ცვლილებები და დამატებები დამტკიცებულია

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა

თავისუფალი პროფკავშირის 2025 წლის 24 მაისის

რიგით XII საანგარიშო ყრილობის #12/5 დადგენილებით

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყრილობის რეგლამენტი

ზოგადი დებულებანი

1.1.      წინამდებარე რეგლამენტი წარმოადგენს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (შემდგომში – სპმთპ) ყრილობის მუშაობის წესების განმსაზღვრელ აქტს.

1.2 ყრილობის რეგლამენტი ავსებს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წესდების მე-7 მუხლს.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყრილობის სტატუსი

2.1       საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყრილობა (შემდგომში – ყრილობა) არის სპმთპ-ის მართვის უმაღლესი ორგანო;

2.2       საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყრილობა არის სპმთპ-ის წესდების საფუძველზე სპმთპ-ის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არჩეულ დელეგატთა შეკრება.

2.3       ყრილობა განიხილავს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წესდებით გათვალისწინებულ საკითხებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

2.4       ყრილობა იღებს სპმთპ-ის საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობას და სპმთპ-ის წესდებას.

2.5       ყრილობა საქმიანობას ახორციელებს სამუშაო და მუდმივმოქმედი ორგანოების (კომისიების) მეშვეობით.

ყრილობის დელეგატები

3.1 ყრილობის დელეგატებს, დემოკრატიული არჩევნების გზით, პირდაპირი არჩევნების წესით, 4 წლის ვადით ირჩევენ სპმთპ-ის სტრუქტურული ქვედანაყოფების კონფერენციები სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დადგენილი ქვოტის შესაბამისად.

3.2 სპმთპ-ის ყრილობის დელეგატის არჩევის ფორმას (ღია, ფარული) განსაზღვრავს სპმთპ-ის სტრუქტურული ქვედანაყოფის კონფერენცია.

3.3.      სპმთპ-ის პრეზიდენტი, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში თანამდებობრივად არიან ყრილობის დელეგატები.

3.4.      ყრილობის დელეგატთა უფლებამოსილება მოწმდება ყრილობის სამანდატო კომისიის მიერ და მტკიცდება ყრილობის მიერ.

3.5.      ყრილობის დელეგატის უფლებამოსილება იწყება სამანდატო კომისიის მიერ დელეგატის უფლებამოსილების დადასტურებიდან და ყრილობის შეკრებისთანავე.

3.6.      სპმთპ-ის ყრილობის დელეგატს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ:

ა)         უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადებით;

ბ)         მის მიმართ კანონერ ძალაში შევიდა გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

დ)        გავიდა ან/და გაირიცხა სპმთპ-ის წევრობიდან;

ე)         გარდაიცვალა.

3.7 ყრილობის დელეგატის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას სამანდატო კომისია იღებს კენჭისყრით.

3.8 ყრილობის დელეგატის მონაცემების ანკეტის ფორმას ადგენს სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სამსახური, რომელიც ეგზავნება სპმთპ-ის სტრუქტურული ქვედანყოფის თავმჯდომარეებს;

3.9 ყრილობის დელეგატის მონაცემების ანკეტის შევსებას უზრუნველყოფს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის თავმჯდომარე.

 

ყრილობის დელეგატის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

4.1 სპმთპ-ის ყრილობის დელეგატი პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადებით მიმართავს სპმთპ-ის პრეზიდენტს. სპმთპ-ის პრეზიდენტი განცხადებას, მიღებიდან 10 დღის ვადაში გადასცემს ყრილობის სამანდატო კომისიას. სამანდატო კომისია ადგენს განცხადების ნამდვილობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

4.2 თუ ყრილობის დელეგატის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ყრილობის სამანდატო კომისია გამოითხოვს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გამამტყუნებელ განაჩენს და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განაჩენის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში.

