მიმდინარე წლის 13-15 თებერვალს, სპმთპ-ის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის თემურ მჭედლიძისა და სპმთპ-ის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის გულნარა ბზიკაძის ორგანიზებით საწირის ტრენინგ-ცენტრში გაიმართა შეხვედრა ქ. ბათუმის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების წარმომადგენლებთან.

შეხვედრას მიუძღვებოდნენ: სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე და სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ თავმჯდომარე როლანდ ხოჯანაშვილი. 2-დღიან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა დავითაძემ, საჯარო სკოლების დირექტორებმა და სპმთპ-ის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორმა გიორგი დიდიძემ.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა აჭარის საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულთა მიმართ, პროფკავშირზე ზეწოლისა და პროფკავშირის დევნის პერიოდში, მათი მტკიცე პოზიციისა და მაღალი სამოქალაქო ცნობიერებისათვის. მაია კობახიძემ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ,,შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ N87/N98 კონვენციებით აღიარებული კოლექტიური მოლაპარაკებების/სოციალური პარტნიორობის მნიშვნელობასა და განათლების სამინისტროსთან მიმდინარე კონსტრუქციული სოციალური დიალოგის შედეგებზე ისაუბრა. შეკითხვები დაისვა საჯარო სკოლების ადმინისტრაცია-ტექნიკური პერსონალის და მასწავლებელთა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე.
,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ თავმჯდომარემ, ექსპერტმა როლანდ ხოჯანაშვილმა განიხილა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია, მონიტორინგი და თვითშეფასება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, სასწავლო პროცესის შეფასება, ინკლუზიური განათლება, კლასის მიღწევის დიაგნოსტირება, სასკოლო სასწავლო გეგმა, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. მსმენელებმა დასვეს შეკითხვები, იმსჯელეს სქემით განსაზღვრულ ახალ ვალებულებებზე და მათთვის აქტუალურ პროფესიულ საკითხებზე.
სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნათია კორძაძემ მასწავლებელთა შვებულებების პერიოდში დეკრეტული შვებულების ანაზღაურების სპეციფიკაზე და სხვა სოციალურ საკითხებზე ისაუბრა, რაც კანონმდებლობით დარეგულირებულია, მაგრამ პრაქტიკაში ხშირად მიმართავენ პროფკავშირს სამართლებრივი დახმარებისათვის.
აღფრთოვანებას იწვევს და სამაგალითოა, ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების დირექტორების მაღალი მოტივაცია, პროფესიონალიზმი და დემოკრატიული მართვის პრინციპები.
საწირის ბაზის მშვიდ გარემოში, შეხვედრის შემდეგაც მიმდინარეობდა მსჯელობა, რაც ხელს უწყობს ნდობაზე, კოლეგიალობას, გუნდურობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაღრმავებას, მოსწავლეზე ორიენტირებული ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად.