32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

ძლიერი პროფკავშირი განათლების სისტემის მდგრადი განვითარებისათვის

დაცული უფლებები და ღირსეული შრომითი პირობები-ხარისხიანი განათლების საწინდარია

ძლიერ პროფკავშირს ქმნიან პიროვნულად თავისუფალი დასაქმებულები

ერთად ავამაღლოთ პროფკავშირის როლი დემოკრატიული  სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში

ძვირფასო კოლეგებო,

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. ჩვენ არ გვქონდა მოლოდინი, რომ 2018 წელს გაუმჯობესდებოდა საჯარო სკოლის მასწავლებელთა ეკონომიკური მდგომარეობა. მოუთმენლად ველოდებოდით ბიუჯეტის პროექტის განხილვასა და დამტკიცებას, ვინაიდან ვფიქრობდით, პარლამენტში მაინც დადგებოდა მწვავედ საკითხი პედაგოგთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ისევე როგორც 2017 წელს, არც 2018 წელს გეგმავს სახელმწიფო პედაგოგთა ხელფასების ზრდის ღონისძიებებს. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი და საპარლამენტო უმრავლესობა სრულ ინდიფერენტულობას იჩენს პედაგოგთა სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების მიმართ, რომ არაფერი ვთქვათ ფინანსთა სამინისტროსა და მთლიანად ხელისუფლებაზე. ერთი სიტყვით, პედაგოგი პირისპირ დარჩა თავის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან პერიოდულად ისმის სხვადასხვა განცხადებები და მოსაზრებები სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების თაობაზე. რათქმა უნდა ამ მიმართულებით რიგ მოსაზრებებს ჩვენც ვეთანხმებით. პედაგოგებისგან ბევრს მოითხოვენ და თუ მასწავლებლები დააყენებენ საკითხს ხელფასების მომატების თაობაზე, იწყება დემაგოგია: ,, წარმატებული პედაგოგის ხელფასი 1000 ლარზე მეტია“. რეალურად კი, ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემის მოთხოვნების მიხედვით, ყველა საფეხურის გავლის შემთხვევაში, მენტორი მასწავლებლის მაქსიმალური ხელფასი მცირედით აღემატება 1000 ლარს (სისტემაში სულ 7 მენტორი მასწავლებელია).

ასევე, დიდი პოლემიკაა გაჩაღებული პედაგოგთა კორპუსის განახლების თაობაზე და ახალგაზრდა კადრების მოზიდვის შესახებ. ღრმად გვწამს და მრავალი ქვეყნის გამოცდილებაც ადასტურებს, თუ სკოლას არ ექნება შესაბამისი დაფინანსება და პედაგოგს-ადექვატური შრომის ანაზღაურება, რადიკალურად არც სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება და ვერ შემოვა ზოგადსაგანმანათლეო სისტემაში ახალი, ძლიერი კადრები. ალბათ ყველა დაგვეთანხმება, რომ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი, რომელიც ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, არ დაიწყებს მუშაობას სკოლაში, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1250 ლარია, ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასი 1090 ლარი, ხოლო მასწავლებლის საშუალო ხელფასი 450 ლარია. თუ გავაანალიზებთ იმ გარემოებას, რომ დღეს მოქმედ პედაგოგთა საშუალო ასაკი 51 წელია და პროფესია დეფიციტშია, მაშინ ხელისუფლების მხრიდან ასეთი მიდგომით, უახლოეს წლებში კადრებთან დაკავშირებით სკოლებში კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნება.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს გაანალიზებული აქვს ქვეყნის ბიუჯეტის რეალური შესაძლებლობები, შორს ვართ პოპულისტური განცხადებებისა და მოსაზრებების მხარდაჭერისაგან, რომელიც აქტიურდება განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი 2014 წლიდან ვაყენებთ საკითხს: ,,შემუშავდეს საჯარო სკოლის მასწავლებელთა საბაზო ხელფასის ეტაპობრივი ზრდის 3-4 წლიანი პროგრამა, იმ გათვლებით, რომ მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს“. ჩვენი მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2015-2016 აკადემიურ წელს, ორ ეტაპად განხორციელდა პედაგოგის საბაზო ხელფასის ზრდა. იდეა მისაღებია ხელისუფლებისათვის, რასაც გვიდასტურებენ შეხვედრებზე, მაგრამ პრაქტიკულად, ამ მიმართულებით 2017 წლიდან არაფერი კეთდება.

ალბათ, დადგა დრო, ყველამ ერთად უფრო აქტიურად პროტესტის სხვადასხვა ფორმების გამოყენებით დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი ინტერესების დასაცავად.