2026 წლის 30 იანვარსა და 1 თებერვალს, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ თავმჯდომარე როლანდ ხოჯანაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის 100-მდე წარმომადგენელს შეხვდნენ. შეხვედრა ორგანიზებული იყო სპმთპ-ის ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ნინო პოპიაშვილის მიერ, რომელსაც ესწრებოდნენ: ლაგოდეხის რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა შუშტაკაშვილი, საჯარო სკოლების დირექტორები და მასწავლებლები.

რესურსცენტრის უფროსმა, ქალბატონმა ხათუნამ რეფორმით განსაზღვრულ ვალდებულებებსა და პროფკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა სპმთპ-ის ძალისხმევა დასაქმებულთა უფლებების დაცვისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლაგოდეხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს ქეთევან ტალახაძეს მასპინძლობისათვის და დამსწრე საზოგადოებას, მასწავლებელთა ერთიანობის სტაბილური მხარდაჭერისთვის.
სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ თავმჯდომარემ შეხვედრა წარმართა შემდეგ თემებზე: ავტორიზაციის სტანდარტები, შეფასების ვერიფიკაცია, მიღწევათა დიაგნოსტირება და რემედიაცია. სასკოლო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, როლანდ ხოჯანაშვილმა ავტორიზაციის მეორე სტანდარტის ოთხივე კომპონენტის შესახებ ისაუბრა და კურიკულუმის შექმნა, განხორციელება, მონიტორინგი, რევიზია, გაუმჯობესება სიღრმისეულად განიხილა. მსმენელები, დასმული შეკითხვებით და შეფასებებით, გამოხატავდნენ მადლიერებასა და მზაობას მუდმივი განვითარებისათვის.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა პროფკავშირის საქმიანობა, საჯარო სკოლების ადმინისტრაციის, მასწავლებლების და ტექნიკური პერსონალის შრომითი/სოციალურ-ეკონომიკური პირობები განიხილა. მაია კობახიძემ ისაუბრა რეფორმის დაგეგმვის პროცესში პროფკავშირის ჩართულობასა და განათლების სამინისტროსთან მიმდინარე სოციალური დიალოგის შედეგებზე.
აღსანიშნავია, რომ სპმთპ-სა და განათლების სამინისტროს სოციალური პარტნიორობა, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები წარმატებულ მაგალითად ასახელებენ ევროპის რეგიონში, ასახულია მუნიციპალიტეტის დონეზე – ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარისა და საჯარო სკოლების დამსაქმებლების თანამშრომლობაში.
სპმთპ მადლობას უხდის რაიონული ორგანიზაციის ლიდერს ნინო პოპიაშვილს, რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ხათუნა შუშტაკაშვილს, სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ წევრს – სამოქალაქო განათლების/გეოგრაფიის წამყვან მასწავლებელ გიორგი ბიბილაშვილს და შეხვედრის ყველა მონაწილეს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით განხორციელებული ერთობლივი აქტივობებისათვის.