4.3 თუ ყრილობის დელეგატი სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად, ყრილობის სამანდატო კომისია აღნიშნული ფაქტის შეტყობიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს ამ ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

4.4 თუ სპმთპ-ის ყრილობის დელეგატი გავიდა სპმთპ-ის წევრობიდან, ყრილობის სამანდატო კომისია გამოითხოვს აღნიშნულის დამადასტურებელ განცხადებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

4.5 სპმთპ-ის ყრილობის დელეგატის გარიცხვის შემთხვევაში, სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭო შესაბამის დადგენილებას აწვდის ყრილობის სამანდატო კომისიას, რის შემდეგაც სამანდატო კომისია იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

4.6 სპმთპ-ის ყრილობის დელეგატის გარდაცვალებისას მას უფლებამოსილება ვადამდე უწყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან. ყრილობის დელეგატის გარდაცვალების შემთხვევაში სამანდატო კომისია გამოითხოვს ცნობას გარდაცვალების შესახებ და ცნობის მიღების შემდეგ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

4.7 ყრილობის დელეგატის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მას ჩაენაცვლება არჩეული სათადარიგო დელეგატი.

ყრილობაზე მოწვეულები და სტუმრები

5.1       ყრილობის მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ყრილობის მოსამზადებელი კომისიის წევრებმა, მოწვეულებმა და სტუმრებმა. მათი მოწვევის მიზანშეწონილობა და პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება სპმთპ-ის აღმასრულებლი საბჭოს მიერ სპმთპ-ის პრეზიდენტის წარდგინებით.

ყრილობის სამუშაო ორგანოები

6.1       დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ ყრილობა ირჩევს სამუშაო ორგანოებს: სამდივნოს, სარედაქციო კომისიას და ხმის დამთვლელ კომისიას.

6.2       ყრილობის სამუშაო ორგანოები აირჩევა ღია კენჭისყრით.

ყრილობის სამდივნო

ა) ორგანიზაციას უწევს ყრილობის სხდომების აუდიო – ვიდეო ჩანაწერების   გაკეთებას;

ბ) უზრუნველყოფს წერილობითი ოქმის შედგენას.

გ) უზრუნველყოფს დოკუმენტებით და მასალებით ყრილობის სამუშაო ორგანოებს, დელეგატებს, პრეს-ცენტრს;

დ) ადგენს განსახილველ საკითხებზე დებატებში მონაწილეთა სიას და გადასცემს ყრილობის თავმჯდომარეს;

ე) იღებს შემოსულ წინადადებებს და მიმართვებს გადასცემს ყრილობის თავმჯდომარეს;

 

8. ყრილობის სარედაქციო კომისია

8.1 ყრილობის სარედაქციო კომისია, ყრილობის დელეგატთა მიერ წერილობით წარმოდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, ამზადებს და წარუდგენს ყრილობის თავმჯდომარეს ყრილობის დადგენილებების, რეზოლუციების, დეკლარაციების, მიმართვების, განცხადებების და სხვა დოკუმენტების პროექტებს.

8.2 განიხილავს წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე შემოსულ წინადადებებს და დასკვნას წარუდგენს ყრილობას.

ხმის დამთვლელი კომისია

9.1 ხმის დამთვლელი კომისია აწარმოებს ხმების დათვლას;

9.2 ხმის დამთვლელი კომისია აირჩევა ყრილობაზე, ყრილობის დელეგატთა შემადგენლობიდან.

9.3 ხმის დამთვლელი კომისიის რაოდენობრივ და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს ყრილობა.

9.4 ფარული კენჭისყრის შემთხვევაში, აფორმებს შესაბამის ოქმს.

 

ყრილობის მუდმივმოქმედი კომისიები

10.1     სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭო, ყრილობის მოწვევამდე არაუგვიანეს 10 დღისა, ყრილობის დელეგატთაგან, 4 წლის უფლებამოსილების ვადით ირჩევს ყრილობის მუდმივმოქმედ კომისიებს:

ა)         ყრილობის სამანდატო კომისიას 5 კაცის შემადგენლობით;

ბ)         ყრილობის საარჩევნო-საპროცედურო კომისიას 5 კაცის შემადგენლობით.

10.2     ყრილობა სამუშაო ორგანოების არჩევის შემდეგ ამტკიცებს სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ არჩეული სამანდატო და საარჩევნო-საპროცედურო კომისიების პერსონალურ შემადგენლობას.

10.3     ყრილობას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, სამანდატო და საარჩევნო-საპროცედურო კომისიის შემადგენლობაში დამატებით შეიყვანოს წევრები ყრილობის დელეგატთაგან.

10.4     ყრილობის სამანდატო და საარჩევნო-საპროცედურო კომისიების გადაწყვეტილებები მიიღება დახურულ სხდომებზე.

10.5     ყრილობის მუდმივმოქმედი კომისიები ირჩევენ თავმჯდომარეს და მომხსენებელს. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება ღია კენჭისყრით.

