2026 წლის 24 მარტს განათლების პროფკავშირების წარმომადგენლები მთელი ევროპიდან თბილისში შეიკრიბნენ, რათა დღის განმავლობაში გაეცვალათ მოსაზრებები თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი (AI) განათლებას და როგორ შეუძლიათ პროფკავშირებს გავლენა მოახდინონ მიმდინარე პროცესებზე, მასწავლებელთა უფლებებისა და მათი პროფესიული ავტონომიის დაცვის მიზნით. ,,ევროპის განათლების პროფკავშირებისა“ (ETUCE) და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) მიერ ერთობლივად ორგანიზებული ვორქშოპი ფოკუსირებული იყო ცოდნის გაღრმავებაზე, მიმდინარე პროცესებში არსებული ხარვეზების ანალიზსა და განათლებაში ხელოვნური ინტელექტის შესახებ ადვოკატირებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების მომავალზე, რისთვისაც ETUCE ქმნის სახელმძღვანელო საფუძვლებს.
დღე ETUCE-ის, სპმთპ-ის ხელმძღვანელი პირებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას მისალმებით გაიხსნა. შემდგომ ვორქშოპის
მოდერატორებმა არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს, წარმოადგინეს ვორქშოპის ამოცნები და ისაუბრეს ხელოვნური ინტელექტის საკითხებში პროფკავშირების კოორდინირებული ჩართულობის მზარდი აქტუალობის შესახებ. მონაწილეებმა კი ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ AI ინსტრუმენტები სულ უფრო სწრაფად ჩნდება სკოლებში, ბევრ ქვეყანაში რეგულაციები, დამცავი მექანიზმები და სოციალური დიალოგი კვლავ არასაკმარისია.
ვორქშოპის ერთ-ერთი მთავარი სესია დაეთმო ეროვნული გამოცდილების გაზიარებას და რეგულაციების შესახებ ETUCE-ის კვლევის პირველადი შედეგების გაცნობას. ვორქშოპმა ევროპის რეგიონის მრავალფეროვან სურათი წარმოაჩინა:
• პოლონეთი- ეროვნულ დონეზე სკოლებისთვის არ არის რეგულაციები, არ მიმდინარეობს პროფკავშირებთან კონსულტაციები, მხოლოდ ტრენინგ-პროექტებით შემოიფარგლება,
• ნიდერლანდები – ავითარებს ეროვნულ დონეზე გარკვეულ რესურსებს, მათ შორის GPT-NL-ს (საჯაროდ შემუშავებული ჰოლანდიური ენის მოდელს) და „საგზაო რუკას“ სოციალური პარტნიორების მონაწილეობით. თუმცა, რეგულაციები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და პროფკავშირები ხაზს უსვამენ ერთიანი სახელმძღვანელო პრინციპების საჭიროებას.
• იტალია – დგას ფრაგმენტული და არაკოორდინირებული რეალობის წინაშე, სკოლები AI-ს გამოყენებას ავტონომიურად არეგულირებენ, განათლების სამინისტრო მხოლოდ მცირე დოზით არის ეროვნულ დონეზე ჩართული.
• ფინეთი- უკვე აქვს ეროვნული რეკომენდაციები, რომლებიც ხშირად OAJ-სთან (ფინეთის განათლების სფეროს მუშაკთა პროფკავშირი) მოლაპარაკებების შედეგია, ხოლო დიდ ქალაქებში მოქმედებს ადგილობრივი მითითებები. მიმდინარეობს მუშაობა სასწავლო გეგმის რეფორმასა და AI წიგნიერებაზე.
• კვიპროსო – აქვს ეროვნული სტრატეგია, თუმცა პროფკავშირები ხაზს უსვამენ უფრო მკაფიო ჩარჩოების, მასწავლებელთა მეტი ტრენინგისა და ეთიკურ ასპექტებზე, კონფიდენციალურობასა და პროფესიულ ავტონომიაზე მეტი ყურადღების გამახვილების საჭიროებაზე.
• თურქეთი, სერბეთი, მონტენეგრო და ალბანეთი იტყობინებიან პოლიტიკური გარემოს ძალიან ადრეულ ეტაპზე ყოფნის შესახებ, სადაც შეზღუდულია დემოკრატიული დებატები, არსებობს შეშფოთება მასწავლებელთა არათანაბარი მომზადებისა და კომერციული პლატფორმების მზარდ გავლენებზე.
• პორტუგალიამ და ესპანეთმა წარადგინეს მიმდინარე ინიციატივები, დაწყებული ეროვნული სტრატეგიებიდან, დამთავრებული პროფკავშირების მიერ შემუშავებული რესურსებით ციფრული უფლებების, ალგორითმული მართვისა და წევრების გადამზადების შესახებ.
ჯგუფური დისკუსიების დროს მონაწილეებმა განიხილეს ევროპული ხელოვნური ინტელექტის აქტის (EU AI Act) ირგვლივ არსებული დინამიკა და განვითარებადი ეროვნული დებატები. მათ იმსჯელეს რისკების მკაფიო კლასიფიკაციის საჭიროებაზე, ბიომეტრიულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ დამცავ მექანიზმებზე და საკანონმდებლო პროცესების ადრეულ ეტაპებზე პროფკავშირების ჩართულობაზე. ბევრმა მათგანმა აღნიშნა მთავრობების ამბიციურ სტრატეგიებსა და მათ სკოლებში რეალურ იმპლემენტაციას შორის დიდი გარღვევაა.
დღის მეორე ნახევარი დაეთმო განათლებაში ხელოვნური ინტელექტის შესახებ ადვოკატირებისა და კოლექტიური მოლაპარაკებებისთვის „ETUCE-ის სახელმძღვანელოს“ პირველი ელემენტების ჩამოყალიბებას. მონაწილეებმა მოითხოვეს პრაქტიკული და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც ასახავს მასწავლებელთა რეალობას და მკაფიო განმარტებებს, კოლექტიური მოლაპარაკებების მაგალითებს, სავალდებულო ჩამონათვალს (checklists), შაბლონებს, მითითებებს მონაცემთა დაცვაზე, ქეისებსა (case studies) და ტრენინგის მინიმალურ სტანდარტებს
ვორქშოპი დასრულდა დასკვნითი მსჯელობით ევროპული პროფკავშირების საერთო პასუხისმგებლობაზე განათლებაში ხელოვნური ინტელექტის (AI) მომავლის ფორმირების საქმეში. მონაწილეები შეთანხმდნენ ცოდნის გაზიარების გაძლიერებაზე, შესაძლებლობების გაფართოებაზე, პოზიციების კოორდინაციაზე, საჯარო ინვესტიციების უზრუნველყოფასა და მყარი რეგულაციების ადვოკატირებაზე. დისკუსიებმა ნათლად აჩვენა, რომ პროფკავშირები მთელ ევროპაში საერთო გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დგანან და თბილისში გამართული ვორქშოპი იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანი მიდგომის შექმნისკენ.
https://etuce.org/en/item/7263:etuce-workshop-in-tbilisi-building-a-union-strategy-for-artificial-intelligence-in-education?fbclid=IwY2xjawRjD8tleHRuA2FlbQIxMABicmlkETFTNnNhTVpySUdQSzFZT1Buc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHlquMA_gIartZrCsSCoFsd9kmGJbfgCBbwBymdS8J1QD8OzbYz9MR4U2sZ5N_aem_MQl49hZNzYXcGpGMfmAmgw

