მილოცვას მადლობით დავიწყებ!
მადლობა განვლილ 2025 წელს, რომელმაც მოგვცა საშუალება გადაგვედგა მკვეთრი ნაბიჯები ჩვენი ორგანიზაციის გაძლიერებისათვის!
მადლობა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თითოეულ წევრსა და წარმომადგენელს, ძალისხმევისა და მხარდაჭერისათვის! გასულ წელს, დიდი შრომა ჩაიდო წევრთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, სკოლების პროფესიული მხარდაჭერისა და კიდევ სხვა ბევრი სასიკეთო ღონისძიებისათვის, რომელთა ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ. მიუხედავად წარმატებებისა, თვითკმაყოფილების განცდა არ გვაქვს!
მომავალ, 2026 წელს დაძაბული მუშაობა მოგვიწევს ყველას ერთად, არსებული გამოწვევების დასაძლევად. განსაკუთრებით დავიტვირთებით დაანონსებული რეფორმის მომზადებისა და განხორციელების აქტივობებით. როგორც იცით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ავტონომიურობის ზრდა და რეფორმით განსაზღვრული სხვა პრიორიტეტული მიმართულებები განხორციელდება მასწავლებელთა აქტიური მონაწილეობით. მოგიწოდებთ ყველას მოემზადოთ და ჩაერთოთ პროცესში, უპირველეს ყოვლისა, მთავარი მიზნის მისაღწევად – სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის! ერთი სიტყვით, საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე წელი გველოდება წინ! #ერთად ძლიერები ვართ!
მასწავლებელთა საზოგადოებას სიძნელეების არასდროს ეშინია და დარწმუნებული ვართ, ისეთივე ეფექტური იქნება თითოეული თქვენგანის საქმიანობა, როგორიც იყო განვლილ წლებში!
გამოწვევები და სიახლეები ამაღლებს მოტივაციას, ერთსულოვანს, კოლეგიალურსა და სოლიდარულს ხდის საზოგადოებას! ყოველივე ამის შესასრულებლად კი, აუცილებელ პირობას წარმოადგენს ჯანმრთელი და ბედნიერი, განახლებული ენერგიითა და სტიმულით შევხვდეთ ახალ წელს!
გილოცავთ 2026 წელს, საბავშვო ბაგა-ბაღების, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების/ყველა საგანმანათლებლო დაწესებულის დასაქმებულებს! გისურვებთ წარმატებებს საქმიანობაში და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში!
პატივისცემით,
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი
მაია კობახიძე