ყრილობის სამანდატო კომისია

ა)         ამოწმებს ყრილობის დელეგატთა უფლებამოსილებებს;

ბ)         ამზადებს ყრილობის დელეგატთა სიას და გადასცემს ყრილობის დელეგატის მანდატს სპმთპ-ის წევრის მოწმობისა და პირადობის მოწმობის საფუძველზე;

გ) წარუდგენს ყრილობის თავმჯდომარეს ინფორმაციას ყრილობაზე დამსწრე დელეგატთა საერთო რაოდენობისა და ყრილობის ქვორუმის შესახებ;

დ) აბარებს ანგარიშს ყრილობას დელეგატთა უფლებამოსილებებისა და ხმის უფლების შემოწმების შედეგების შესახებ მისი შემდეგი დამტკიცების მიზნით;

ე) განიხილავს დელეგატთა უფლებამოსილების თაობაზე სადავო საკითხებს და შედეგებს მოახსენებს ყრილობას;

ვ) იღებს გადაწყვეტილებას ყრილობის დელეგატის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

ყრილობის საარჩევნოსაპროცედურო კომისია

12.1     იხილავს წინადადებებს ყრილობის მუშაობის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე და თავის დასკვნებს წარუდგენს ყრილობას;

12.2 განიხილავს ყრილობის მუშაობის მიმდინარეობის წესებთან დაკავშირებულ წინადადებებს;

12.3     შეიმუშავებს წინადადებებს სპეციალური კომისიების რაოდენობრივ შემადგენლობასთან, ტექნიკურ დავალებებთან და დღის წესრიგთან დაკავშირებით;

12.4     წარუდგენს ყრილობას დასკვნებს, ყრილობის რეგლამენტის დარღვევასთან დაკავშირებით წამოჭრილ უთანხმოებასა და სხვა ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის თაობაზე;

12.5     განიხილავს წინადადებებს ყრილობის ოფიციალურ დოკუმენტებში დამატებითი მასალების შეტანის თაობაზე.

12.6     რეგისტრაციაში ატარებს სპმთპ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს სპმთპ-ის საარჩევნო დებულებით დადგენილი წესით, არაუგვიანეს ყრილობამდე 5 დღით ადრე.

 

ყრილობის სპეციალური კომისიები

13.1     საჭიროების შემთხვევებში, ყრილობას შეუძლია, საპროცედურო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ყრილობის დელეგატთაგან შექმნას სპეციალური კომისიები, გადასცეს მათ განსახილველად დღის წესრიგის ნებისმიერი საკითხი და დაავალოს შესაბამისი მოხსენებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების წარმოდგენა. სპეციალური კომისიის წევრთა რაოდენობრივი და პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება აღმასრულებელი საბჭოს მიერ.

 

ყრილობის სხდომის თავმჯდომარე

14.1     საანგარიშო ყრილობას თავმჯდომარეობს სპმთპ-ის პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია ცალკეული სხდომების წაყვანა დაავალოს ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდნეტს.

14.2     საარჩევნო ყრილობას, იმ შემთვევაში თუ მოქმედი პრეზიდენტი ხელახლა იყრის კენჭს სპმთპ-ის პრეზიდენტად, თავმჯდომარეობს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ან მათ მიერ შერჩეული ყრილობის წევრი.

14.3     სხდომის თავმჯდომარე ხსნის და ხურავს ყრილობის სხდომას. სხდომის გახსნისას აცხადებს ქვორუმს, უძღვება სხდომაზე საკითხების განხილვას, ადგენს განსახილველ საკითხებზე გამოსვლის მსურველთა თანმიმდევრობას, აძლევს სიტყვას დელეგატებს მოხსენებისათვის, გამოსვლისა და ინფორმაციისათვის, ხელმძღვანელობს დებატებს (კამათს), თვალყურს ადევნებს რეგლამენტის დაცვას, აყენებს საკითხს კენჭისყრაზე, აცხადებს კენჭისყრის შედეგებსა და გადაწყვეტილებებს, უზრუნველყოფს სხდომაზე სათანადო წესრიგს.

14.4     სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს ყრილობის დღის წესრიგის, რეგლამენტის, პროცედურის დარღვევისას გააფრთხილოს დელეგატი (მოწვეული), ჩამოართვას სიტყვა, შეწყვიტოს დებატები, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში დაატოვებინოს მას სხდომის დარბაზი, თუ იგი ხელს უშლის სხდომის ნორმალურ მსვლელობას.

