მიღებულია – 31/12/2009 ძალაშია – 31/12/2009
მიმღები: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის #249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის “მ'” ქვეპუნქტის თანახმად, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის თანდართული წესი (დანართი N1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 მარტის N66/ნ ბრძანება (სსმ III, 13.03.2008 N39 მუხ. 440).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2009 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ა. კვიტაშვილი
გამოქვეყნებულია #20 მაცნეში
20.02.2009
ნაწილი III
დანართი #1 – დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი
თავი #1 – ზოგადი დებულებები
მუხლი #1 – რეგულირების საგანი
ეს წესი აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ დასაქმებულთათვის (შემდგომში დასაქმებულები) და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ საჯარო მოსამსახურეთათვის (შემდგომში – მოსამსახურეები) დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს.
მუხლი #2 – დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის ორგანიზაცია და პასუხისმგებლობა მის სისწორეზე
1. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება ყოველ დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში.
2. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნას, გაანგარიშებას და გაცემას ახდენს დასაქმებულის შემთხვევაში შესაბამისი დამსაქმებელი, ხოლო მოსამსახურის შემთხვევაში – შესაბამისი საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება).
3. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის დამსაქმებელს/დაწესებულებას.
მუხლი #3 – დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საფუძველი
დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნა, გაანგარიშება და გაცემა წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფო ფურცლის), ხოლო მისი დაკარგვის შემთხვევაში – დუბლიკატის, შესაბამის დამსაქმებელთან/დაწესებულებაში წარდგენის საფუძველზე, წინამდებარე წესის შესაბამისად.
თავი #2 – დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის პირობები
მუხლი #4 – დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის პირობები და ოდენობა
1. დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება:
ა) დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში;
ბ) ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო;
გ) კარანტინის გამო;
დ) პროთეზირების გამო.
2. მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება ასევე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
4. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ინიშნება საავადმყოფო ფურცლის გაცემის პირველი დღიდან.
5. დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში, ასევე დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში, თუ გახსნილია საავადმყოფო ფურცელი, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა განთავისუფლების დღემდე პერიოდზე.
6. შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით.
7. თუ დროებითი შრომისუუნარობა სამუშაოდან განთავისუფლებაზე დავის დროს დადგა, სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ანაზღაურების ათვლა იწყება სამსახურში აღდგენის დღიდან.
8. ვადიანი ხელშეკრულების შემთხვევაში დამსაქმებელი/დაწესებულება დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარებას ანაზღაურებს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
მუხლი #5 – დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი
დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება არ მიეცემათ:
ა) პირებს, რომლებმაც ტრავმა მიიღეს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ან განზრახ აყენებენ ზიანს თავიანთ ჯანმრთელობას;
ბ) მკურნალი ექიმის მიერ დაწესებული რეჟიმის დარღვევისას;
გ) თუ დროებითი შრომისუუნარობა გამოწვეულია დაავადებით ან ტრავმით, რომლის უშუალო მიზეზია არაფხიზელი მდგომარეობა (ალკოჰოლური, ნარკოტიკული და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებით თრობა);
დ) კანონით დადგენილი წესით სამსახურიდან ჩამოშორების ან სასამართლოს გადაწყვეიტილებით არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე ყოფნის დროს.
მუხლი #6 – დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშება
1. მოსამსახურისათვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი თანამდებობრივი სარგო.
1′. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისათვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის #609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების XIV თავის მე-7 პუნქტის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი სარგო და დანამატები.
1”. 2007 წლის 1 ნოემბრიდან 2009 წლის 28 სექტემბრამდე ამ მუხლის 1′ პუნქტი გავრცელდეს აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ, რომლებზეც მითითებულ პერიოდში დროებით შრომისუუნარობის გამო დახმარებად გაიცა “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის # 609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების XIV თავის მე-7 პუნქტის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი სარგო და დანამატები.
1’3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი ფულადი სარგოები და დანამატები.
2. დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს შეცვლის შემთხვევაში, დახმარების ოდენობის გაანგარიშება თანამდებობრივი სარგოს შეცვლამდე პერიოდზე ხდება ძველი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, ხოლო თანამდებობრივი სარგოს შეცვლის დღიდან ახალი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით.
3. დასაქმებულისთვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.
4. თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს დროებითი შრომისუუნარობის დადგომამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
5. გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს დროებითი შრომისუუნარობის დადგომამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში, თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან 3 თვის მუშაობის სტაჟი, ან უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში არ მომხდარა შრომის ანაზღაურების დარიცხვა, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.
7. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება:
ა) ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები;
ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები (ამ მუხლის 1 და 1”’ პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა);
გ) ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.
8. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.
8′. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) დღიური ფულადი სარგოებისა და დანამატების გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ კალენდარულ დღეთა რიცხვზე.
9. საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გამოთვლა ხდება საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) სამუშაო დღეთა რიცხვზე.
9′. ამ მუხლის 8′ გათვალისწინებულ შემთხვევაში დღიური ფულადი სარგოების და წელთა ნამსახურობაზე დანამატის გამოთვლა ხდება თვიური შრომის ანაზღაურების (ფულადი სარგოები და წელთა ნამსახურობაზე დანამატი) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) კალენდარულ დღეთა რიცხვზე.
10. ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა ყველა დამსაქმებელთან ცალ-ცალკე.
მუხლი #7 – დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემა
1. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების მისაღებად დასაქმებული/მოსამსახურე წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელ საბუთს (საავადმყოფო ფურცელს).
2. დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია სავადმყოფო ფურცლის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ან აანაზღაუროს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ან წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
3. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება არ გაიცემა დამსაქმებლისათვის/დაწესებულებისათვის დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფო ფურცლის) დახურვიდან 3 თვის შემდეგ წარდგენის შემთხვევაში.
რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში
სარეგისტრაციო კოდი: 470.230.000.22.035.012.810