„ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ“ – ამ ლოზუნგით გახსნა სპმთპ-ის ქარელის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ღონისძიება, რომელსაც სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარინა ალუღიშვილი,  ქარელის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ვალერი ბაქრაძე და სხვადასხვა საჯარო სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ.
  სპმთპის პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მიმდინარე სოციალური დიალოგის ფორმატში, სპმთპის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ. ქალბატონმა მაია კობახიძემ ისაუბრა სპმთპის წევრებისთვის პროფესიული განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და ორგანიზაციის წევრთა სამართლებრივი ინტერესების დაცვის მოგვარების გზებზე.
  პედაგოგებს საშუალება მიეცათ ღიად ემსჯელათ საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე.
მასწავლებლებს თბილი სიტყვებით მიმართა რაიონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა. ბატონმა ვალერი ბაქრაძემ სრული მზადყოფნა და მხარდაჭერა გამოხატა პედაგოგების მიმართ.
  თავის მხრივ, სპმთპის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მიმართ და ბატონ ვალერი ბაქრაძეს სპმთპის სახელით ,,დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და თანამშრომლობისთვისმადლობის სიგელი გადასცა.
  შეხვედრის მეორე ნაწილში, სპმთპის ქარელის რაიონის წევრი, შემოქმედი მასწავლებლების აღსაზრდელებმა მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს.
ღონისძიების ბოლოს სპმთპ-ის ქარელის რაიონის თავმჯდომარემ, ქალბატონმა თამილა შავდათუაშვილმა აქტიური პროფწევრები და სოციალური პარტნიორები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
  სპმთპ სრულ მხარდჭერასა და თანადგომას უცხადებს ქალბატონ თამილა შავდათუაშვილს  ქარელის რაიონული ორგანიზაციის გაძლიერებისა და წევრთა მიზიდვის საქმიანობაში.
შეხვედრა მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ქარელის რაიონის კულტურის ცენტრში გაიმართა.