14.5     ყრილობის სხდომებზე ყრილობის თავმჯდომარე ვალდებულია:

ა)         უზრუნველყოს სპმთპ-ის წესდებით და ამ რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების დაცვა;

ბ)         ხელი შეუწყოს აზრის თავისუფალ გამოხატვას და საკითხების ყოველმხრივ განხილვას;

გ)   შეაფასოს ყრილობის დელეგატის (მოწვეულის) გამოსვლა;

დ)   მონაწილეობა მიიღოს საკითხის განხილვაში და გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით.

14.6     სხდომის თავმჯდომარე თავისი ფუნქციების განხორციელებისას ემორჩილება ყრილობას.

14.7     ხელს აწერს ყრილობის ოქმს და ყრილობის დადგენილებებს, მიმართვებს, რეზოლუციებს თუ სხვა სახის დოკუმენტებს.

 

ყრილობის სხდომები

15.1     სპმთპ-ის წესდების შესაბამისად, საანგარიშო ყრილობა მოიწვევა ორ წელში ერთხელ, ხოლო საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა ოთხ წელიწადში ერთხელ.

15.2     `ყრილობის მოწვევის თარიღის, ჩატარების ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ ყველა დე¬ლეგატს უნდა ეცნობოს წერილობით, ან სპმთპ-ის ვებ-გვერდზე, ან სპმთპ-ის ან/და სხვა ბეჭდვით ორგანოში ინფორმაციის გამო¬ქვეყნებით, ყრილობამდე 1 თვით ადრე.”

15.3     ყრილობის დელეგატთა რეგისტრაცია იწყება ყრილობის გახსნამდე ორი საათით ადრე.

15.4     ყრილობა უფლებამოსილია დაიწყოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა, თუ მის მუშაობაში მონაწილეობს არჩეულ დელეგატთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა.

15.5     ყრილობა გადაწყვეტილებას იღებს ყრილობაზე დამსწრე დელეგატთა უბრალო უმრავლესობით, ხოლო წესდების 7.6 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შემთხვევაში _ დამსწრე წევრთა ხმების 2/3-ით¬, ხოლო სპმთპ-ის წესდების მე-2 მუხლით გათვალისიწნებული მიზნის შეცვლის შემთხვევაში ყრილობის დელეგატთა სიითი შემადგენლობის 4/5-ით.

15.6     ყრილობა უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით გააგრძელოს სხდომა ან გადადოს შემდეგი დღისთვის, თუ დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვა ვერ მოესწრო.

ყრილობის სხდომებზე გამოსვლის ფორმები

16.1     ყრილობის სხდომებზე გამოსვლის ფორმებია:

ა)         საანგარიშო მოხსენება;

ბ)საკონტროლო-სარევიზიო კომისიის მოხსენება;

გ) ყრილობის სამანდატო კომისიის მოხსენება;

დ) ყრილობის საარჩევნო-საპროცედურო კომისიის მოხსენება;

ე) მოხსენება ყრილობის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე;

ვ) დასკვნითი სიტყვა:

ზ) განსახილველ საკითხზე დებატებში მონაწილეობა;

თ) სიტყვით გამოსვლა ასარჩევ კანდიდატურასთან დაკავშირებით;

ი) წინადადებების შეტანა სხდომების წარმართვისა და კენჭისყრის ჩატარების წესის შესახებ;

კ) შეკითხვა, განმარტება, განცხადება, ინფორმაცია, მიმართვა.

 

ყრილობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის

ხანგრძლივობა

17.1     ყრილობაზე საანგარიშო მოხსენებისათვის უნდა გამოიყოს არა უმეტეს ერთი საათისა, საკონტროლო-სარევიზიო კომისიის ანგარიშისათვის – 20 წუთამდე, ხოლო მოხსენებისათვის დღის წესრიგის სხვა საკითხებთან დაკავშირებით – 15-დან 20 წუთამდე.

17.2     დებატების (კამათის) მონაწილის გამოსვლის ხანგრძლივობაა 10 წუთამდე, შეკითხვის, განმარტების, განცხადების, მიმართვისა და ინფორმაციისათვის – 3 წუთამდე.

