2017 წელს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირსა (სპმთპ) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული „დარგობრივი შეთანხმება“ სრულ შესაბამისობაშია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ფუნდამენტურ კონვენციებთან, განსაკუთრებით №87 კონვენციასთან (ასოციაციის თავისუფლება და გაერთიანების უფლების დაცვა) და №98 კონვენციასთან (ორგანიზებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლება). შეთანხმებამ პრაქტიკაში უზრუნველყო განათლების სფეროში კოლექტიური მოლაპარაკებების ინსტიტუციონალიზაცია და სახელმწიფო დონეზე სოციალური პარტნიორობის აღიარება. ,,დარგობრივი შეთანხმებას ისტორიული შეთანხმება ეწოდა საერთაშორისო პროფკავშირული ორგანიზაციების მხრიდან. სპმთპ-ის პრაქტიკა  და გამოცდილება გაზიარებულია ევროპულ  და საერთაშორისო დონეზე.

სპმთპ-ის მრავალწლიანი ბრძოლა, რომელიც 2006 წლიდან დაიწყო და 2017 წელს დაგვირგვინდა,  მოიცავდა როგორც ინსტიტუციურ დიალოგს, ისე სამართლებრივ მექანიზმებს, შეესაბამება ILO-ის ზედამხედველობითი ორგანოების განმარტებებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს ეფექტიან კოლექტიურ მოლაპარაკებებს საჯარო სექტორში, მათ შორის განათლების სფეროში. ამ კონტექსტში „დარგობრივი შეთანხმება“ წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ვალდებულების შესრულების მაგალითს.

შეთანხმება ასევე ეხმიანება ევროპის სოციალური ქარტიის (განახლებული) მე-5 და მე-6 მუხლებს, რომლებიც უზრუნველყოფს გაერთიანების თავისუფლებასა და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლებას. დარგობრივ დონეზე შეთანხმების არსებობა ქმნის სამართლებრივ და ინსტიტუციურ ჩარჩოს, რომელიც ამცირებს შრომითი კონფლიქტების რისკს და აძლიერებს პროგნოზირებადობას განათლების სისტემაში.

სპმთპ-ის სტრუქტურული ერთეულები— რაიონული/საქალაქო და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები— სრულად შეესაბამება ევროპული სოციალური დიალოგის მრავალდონიან მიდგომას. სოციალური დიალოგი ხორციელდება როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე, რაიონულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებების დამსაქმებლებთან, რაც პასუხობს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას საჯარო მომსახურების სექტორში.

დარგობრივი შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება აისახება კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმებაში დამსაქმებელთა დონეზე. ამ დროისთვის, სპმთპ-ის გაფორმებული აქვს კოლექტიური ხელშეკრულება  2 215 საგანმანათლებლო დაწესებულების — საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღებისა და ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის — დამსაქმებლებთან.  აღნიშნული პრაქტიკა შეესაბამება ILO-ის რეკომენდაციას კოლექტიური მოლაპარაკებების დეცენტრალიზებულ განხორციელებაზე, დარგობრივი ჩარჩოს ფარგლებში.

კოლექტიური ხელშეკრულებები ქმნის დამატებით სოციალურ გარანტიებს, რომლებიც სცდება შრომის მინიმალურ კანონმდებლობას და ეხმიანება ILO/UNESCO-ის  რეკომენდაციებს მასწავლებელთა პროფესიის შესახებ, მათ შორის: ღირსეული სამუშაო პირობები, გონივრული სამუშაო დატვირთვა, პროფესიული განვითარების ხელმისაწვდომობა და სოციალური დაცვა. ამ გზით, სპმთპ-ის საქმიანობა ხელს უწყობს განათლების სფეროში სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, პროფესიის მიმზიდველობის ზრდასა და სისტემის მდგრადობას.

სპმთპ-ის მიერ მიღწეული შედეგები წარმოადგენს წარმატებულ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება ეროვნული პროფკავშირი გახდეს ევროპული სოციალური მოდელის მატარებელი და ILO სტანდარტების პრაქტიკული განმახორციელებელი განათლების სისტემაში, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის კონტექსტშიც.