32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

„ვინაიდან სქემის ცვლილებების მიხედვით გაუქმდა გამოცდის ბარიერი; გაიზარდა აქტივობების ჩამონათვალი; პრინციპული ცვლილებაა, რომ გაუქმდა ნორმა, რომლის მიხედვითაც მასწავლებლობის უფლება ჩამოერთმეოდა იმ პედაგოგს, ვინც საგნობრივ გამოცდაზე ვერ გადალახავდა ბარიერს სქემის ამოქმედებიდან სამ წელიწადში და ეს ვადა უწევს 2018 წლის 1 იანვრიდან; ვინაიდან სქემაში აქცენტი გადატანილია მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე და სქემაში გაჩნდა პედაგოგის კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობები, – აი, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ახალი სქემა წინგადადგმული ნაბიჯია“, – ასე შეაფასა EDU.ARIS.GE-სთან  საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ მასწავლებელთა სქემაში დაგეგმილი ცვლილებები.

–ქალბატონო მაია, ახალი სქემის მიხედვით, მასწავლებლის სტატუსების მოპოვება მარტივდება. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის თამასა ქვემოთ იწევს?

–ჩვენ მივესალმებით იმას, რომ განათლების და მეცნიერების მინისტრმა შეასრულა თავისი დაპირება მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილობრივ შეცვლასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძირითადი ცვლილებები, სადაც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ნაწილი კიდევ უფრო მეტად არის გაძლიერებული. მნიშვნელოვანია, რომ მოიხსნა საგამოცდო ბარიერი და მის ნაცვლად სქემა ითვალისწინებს კრედიტქულების დაგროვებას. ასევე სხვა დამატებით აქტივობებს, რაც უშუალოდ სასწავლო პროცესში იქნება მასწავლებლის საქმიანობისთვის შედეგიანი და ეფექტური.

ეს ცვლილებები არ ნიშნავს იმას, თითქოსდა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის თამასა ქვემოთ იწევს. პრაქტიკულად, თუ მასწავლებელი ვერ დააგროვებს სათანადო კრედიტქულებს, ის ვერ გადავა შემდგომ საფეხურზე. მზადდება ახალი ნორმატიული აქტი პედაგოგის სკოლაში დარჩენის ან გაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე. პედაგოგები ამ ცვლილებებით გათავისუფლდებიან წნეხისგან, რაც სასიკეთოდ აისახება მათ შედეგებზე.

ამ სქემაში გათვალისწინებულია პედაგოგთა პროფესიული უნარების ამაღლების ხელშეწყობა, რასაც არ ითვალისწინებდა 2015 წელს დამტკიცებული სქემა.  ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნაა, რომ ხელი შეეწყოს მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში. კერძოდ, სახელმწიფო უნდა მოემსახუროს პედაგოგს ინტენსიური, მწყობრი გადამზადების სისტემით, ტრენინგებით.

2010 წელს დაწყებულმა მასწავლებელთა სერტიფიცირებამ ვერ შეაფასა მასწავლებლის ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული საქმიანობა – როგორია ის გაკვეთილზე. გამოიწვია პედაგოგის ავტორიტეტის შელახვა და რაც მთავარია, 2015 წლის პირველი იანვრიდან 45–ათასზე მეტ პედაგოგს უნდა შეწყვეტოდა შრომითი ხელშეკრულება. ისინი უნდა გასულიყვნენ პროფესიიდან. ამან გამოიწვია პედაგოგთა პრესტიჟის დაკნინება.

–65 ათასი მასწავლებლიდან 17 ათასს თუ აქვს გამოცდა ჩაბარებული და უფროსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული, თქვენი აზრით, ეს ციფრები არ არის საგანგაშო? თქვენ ამბობთ, რომ მასწავლებლის პროფესია კნინდება მათი კრიტიკით, მაგრამ ამ ციფრებზე რას იტყვით?

–ამასთან დაკავშირებით განვმარტე და კიდევ ერთხლ გავიმეორებ. მასწავლებელს სახელმწიფო უწესებს ვალდებულებებს და ამის სრული ლეგიტიმური უფლება აქვს, მაგრამ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, იზრუნოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის. თეორიული ცოდნით, ერთი, ან თუნდაც ორი გამოცდით მასწავლებლის შეფასება შეუძლებელია.