17.3     ყრილობის სხდომის თავმჯდომარეს, გამომსვლელის თხოვნით, სხდომაზე დამსწრე დელეგატთა უმრავლესობის თანხმობით შეუძლია გაუგრძელოს მათ გამოსვლის დრო, არაუმეტეს 5 წუთისა.

 

ყრილობაზე საკითხის განხილვის ზოგადი წესი

18.1     ყრილობას ხსნის ყრილობის თავმჯდომარე სამანდატო კომისიის მიერ წარდგენილი ცნობის საფუძველზე. იგი:

ა) აწვდის ყრილობას ინფორმაციას დამსწრე დელეგატთა რაოდენობის თაობაზე;

ბ) აცნობს ყრილობას მოწვეულთა და სტუმართა შემადგენლობას

გ) კენჭისყრაზე აყენებს ყრილობის მუშაობის დაწყების საკითხს;

დ) წარუდგენს ყრილობას დასამტკიცებლად ყრილობის დღის წესრიგს;

ე) წარუდგენს ყრილობის მუშაობის რეგლამენტს, სამუშაო ორგანოების, მუდმივმოქმედი კომისიების რაოდენობრივ და პერსონალურ შემადგენლობას.

18.2     ყრილობაზე საკითხთა განხილვა იწყება საანგარიშო მოხსენებით.

18.3     საანგარიშო მოხსენების შემდეგ, ყრილობის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით, დელეგატებს შეუძლიათ მათთვის საინტერესო შეკითხვებით მიმართონ მომხსენებელს. მომხსენებლის მიერ პასუხის გაცემის შემდეგ, ყრილობის სხდომის თავმჯდომარე მოვალეა გამოაცხადოს დებატების (კამათის) დაწყება.

18.4     საანგარიშო მოხსენების ირგვლივ დებატების ამოწურვის შემდეგ, ყრილობა ისმენს საკონტროლო-სარევიზიო კომისიის ანგარიშს (ყრილობა უფლებამოსილია დელეგატთა უმრავლესობის თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება საანგარიშო მოხსენების შემდეგ მოისმინოს საკონტროლო-სარევიზიო კომისიის ანგარიში და გამართოს დებატები ორივე საკითხის ირგვლივ).

18.5     გამომსვლელთა სიის ამოწურვის შემდეგ, თუ დაჟინებით არავინ ითხოვს სიტყვას, სხდომის თავმჯდომარე დებატებს განსახილველი საკითხის ირგვლივ დამთავრებულად აცხადებს. დებატების შეწყვეტა შეიძლება სხდომის თავმჯდომარის ან ყრილობის დელეგატის წინადადებით, თუ მოცემულ საკითხზე გამოვიდა ორი დელეგატი მაინც. ყრილობა ამ წინადადებას მიიღებს მსჯელობის გარეშე, დამსწრე დელეგატთა ხმების უმრავლესობით.

18.6     ყრილობის მონაწილეს სიტყვით გამოსვლა შეუძლია მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.

18.7     ყრილობის მონაწილეები, რომლებსაც აქვთ სიტყვით გამოსვლის სურვილი, ამის შესახებ ბარათს გადასცემენ სამდივნოს ან პრეზიდიუმს.

18.8     ყრილობის სხდომის მონაწილემ (დელეგატმა, მოწვეულმა, სტუმარმა) სიტყვა უნდა წარმოთქვას ტრიბუნიდან, მომხსენებლისადმი შეკითხვა შეიძლება დაისვას ადგილიდან, ყრილობის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

18.9     ყრილობის სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელებს სიტყვას აძლევს თანმიმდევრობით, სამდივნოს მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე. ყრილობის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით გამომსვლელთა თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს მიზეზის გამოცხადებით.

18.10   ყრილობის მონაწილე, რომელიც სიტყვის მიცემისას არ აღმოჩნდება დარბაზში, კარგავს საკითხზე რიგის მიხედვით გამოსვლის უფლებას.

18.11   დებატები მიმდინარეობს დღის წესრიგის საკითხების რიგითობის მიხედვით. ამასთან, ყრილობის დელეგატს განხილვის პროცესში შეუძლია მიმართოს საპროცედურო კომისიას სხდომის წარმართვის წესთან (პროცედურასთან) დაკავშირებით. აუცილებლობის შემთხვევაში მის მიერ დასმული საკითხი საპროცედურო კომისიის შუამდგომლობით წყდება ყრილობის მიერ.

18.12   პროცედურულ საკითხებად ითვლება წინადადებები:

ა)         ხელახლა დაუბრუნდნენ საკითხის განხილვას;

ბ)         საკითხის მომზადება და წარმოდგენა დაევალოს ყრილობის მუდმივმოქმედ, სპეციალურ კომისიას ან სამუშაო ორგანოს;

გ)   განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დებატების შეწყვეტა;

დ) საკითხის გადადება;

ე) სხდომის გადადება;

ვ)   განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრის ჩატარება;

ზ)   დღის წესრიგის მომდევნო საკითხზე გადასვლა.

18.13   თუ ყრილობის დელეგატი გაამახვილებს ყურადღებას რეგლამენტისა და წესდების დარღვევის ფაქტზე, ყრილობის თავმჯდომარემ დაუყონებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დასმულ საკითხთან დაკავშირებით.

18.14   მოწვეულები შეიძლება სიტყვით გამოვიდნენ მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარის თანხმობით.

19.15   ყრილობის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე დადგენილებების, რეზოლუციების, მიმართვებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების შეტანის უფლება აქვთ: სპმთპ-ის აღმასრულებელ საბჭოს, ყრილობის მიერ შექმნილ მუდმივმოქმედ და სპეციალურ კომისიებს.

18.16   დადგენილებების, რეზოლუციების, მიმართვების პროექტებთან დაკავშირებული ყველა წინადადება, ასევე, ალტერნატიული პროექტები და სხვა მასალები წერილობითი სახით გადაეცემა ყრილობის სამდივნოს, რომელიც აღრიცხავს მათ და გადასცემს საპროცედურო და სარედაქციო კომისიებს. პროექტების ავტორებს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა კომისიების მუშაობაში ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

18.17   ყრილობის დოკუმენტებთან დაკავშირებული წინადადებები, ალტერნატიული პროექტები და სხვა მასალები, რომლებსაც არ გაუვლიათ წინასწარი განხილვა საპროცედურო და სარედაქციო კომისიებში, პლენარულ სხდომებზე არ განიხილება. ყრილობაზე განსახილველად შეტანილ მასალებს დელეგატთა შორის ავრცელებს ყრილობის სამდივნო. ეს მასალები ხელმოწერილ უნდა იქნეს სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის პასუხისმგებელი მუშაკების მიერ. მასალები, რომლებიც გავრცელდება სამდივნოს გარეშე, არ წარმოადგენს ყრილობის ოფიციალურ დოკუმენტებს. ისინი ყრილობის მიერ განხილვას არ ექვემდებარებიან.

18.18   წინადადება, დამატება, დადგენილება არ შეიძლება გამოცხადდეს მიღებულად, თუ კენჭისყრის შედეგად მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ხმები თანაბარია.

18.19   ყრილობაზე სპმთპ-ის პრეზიდენტის, საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის, საკონტროლო-სარევიზიო კომისიის, კოლეგიური ორგანოს არჩევის წესს არეგულირებს სპმთპ-ის წესდება და სპმთპ-ის საარჩევნო დებულება.

 

კენჭისყრა

19.1     დელეგატი პირადად მონაწილეობს კენჭისყრაში.

19.2     დელეგატს, რომელიც არ ესწრება კენჭისყრას, არა აქვს უფლება მოითხოვოს მოგვიანებით კენჭისყრაში მონაწილეობა.

19.3     დელეგატთა მიერ ხმის მიცემა ხორციელდება პირადად ან მის მიერ გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით.

19.4     ყრილობაზე მოწვეულები და სტუმრები კენჭისყრაში არ მონაწილეობენ.

19.5     ყრილობის გადაწყვეტილებები მიიღება ყრილობაზე დამსწრე დელეგატთა ხმების უმრავლესობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სპმთპ-ის წესდებით სხვა ნორმებია დაწესებული.

19.6     ყრილობის სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ღია კენჭისყრისას გადაწყვეტილება მიიღება დელეგატთა მიერ მანდატების აწევით.

19.7     მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში დადგენილება ან წინადადება მიღებულად არ ითვლება.

 

კენჭისყრის ფორმა

20.1     ყრილობის დღის წესრიგით გათვალისიწნებულ საკითხებთან დაკავშირებით კენჭისყრის ჩატარების ფორმას (ღია, ფარული) განსაზღვრავს ყრილობა.

20.2     კენჭისყრის შედეგებს ითვლის ხმის დამთვლელი კომისია.

