ძლიერი პროფკავშირი ნიშნავს დაცულ მასწავლებელს, დაცული მასწავლებელი კი – ძლიერ მომავალ თაობას!

2026 წელს ალბანეთის დედაქალაქმა ტირანამ ევროპის განათლების პროფკავშირების კომიტეტის (ETUCE) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მრგვალ მაგიდას უმასპინძლა. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მრგვალი მაგიდა აერთიანებს ევროპის მასშტაბით განათლების სფეროს ლიდერებს, სადაც განიხილება საერთო სტრატეგიები მასწავლებელთა მხარდაჭერისა და გლობალური გამოწვევების დასაძლევად.
ორდღიან სამუშაო პროცესში, 21 ქვეყნის დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ), პრეზიდენტ მაია კობახიძისა და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, მარი ალუღიშვილის შემადგენლობით.
ღონისძიება ევროპის განათლების პროფკავშირების ხელმძღვანელებმა და ალბანეთის განათლების დარგის სოციალურმა პარტნიორებმა გახსნეს. გამომსვლელებმა მკაფიოდ აღნიშნეს, რომ განათლების ხარისხის ზრდა და პედაგოგთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი საყრდენია განათლების ხელმისაწვდომობისა და ქვეყნის განვითარებისთვის.
პლენარულ სესიაზე ევროპის განათლების პროფკავშირების ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ თვისებრივ ცვლილებებსა და წარმატებებს, რომლებსაც სპმთპ-მა ბოლო წლებში სამაგალითოდ მიაღწია. სამუშაო ჯგუფების შედეგების პრეზენტაციისას, ორგანიზაციის პრეზიდენტ მაია კობახიძეს მადლობა გადაუხადეს ახალგაზრდა პედაგოგების მხარდაჭერისთვის საჭირო ღონისძიებების ინიცირებისთვის.
„დისკუსიების მიმდინარეობისას ქართულმა დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება პროფკავშირულ საქმიანობაში ახალგაზრდა მასწავლებლების ჩართულობაზე გაამახვილა. სპმთპ-ის მყარი პოზიციაა ახალგაზრდა კადრების მომზადება, მათი პროფესიული ინტერესების ადვოკატირება და უფლებების დაცვა. ეს ის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია, რომლებიც სასიცოცხლოდ სჭირდება განათლების სისტემის მდგრად და ევროპულ განვითარებას“, — აღნიშნა ელმერ ევერსმა, ETUCE-ის ევროპულმა დირექტორმა.
ETUCE-ის პრეზიდენტმა, ჯონ მაკგაბენმა და ევროპულმა დირექტორმა, ელმერ ევერსმა ხაზი გაუსვეს, რომ კადრების მოზიდვა-შენარჩუნების პრობლემა გლობალურია და მხოლოდ ხელფასების ზრდა საკმარისი არ არის. მასწავლებელთა პროფესია დამატებითი კრიტიკული გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა:
• პედაგოგთა გადატვირთვა;
• ონლაინ ბულინგი და სოციალური მედიის ნეგატიური გავლენისგან მათი დაცვა;
• პროფესიული ავტონომია — მასწავლებლებისადმი მეტი ნდობისა და თავისუფლების მინიჭება.
მრგვალ მაგიდაზე ერთ-ერთი პლენარული სესია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) როლსა და მნიშვნელობას მიეძღვნა. ILO სპეციალიზებული სააგენტოა, რომლის კონვენციები და რეკომენდაციებიც არეგულირებს შრომით ურთიერთობებს, აყალიბებს შრომით სტანდარტებს და ზედამხედველობს წევრი სახელმწიფოების მიერ ამ კონვენციების შესრულებას, რაშიც პროფკავშირების როლი უმნიშვნელოვანესია.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობასა და როლზე ისაუბრეს ILO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დასაქმებულთა განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა, გოჩა ალექსანდრიამ და მასწავლებელთა მსოფლიო პროფკავშირების — „განათლების ინტერნაციონალის“ უფროსმა სპეციალისტმა, დომენიკ მარლემ, რომელიც განათლების პროფკავშირებს ILO-ში წარმოადგენს. დომენიკ მარლემ მიმოიხილა „განათლების ინტერნაციონალის“ პრაქტიკა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში და მადლობა გადაუხადა ევროპის რეგიონის წევრ ორგანიზაციებს საერთაშორისო პლატფორმაზე მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ეს თანამშრომლობა ეხება სოციალურ სამართლიანობას, შრომითი და პროფკავშირული უფლებების დაცვას, რაც განათლების სისტემაში დასაქმებულთა სასარგებლოდ მყარ გარანტიებს ქმნის.
