მაღალმთიანი რეგიონების სპეციფიკური პრობლემები საზოგადოებისთვის ცნობილია. არაერთხელ აღმინიშნავს მაღალმთიან სოფლებში დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. გავიმეორებ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისგან დაცლა ეროვნული ტრაგედიის ტოლფასია და მისი შენარჩუნების ერთ-ერთ ძირითად პირობად მიგვაჩნია მცირეკონტიგენტიანი სკოლების შენარჩუნება. ამისათვის კი სახელმწიფოს, საზოგადოების და თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერის აუცილებლობა.
შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა მსგავსია ყველგან – დაწყებულია მიგრაციის პროცესი, რომლის შემაკავებელი ფაქტორი სკოლაა.
მინდა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტყემლოვანის მცირეკონტინგენტიანი სკოლის შესახებ, ჩვენი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.
დღეს, სოფელ ტყემლოვანის სკოლას 29 მოსწავლე ჰყავს. აქედან, ორი -პირველკლასელი.
სკოლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია. შენობაში ყველა ოთახი სუფთა და ლამაზია, მოსწავლეებისათვის საჭირო ინვენტარითა და თვალსაჩინოებებით მდიდარი გარემო კი მიმზიდველია. მადლობა სახელმწიფოს, სკოლის შენობის რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის.
პედაგოგთა კოლექტივი ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას, მომავალი თაობის აღზრდა-განათლების უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლის ახალგაზრდა დირექტორის, გიზო კაპანაძის როლი სკოლისა და სოფლის განვითარების საქმეში. სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის, დირექტორისა და პედაგოგთა კოლექტივის ენთუზიაზმმა და მოტივაციამ, ავტორიზაციისათვის მზადებამ, რეფორმის მოთხოვნების მაღალ დონეზე შესრულების მზაობამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. ახალგაზრდა დირექტორი ორი შვილის მამაა. მისი მაღალი პასუხისმგებლობა, მომავალი თაობის საკეთილდღეოდ, სკოლის განვითარებისა და სასწავლო პროცესის სრულყოფისათვის შრომა, ქვეყნის სიყვარულისა და მამულიშვილობის მისაბაძი მაგალითია!
პედაგოგიურმა კოლექტივმა ჩვეული ხალისით, სითბოთი და სიყვარულით გამოგვაცილა, ერთიც არ დაუწუწუნიათ, მაგრამ მძიმე განწყობით დავბრუნდით.
არაერთგზის, გამომითქვამს წუხილი და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ მიგრაციის და დემოგრაფიის ურთულესი მდგომარეობა ვრცელდება სხვა მაღალმთიან სოფლებზეც.
ბუნებრივია, გამიჩნდა კითხვა: ,,როგორ და რით დავეხმაროთ სკოლას ძირითადი პრობლემის გადაჭრაში- მოსწავლეთა შენარჩუნებისა და რიცხოვნობის გაზრდის საქმეში?!“
მართალი გითხრათ, ბევრს ვფიქრობ, მაგრამ გამოსავალს ვერ ვხედავ.
რაც პროფკავშირს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შეგვიძლია, უფლებების დაცვისა და პროფესიული მხარდაჭერის მიმართულებებით მომსახურებაა. მაქსიმალურად დავეხმარებით კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, ავტორიზაციის პროცესში, რასაც ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს როლანდ ხოჯანაშვილი და სხვა პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად.
დღევანდელი ჩემი მიმართვის მიზანია, თქვენც გაგვიზიაროთ მოსაზრებები მცირეკონტიგენტიან სკოლებში შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად. პრობლემა გლობალურია! მოსაძებნია ისეთი ფორმა, რომელიც მისაღები გახდება ყველა მცირეკონტიგენტიანი სკოლისათვის.
და, კიდევ ერთის შესახებ, სოფელი ტყემლოვანა ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს, მის ირგვლივ ყველა სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანის სტატუსი, ცხოვრების პირობები და კლიმატი აბსოლუტურად იდენტურია. შეიძლება ეს საკითხი სცილდება პროფკავშირის კომპეტენციას, მაგრამ მაინც ვგეგმავთ მივმართოთ ხელისუფლებას, გამონაკლისის სახით სოფელს მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, რამაც შესაძლოა დროებით მაინც შეაჩეროს მიგრაციის პროცესი.
ჩვენი ორგანიზაცია მადლიერებას გამოხატავს ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დალი სამხარაძეს მიმართ, წევრების ორგანიზებისა და რაიონული ორგანიზაციის გაძლიერებისათვის!
სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე







