მიღებულია – 11/10/2007 ძალაშია – 19/10/2007
მიმღები: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
“ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის “ჭ” ქვეპუნქტის, “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” და “მ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს “საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები” ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
დანართი – საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები
თავი #1 – ზოგადი დებულებანი
მუხლი #1 – შრომითი ხელშეკრულების ფორმა
1. შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, წინამდებარე ბრძანებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
2. შრომითი ხელშეკრულება იდება მხარეთათვის გასაგებ ენაზე. შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს რამდენიმე ენაზე. ამ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთ ენას აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აგრეთვე აფხაზური. ხელშეკრულების ტექსტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ქართულ ენაზე დადებული შრომითი ხელშეკრულების ტექსტს.
მუხლი #2 – შრომითი ხელშეკრულების დადებაზე უფლებამოსილი სუბიექტები
შრომითი ხელშეკრულების დადებაზე უფლებამოსილი სუბიექტები არიან: ერთის მხრივ – საჯარო სკოლა (შემდგომში – სკოლა) (დამსაქმებელი), წარმოდგენილი სკოლის დირექტორით და მეორე მხრივ – ფიზიკური პირი მასწავლებელი (დასაქმებული).
მუხლი #3 – შრომითი ურთიერთობის წარმოშობა
შრომითი ურთიერთობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის წარმოიშობა შრომითი ხელშეკრულების დადების მომენტიდან.
თავი #2 – შრომითი ხელშეკრულების შინაარსი
მუხლი #4 – შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები
შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება:
ა) შრომითი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ნომერი, მისი დადების თარიღი და ადგილი;
ბ) ხელშემკვრელი მხარეების ვინაობა და მისამართი;
ბ’) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;
გ) შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები;
დ) სამუშაო დრო და დასვენების დრო;
ე) სამუშაო ადგილი;
ე’) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე;
ვ) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი;
ვ’) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;
ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი.
თ) მხარეთა პასუხისმგებლობის წესი;
ი) შრომითი ხელშეკრულების მოქმედება და მისი მოქმედების შეწყვეტა;
კ) შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა;
ლ) შრომით ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მხარეების რეკვიზიტები;
მ) სხვა დამატებითი პირობები, რომელთა გათვალისწინება არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი #5 – ხელშემკვრელი მხარეების ვინაობა და მისამართი
შრომითი ხელშეკრულების დადებისას მხარეები ვალდებულნი არიან მიუთითონ თავიანთი სტატუსი (დასაქმებული – ფიზიკური პირი, დამსაქმებელი – სკოლა, დირექტორის სახით), ვინაობა (გვარი, სახელი) და მისამართი. სკოლის შემთხვევაში მისამართად მითითებულ უნდა იქნეს სკოლის მისამართი, ხოლო დასაქმებულის შემთხვევაში – მისი ფაქტობრივი და სარეგისტრაციო მისამართი.
მუხლი #6 – შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები
1. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს მასწავლებელი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოთი, შეუქმნას მას მუშაობისათვის აუცილებელი პირობები.
2. სკოლა ვალდებულია აუნაზღაუროს მასწავლებელს ის ზიანი, რომელიც გამოწვეულია სკოლის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევით.
3. სკოლა ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს მასწავლებელს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
4. სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა და დადგენილი წესით უხრუნველყოს მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაზრდა საჯარო სკოლის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად.
5. სკოლა ვალდებულია მასწავლებელი უზრუნველყოს:
ა) სასწავლო პროცესისათვის საჭირო გარემოთი;
ბ) სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოებით;
გ) აკადემიური თავისუფლებით იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას;
დ) კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობით, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ ვალდებულია მისცეს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით.
ე) მასწავლებლისათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემა დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე “დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 მარტის #66/ნ ბრძანების შესაბამისად.
6. სკოლა ვალდებულია სასკოლო დისციპლინის დაცვისას უზრუნველყოს:
ა) მასწავლებლისათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, მისი ღირსების პატივისცემა და არ დაუშვას მასწავლებლის დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით;
ბ) მასწავლებლის მიმართ დისციპლინური დევნის განხორციელება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურებით;
გ) მასწავლებლისათვის წერილობითი განმარტების მიცემა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსთან დაკავშირებით.
7. მასწავლებელი ვალდებულია:
ა) იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაიცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები;
ბ) მოემზადოს თითოეული გაკვეთილისათვის და ეფექტიანად განახორციელოს სასწავლო პროცესი;
გ) მონაწილეობა მიიღოს სასკოლო სასწავლო გეგმების შემუშავებაში;
დ) შეაფასოს მოსწავლეების პროგრესი და მოახდინოს შედეგების შესახებ ინფორმირება ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად;
ე) უზრუნველყოს კლასში წესრიგი და დისციპლინა და იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე;
ვ) დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდისა და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან;
ზ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
თ) იზრუნოს სკოლის განვითარებაზე;
ი) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.
8. მასწავლებელი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საჯარო სკოლის მართვაში პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით, მოითხოვოს და მიიღოს სკოლაში არსებული საჯარო ინფორმაცია.
9. მასწავლებელი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მასთან დაკავშირებულ საკითხზე გამართულ ადმინისტრაციულ წარმოებაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით და თავისი უფლებების დასაცავად გაასაჩივროს სკოლის გადაწყვეტილებები და ქმედებები.
10. შრომით ხელშეკრულებაში შეიძლება განისაზღვროს შრომითი ურთიერთობის მხარეთა -სკოლისა (დამსაქმებლის) და მასწავლებლის (დასაქმებულის) სხვა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.
მუხლი #7 – შვებულების მიცემის წესი
1. მასწავლებლის შვებულებაში წასვლის უფლება წარმოიშობა მუშაობიდან 11 თვის შემდეგ. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით მასწავლებელს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.
2. მასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 40 სამუშაო დღის ვადით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს შრომით ხელშეკრულებაში. განსხვავებული ვადა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.
3. მასწავლებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება არანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღისა.
მუხლი #8 – შრომის ანაზღაურების ოდენობა
მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოხდება სკოლის ტარიფიკაციის მიხედვით ჩატარებული საათების რაოდენობის შესაბამისად.
მუხლი #9 – მხარეთა პასუხისმგებლობის წესი
შრომითი ხელშეკრულების მხარეები პასუხისმგებელნი არიან ერთმანეთის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებაზე და შეუსრულებლობით წარმოშობილ ზიანზე.
მუხლი #9′ – შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა
მუხლი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა
მუხლი #10 – შრომითი ხელშეკრულების მოქმედება და მისი მოქმედების შეწყვეტა
1. შრომითი ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს, რომ სკოლის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს სკოლის შინაგანაწესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდგომში – მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება და დამატება.
2. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
3. თუ სკოლასა და მასწავლებელს შორის დადებული კონკრეტული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული, სკოლასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხანგრძლივი შრომისუუნარობისას, თუ მასწავლებლის შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში აჭარბებს 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, მასწავლებელს გამოყენებული აქვს ამ დანართის მე-7 მუხლით განსაზღვრული შვებულება.
4. მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:
ა) სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისას;
ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
5. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
6. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
7. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
8. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #11 – შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა
თითოეულ ენაზე შედგენილი შრომითი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს არანაკლებ ორ ეგზემპლარად, რომელთაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა და რომლთა თითო ეგზემპლარი გადაეცემა ხელშემკვრელ მხარეებს.
მუხლი #12 – შრომის ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. შრომით ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან დამატება შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა, რომელიც განპირობებულია კანონმდებლობის ცვლილებით, არ საჭიროებს დასაქმებულის თანხმობას.
2. შეთანხმებული ცვლილებები ან დამატებები უნდა გაფორმდეს წერილობით, რაც შრომითი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და ძალაში შედის მხოლოდ მხარეთა სათანადო ხელმოწერის შემდეგ. შრომით ხელშეკრულებაში შესული ნებისმიერი ცვლილების ან/და დამატების მიმართ ვრცელდება ამ დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი.
მუხლი #13 – მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა
1. შრომითი ხელშეკრულების ბოლოს სავალდებულოა მიეთითოს მხარეთა რეკვიზიტები, რაც გულისხმობს მათ პირად მონაცემებს (მისამართი, პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი, საკონტაქტო ტელეფონი, საბანკო ანგარიში და სხვა) და ხელმოწერას.
2. სკოლის დირექტორის ხელმოწერას სავალდებულოა დაესვას სკოლის ბეჭედი.
მუხლი #14 – დავის გადაწყვეტის წესი
შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა უნდა გადაწყვდეს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი #15 – გარდამავალი დებულება
ამ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების მე-3 მუხლი არ ვრცელდება ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე წარმოშობილ შრომით ურთიერთობებზე.
გამოქვეყნებულია #146 მაცნეში
19.10.2007
ნაწილი III