ETUCE-ის პრეზიდენტმა, ჯონ მაკგაბენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასწავლებლის პროფესია ნებისმიერი ქვეყნის მომავლის მთავარი საყრდენია:
„პედაგოგთა უფლებების, ღირსეული შრომითი პირობებისა და პროფესიული ავტონომიის დაცვა მომავლის გარანტიაა. სწორედ ამიტომ, პროფკავშირების როლი ფუნდამენტურია: ის აძლიერებს მასწავლებლის ხმას საგანმანათლებლო პოლიტიკის ფორმირებისას და უზრუნველყოფს, რომ თითოეული პედაგოგის შრომა იყოს დაფასებული და დაცული“.
მან ასევე დაამატა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამგვარ საკითხებზე მუშაობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპული სტანდარტების განათლების სისტემისა და ძლიერი მასწავლებელთა კორპუსის შესაქმნელად.
ღონისძიებაზე ევროპის განათლების პროფკავშირების ლიდერებმა ETUCE-სა და ევროპის საბჭოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ახალი ეტაპი აღნიშნეს. მიმდინარე წლის ბოლოს მასწავლებელთა პროფკავშირებსა და განათლების სამინისტროებს შორის საფუძველი ჩაეყრება ერთობლივ მაღალი დონის მინისტერიალს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სოციალური დიალოგის მნიშვნელობას, მასწავლებელთა პროფკავშირების აღიარებასა და პედაგოგთა დაფასებას, მათთვის საჭირო და აქტუალურ საკითხებზე მაღალი დონის პლატფორმაზე მსჯელობით.
ტირანაში გამართული ETUCE-ის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს ტირანის ოფისის წარმომადგენელმა, სელა კუსმა. მან ისაუბრა მასწავლებლის პროფესიის მომავალსა და პოდგორიცაში დაგეგმილი მინისტერიალის მნიშვნელობაზე. განათლების პროფკავშირების სამუშაო ჯგუფების პრეზენტაციების გაცნობისას სელა კუსმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს დელეგაციის აქცენტი — ახალგაზრდა პედაგოგებში ლიდერი მასწავლებლების გამოვლენა და მათი გადამზადება, რაც, მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანი და სამაგალითო ინიციატივაა
ETUCE-ის ევროპის დირექტორმა, ელმერ ევერსმა მონაწილეებთან ერთად დისკუსიები გამართა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პროფკავშირებისთვის აქტუალურ თემებზე, რაც ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პედაგოგიური პროფესიის მომავლისთვის გარდაუვალია. ელმერ ევერსმა ყურადღება გაამახვილა PISA-ს ახალ ანგარიშსა და მოსალოდნელ შედეგებზე, სადაც უკვე იკვეთება არასახარბიელო პროგნოზები. მან ასევე აღნიშნა ILO-ს რეკომენდაციები, რომელთა ფარგლებშიც „განათლების ინტერნაციონალი“ (EI) აქტიურად იმუშავებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO) მასწავლებლის პროფესიის შესახებ რეკომენდაციების განახლებაზე.
ევროპული დღის წესრიგი: ევროკავშირის მასწავლებელთა დღის წესრიგი (EU Teacher Agenda) უნდა გახდეს მთავარი პოლიტიკის დოკუმენტი წევრი ქვეყნების მინისტრებთან მუშაობისას, მათ შორის, დეკემბერში, პოდგორიცაში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტერიალზე.
მრგვალი მაგიდის ფორმატი ითვალისწინებდა პლენარულ სესიებსა და სამუშაო ჯგუფებს, სადაც კონკრეტულად განისაზღვრა შემდგომი ნაბიჯები და პროექტები.
პროექტულ საქმიანობაზე მუშაობისას აღინიშნა სპმთპ-ის ინიციატივა ხელოვნური ინტელექტის წიგნიერებასთან (AI Literacy) მიმართებაში. ორგანიზაცია მასწავლებლებს ციფრული და AI წიგნიერების ამაღლებაში ეხმარება, რაც მათ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტში ეფექტური ჩართულობის შესაძლებლობას მისცემს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
მრგვალი მაგიდის ფორმატში განათლების პროფკავშირების წარმომადგენლებმა სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე იმსჯელეს. ევროპის განათლების პროფკავშირების პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მონაწილეებს, რადგან თითოეული ორგანიზაციის ხედვა და საჭიროებების გამოკვეთა უაღრესად ღირებულია საერთო მიზნების მისაღწევად.
ორდღიანი შესანიშნავი მასპინძლობისა და მრგვალი მაგიდის ორგანიზებისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ალბანეთის განათლების პროფკავშირებსა და ევროპის განათლების პროფკავშირების ხელმძღვანელ პირებს