20-21 იანვარს, თბილისში, მასწავლებელთა საერთაშორისო გაერთიანებების — „განათლების ინტერნაციონალისა“ (EI) და „ევროპის განათლების პროფკავშირების“ (ETUCE) — წევრმა ორგანიზაციებმა საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და ტაჯიკეთიდან „სტრატეგიული განვითარების“ კონფერენცია გამართეს. ღონისძიება ჩატარდა EI-ის საერთაშორისო კამპანიის — „მეტი დაფინანსება საჯარო განათლებას“ (Go Public East) — ფარგლებში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) თანაორგანიზებით. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, მონაწილეობა მიიღო გახსნის სესიაში, სადაც მან არაერთხელ გაუსვა ხაზი სოციალური დიალოგის მნიშვნელობასა და სპმთპ-სთან მტკიცე პარტნიორობას.
საერთაშორისო კამპანიის მიზანია EI/ETUCE-ის წევრი ორგანიზაციების სტრატეგიული განვითარება, ,,გაეროს მაღალი დონის პანელის რეკომენდაციების” განხილვა და მასწავლებლის პროფესიის გაძლიერებისათვის სამოქმედო გეგმის დასახვა.
დისკუსიებმა ნათლად აჩვენა, რომ სოციალური დიალოგი ეფექტური საგანმანათლებლო სისტემის ფუნდამენტია.
ETUCE-ს ევროპულმა დირექტორმა, ელმერ ევერსმა აღნიშნა: „ხარისხიანი განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სოციალური დიალოგია მასწავლებელთა პროფკავშირებსა და ხელისუფლებას შორის“.
მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მთავრობებსა და მასწავლებელთა პროფკავშირებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა აუცილებელია მწყობრი განათლების პოლიტიკის შესამუშავებლად და მასწავლებელთა სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) გამოცდილება პოზიტიურ მაგალითად დასახელდა. აღინიშნა, რომ ხელისუფლებასთან მდგრადმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა ხელფასების ზრდის, პროფესიული განვითარებისა და საკანონმდებლო პროცესებში ჩართულობის კუთხით, თუმცა იქვე ხაზი გაესვა ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების საჭიროებას.
რეგიონისთვის საერთო პრიორიტეტად რჩება მასწავლებლებში მეტი ინვესტირება. დაბალი ანაზღაურება, გადატვირთული გრაფიკი და კადრების დეფიციტი კვლავ განაპირობებს პროფესიის ნაკლებად მიმზიდველობას. შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო პირობების გაუმჯობესება და პროფესიული ზრდის მეტი შესაძლებლობის შექმნა.მონაწილეებმა ასევე განიხილეს გაეროს მაღალი დონის პანელის რეკომენდაციები, რომლებიც გზამკვლევი იქნება პროფკავშირებისთვის სტრატეგიული კამპანიების დაგეგმვისას. ეს ხელს შეუწყობს პროფკავშირების როლის გაძლიერებას ხარისხიანი საჯარო განათლებისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.
https://www.csee-etuce.org/en/item/7157:go-public-east-seminar-in-georgia-underlines-the-importance-of-social-dialogue-and-investment-in-teachers?fbclid=IwY2xjawPhUiFleHRuA2FlbQIxMQBzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEe9oQSl31CAd0rH1eLC4REa8G6wVAv38tQWt-jLobMn7pzKXDw3SiC-myLHZo_aem_ObI4v-bZBR0s7Q0QBxd4rQ