრეველმა შეკრებილ საზოგადოებას დეტალური ანგარიში წარუდგინა. მან ხაზი გაუსვა, რომ პროფკავშირის აქტიური მუშაობა ადგილობრივ, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე თითოეული პედაგოგის უფლებების დაცვის გარანტიაა. ნუნუ მეტრეველმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ორგანიზაციის პრეზიდენტის მიმართ:
„მაია კობახიძე არის ლიდერი, რომელმაც განვლო შთამბეჭდავი გზა რიგითი პედაგოგობიდან საერთაშორისოდ აღიარებულ პროფკავშირულ ლიდერობამდე. სწორედ მისი სწორი სტრატეგიული ხედვა გვაძლევს ძალას, რომ რაიონულ დონეზე ეფექტურად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას.“
მოხსენებისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უმნიშვნელოვანეს მიღწევაზე: არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა – საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც გზა გაუხსნა ამ პედაგოგების პროფესიულ წინსვლასა და სტატუსის ამაღლებას; სკოლამდელი განათლების სექტორი: საბავშვო ბაღების თანამშრომელთა პრობლემებზე მყისიერი რეაგირება და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
ნუნუ მეტრეველმა ცალკე გამოყო ის წევრი პედაგოგები, რომლებიც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და საგანმანათლებლო სფეროში მიღწეული თვალსაჩინო წარმატებებით გამოირჩევიან. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სწორედ ასეთი მაღალი კვალიფიკაციის მქონე, აქტიური წევრების პროფესიონალიზმია ორგანიზაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც მთლიანად პროფკავშირულ მოძრაობას ზურგს უმაგრებს და აძლიერებს.
თავის მხრივ, მაია კობახიძემ დელეგატებთან დეტალურად განიხილა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები. მან მაღალი შეფასება მისცა ბოლნისის ორგანიზაციის მუშაობას და ახალი ოთხწლიანი მანდატით ხელახლა არჩეულ ნუნუ მეტრეველს საზეიმოდ გადასცა სპეციალური ჯილდო პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი მრავალწლიანი ღვაწლისთვის.
კონფერენციის დასკვნითი ნაწილი დიალოგის რეჟიმში წარიმართა — დელეგატებმა დასვეს მწვავე კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები უშუალოდ ორგანიზაციის ხელმძღვანელებისგან.
კონფერენციამ წარმატებით დაასრულა მუშაობა და აირჩია ყრილობის დელეგატები.