20.3     ფარული კენჭისყრის შემთხვევაში ხმის დამთვლელი კომისია აფორმებს შესაბამის ოქმს.

 

ყრილობის სხდომის ჩანაწერები

21.1     შესაძლებელია ყრილობის სხდომის აუდიო (ვიდეო) ჩანაწერების გაკეთება.

21.2     აუდიო (ვიდეო) ჩანაწერს შეიძლება გაეცნონ ყრილობის დელეგატები, სპმთპ-ის აღმასრულებლი საბჭოს წევრები, საკონტროლო-სარევიზიო კომისიის წევრები და სპმთპ-ის წევრები შესაბამისი წერილობითი განცხადების საფუძველზე.

 

ყრილობის სხდომის ოქმი

22.1     ყრილობის მუშაობის დამთავრებიდან 15 დღის განმავლობაში სამდივნოს მიერ დგება ყრილობის ოქმი.

22.2          ყრილობის ოქმში შეიტანება:

ა)         საკითხები, რომლებიც გათვალისწინებული იყო ყრილობის დღის წესრიგით;

ბ)         საკითხები, რომლებიც დაისვა კენჭისყრაზე;

გ) კენჭისყრის შედეგები;

დ) ყრილობის რეზოლუციები, მიმართვები და დადგენილებები.

22.3     ყრილობის ოქმს თან უნდა დაერთოს ყრილობის დამსწრე დელეგატთა, სტუმართა და მოწვეულთა სია.

22.4     ყრილობის ოქმს ხელს აწერს ყრილობის თავმჯდომარე და სამდივნოს წევრები.

 

ყრილობის ოქმის გაფორმება

23.1     ყრილობის ოქმი ფორმდება სპმთპ-ის შესაბამის ბლანკზე.

23.2     ყრილობის მიერ მიღებულ დადგენილებაზე სხვა დოკუმენტების დართვისას, თანდართული დოკუმენტები აღინიშნება, როგორც დანართები. დანართს უნდა ჰქონდეს მისი შინაარსის განმსაზღვრელი სათაური და მითითება ყრილობის დადგენილების კუთვნილებაზე.

23.3     ყრილობის დადგენილებებში დაუშვებელია ტერმინების შემცირებული ფორმების გამოყენება.

23.4     ყრილობის მიერ მიღებული დადგენილებების დოკუმენტურ გაფორმებას ახორციელებს ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირი.

23.5     ყრილობის ყველა დელეგატს უფლება აქვს გაეცნოს სხდომის ოქმს.

 

ყრილობის დადგენილების ძალაში შესვლა

24.1     ყრილობის მიერ მიღებული დადგენილებების შესრულება სავალდებულოა სპმთპ-ის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, ყრილობის დადგენილებებით განსაზღვრულ ვადებში. თუ დადგენილებას არა აქვს დაწესებული შესრულების ვადა, მაშინ იგი მოქმედებს ყრილობებს შორის პერიოდში;

24.2     ყრილობის დადგენილებების შესრულების ვადა შეიძლება გააგრძელოს სპმთპ-ის აღმასრულებელმა საბჭომ.

24.3     ყრილობის დადგენილების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭო და საკონტროლო-სარევიზიო კომისია.

24.4     ყრილობის მიერ მიღებული დადგენილებები 20 დღის ვადაში, სპმთპ-ის კანცელარიის მიერ, უნდა დაეგზავნოს სპმთპ-ის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.

24.5     საკონტროლო-სარევიზიო კომისია, კანცელარიასთან და საორგანიზაციო დეპარტამენტთან ერთად აანალიზებს ყრილობის დადგენილების შესრულების მიმდინარეობას და ამზადებს ინფორმაციას სპმთპ-ის აღმასრულებლ საბჭოს სხდომებზე განსახილველად.

 

გარდამავალი დებულებები

25.1 წინამდებარე რეგლამენტი ძალაში შედის ყრილობის მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილების დადგენილი წესით ხელმოწერისთანავე.

25.2 წინამდებარე რეგლამენტის ძალაში შესვლის შედეგად ძალადაკარგულად გამოცხადდეს სპმთპ-ის ყრილობის რეგლამენტი დამტკიცებული სპმთპ-ის ყრილობაზე 2005 წლის 19 ნოემბერს.

25.3 წინამდებარე რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია სპმთპ-ის ყრილობის მიერ.