მიღებულია – 20/02/2015 ძალაშია – 23/02/2015
მიმღები: საქართველოს მთავრობა
“ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 217 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1
ამ დადგენილების დანართის შესაბამისად, დამტკიცდეს “მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესი”.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
წესი – მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესი
მუხლი #1 – ზოგადი დებულებანი
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს ამ წესის ძალაში შესვლის დროისათვის მოქმედი მასწავლებლების განაწილებას მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში (შემდგომში – სქემა).
მუხლი #2 – ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სქემით განსაზღვრული სტატუსი – პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი, რომელიც მასწავლებლის შეფასების/სქემაში მასწავლებლების განაწილების საფუძველზე, მასწავლებელს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ) პრაქტიკოსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს “ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) მოთხოვნების შესაბამისად;
გ) უფროსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული აქვს საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები;
დ) წამყვანი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე, შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებსა და სასწავლო რესურსებს, შედეგებს უზიარებს კოლეგებს;
ე) მენტორი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებისა და დამწყები მასწავლებლის პედაგოგიურ პრაქტიკას;
ვ) მოქმედი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც ამ წესის ძალაში შესვლის დროისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უკავია “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი მასწავლებლის თანამდებობა;
ზ) საგნის გამოცდა – სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა;
თ) სერტიფიცირებული მასწავლებელი – მოქმედი მასწავლებელი, რომელსაც 2014 წლის ბოლომდე მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი;
ი) მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა (შემდგომში – ელექტრონული სისტემა) – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებული ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომელიც წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის ნაწილს. ელექტრონული სისტემის საშუალებით მასწავლებლები განაწილდებიან სქემაში და განხორციელდება მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა.
მუხლი #3 – მოქმედი მასწავლებლების განაწილება სქემაში
მოქმედი მასწავლებლები სქემაში განაწილდებიან შემდეგი წესით:
ა) პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მოქმედ მასწავლებელს, რომელიც არ არის სერტიფიცირებული მასწავლებელი და მასწავლებელს, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მოქმედ მასწავლებელს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ბ.ა) ამ წესის ამოქმედების დროისათვის, არის სერტიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთ საგანში და შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში, ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს;
ბ.ბ) 2014 წლის ბოლომდე, წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი, 2015 წლის ზაფხულის ჩათვლით, წარმატებით ჩააბარებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთი საგნის გამოცდას და შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში, ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს;
ბ.გ) აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში;
გ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მოქმედ მასწავლებელს, რომელსაც აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და არის სერტიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში და შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს;
დ) მოქმედ მასწავლებელს მენტორის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი #4 – მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი მასწავლებლების შესახებ ელექტრონულ სისტემაში განთავსდება შემდეგი მონაცემები:
ა) მოქმედი მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით), ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის მიერ მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, ან მისი ცალკეული ნაწილის წარმატებით დაძლევის, ასევე საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესახებ;
გ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის განათლების, აკადემიური ხარისხის შესახებ;
დ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის პედაგოგიური საქმიანობის სტაჟის შესახებ.
2. მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ელექტრონულ სისტემაში.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი მასწავლებელი.
4. ელექტრონულ სისტემაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სრულყოფილად და დროულად განთავსებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.
5. ელექტრონულ სისტემაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების განთავსებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ატვირთვის ვადები განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები არის მოქმედი მასწავლებლის სქემაში განაწილების საფუძველი.
7. მოქმედი მასწავლებლის სქემაში განაწილებისა და მისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამოიცემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
8. მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილება დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატით.
მუხლი #5 – გარდამავალი დებულებანი
მასწავლებლების პირველადი განაწილება სქემაში განხორციელდება 2015 წლის 20 აგვისტოდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია დადგინდეს მასწავლებლების სქემაში განაწილების დამატებითი ვადა. ის მასწავლებლები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ შრომითი ურთიერთობა, სქემაში განაწილდებიან შრომითი ურთიერთობის აღდგენის შემდგომ, რისთვისაც წერილობითი ფორმით მიმართავენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.
გამოქვეყნების წყარო:
მაცნეს ვებ პორტალი
23.02.2015
რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში
სარეგისტრაციო კოდი: 430.050.000.10.003.018.459