ჩვენ გვყავს 3-ათასამდე დაუსაქმებელი სერტიფიცირებული პედაგოგი. მე მათ წინაშე ვსვამ შეკითხვებს და დღესაც ვიმეორებ. წლების მანძილზე არავის ჩაუტარებია კვლევა, სერტიფიცირებული პედაგოგი რამდენად არის შედეგზე ორიენტირებული და როგორ გაკვეთილს ატარებს.  როგორ გაკვეთილს ატარებს არასერტიფიცირებული და როგორი შედეგები აქვს მას. თუნდაც იმ ფაქტმა, რომ მოსწავლეებმა გაიმარჯვეს საერთაშორისო ოლიმპიადებში, კონკურსებში, კონფერენციებში და ამ მოსწავლეების მასწავლებელთა დიდი ნაწილი არიან არასერტიფიცირებულები, უკვე ნათლად ადასტურებს იმას, რომ პედაგოგის საქმიანობის შეფასება მხოლოდ თეორიულად, გამოცდებით არის შეუძლებელი.

–სქემის ახალი ცვლილებების მიხედვით, სტატუსების მოპოვება მარტივდება და შენარჩუნება რთულდება. 4 კრედიტქულა უნდა დააგროვოს მასწავლებელმა ყოველ წელს, თუ უნდა რომ შეინარჩუნოს უფროსის  სტატუსი. ის ფაქტი, რომ ყოველ წელს მოუწევს პედაგოგს სტატუსის შენარჩუნებაზე ზრუნვა, სტრესულ მდგომარეობაში არ ჩააგდებს მას?

–ეს მასწავლებელს სტრესულ რეჟიმს არ შეუქმნის. უფრო მეტიც, მასწავლებელს უბიძგებს თვითგანვითარებისათვის და ამის ვალდებულება აქვს პედაგოგს, რომ მან მუდმივად იზრუნოს თვითგანვითარებისთვის.

–ჩვენ არ გვყავს მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი. რამდენად სამართლიანია ეს ფაქტი. არ გვყავს მასწავლებლები, რომლებიც იმსახურებენ მენტორის სტატუსს?

–მასწავლებლის სქემის მიხედვით ვერ შეირჩა მენტორი მასწავლებელი. ამიტომ აქაც მოძებნილია გამოსავალი, რომ ეს სტატუსი მიენიჭოს გამორჩეულ პედაგოგებს. აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის მასწავლებლის საქმიანობას და გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით მენტორის სტატუსს მიანიჭებს მასწავლებელს და არ დაველოდებით მენტორის სტატუსის მინიჭების პროცედურებს. კომისია იქნება უფლებამოსილი, მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭოს პედაგოგს სტანდარტების და ობიექტური კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ მენტორის სტატუსის მინიჭება გამარტივდა.

–2017 წელს მასწავლებლების უმეტესობას არ მოემატება ხელფასი. წამყვან და უფროს მასწავლებლებს არ ვგულისხმობ, რომლებსაც სტატუსის შესაბამისი დანამატი ეძლევათ. ამაზე რას იტყვით?

–ჩვენ მხოლოდ საკვალიფიკაციო დანამატების ზრდის კატეგორიული წინააღმდეგები ვართ. ჩვენი მოთხოვნა იყო და არის, რომ უნდა გაიზარდოს პედაგოგების საბაზო ხელფასი ეტაპობრივად სამი წლის განმავლობაში. ისე, რომ ის გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. ამის პარალელურად უნდა გაიზაროს საკვალიფიკაციო დანამატებიც.

სამწუხაროდ, 2017 წლიდან ხელფასი ვერ მოიმატებს. ჩვენ გავითვალისწინეთ ბიუჯეტის რეალური შესაძლებლობები. როგორც ხედავთ, შემცირებები მიდის ყველა სახელმწიფო უწყებაში. რაც ძალიან მტკივნეული საკითხია. ბუნებრივია, ჩვენ დღის წესრიგიდან არ ვხსნით ამ საკითხს. პედაგოგთა საბაზო ხელფასის ეტაპობრივი ზრდა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მასწავლებელთა პრესტიჟის ამაღლებისთვის და იმ მიზნისთვის, რომ ახალგაზრდა თაობა დაინტერესდეს ამ პროფესიით და მოისურვოს სისტემაში შემოსვლა.

http://edu.aris.ge/news/maia-kobaxidze-axali-sqemit-maswavleblistvis-mentoris-statusis-minicheba-gamartivda.html