32 2 37 30 67
 contact@educator.ge

სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის, პროფესიონალიზმთან ერთად, უმთავრესია მასწავლებლის მოტივაცია და დამოკიდებულება განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მიმართ. მასწავლებლები შეეგუენ იმ აზრს, რომ ყოველი ახალი განათლების მინისტრი იწყებს რეფორმების ახალ ტალღას, რომელიც ბოლომდე არასდროს მიდის. ,,ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ოთხი განათლების მინისტრი შეიცვალა და ყოველი ცვლილების შემდეგ, სისტემა იწყებს რეფორმების ახალ ეტაპს.

ასე ხდება მე-5 მინისტრის შემთხვევაშიც. მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, განათლების, მეცნიერების, კუტურისა და სპორტის ახალმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დაანონსებული ახალი რეფორმის ძირითადი პრინციპები წარმოადგინა. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ არ გავიზიაროთ ყველა დაწყებული რეფორმის პათოსი, განათლების ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებით. თითოეული რეფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასების პრეტენზიაც არ გაგვაჩნია. არ გვსურს ეჭვი შევიტანოთ რომელიმე მინისტრის გულწრფელ სურვილში მდგომარეობის გაუმჯობესებასთან მიმართებაში. ჩვენთვის მთავარია, რეფორმების დაუსრულებელ პროცესს შევხედოთ მასწავლებლის თვალით. დაახლოებით 2 წელიწადში ერთხელ იცვლება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და შეფასების სისტემა, კარიერული წინსვლის ვალდებულებები და ამ პირობებში, როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი?! დაიწყებს მუშაობას ერთი მიმართულებით და უცებ შეიცვლება მოთხოვნა. სირთულეების სიღრმეებში არ შევალთ, აღვნიშნავთ მხოლოდ ერთს, ამგვარი დამოკიდებულებით პედაგოგებში ყალიბდება გაურკვევლობისა და არამდგრადობის განცდა და სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად, ალბათ ამის შედეგია, რომ მოქმედ პედაგოგთა ნახევარზე მეტი მოლოდინის რეჟიმშია, დაიწყოს აქტივობების განხორციელება კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისათვის.

კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით გარკვეული ექსპერტების მოსაზრებებს, რომლებიც აცხადებენ, რომ პედაგოგისთვის არ უნდა იყოს მთავარი შრომის ანაზღაურების ზრდა და შრომითი პირობების გაუმჯობესება, მასწავლებელმა მხოლოდ და მხოლოდ ენთუზიაზმით უნდა იმუშაოს. ფაქტიურად, 25 წელია პედაგოგები ამ შემართებით მუშაობენ, ვინაიდან, წლების განმავლობაში მათი შრომის ანაზღაურება მიზერული და უმნიშვნელო იყო. დღესაც, მასწავლებლის საშუალო ხელფასი არ არის საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ნახევარიც კი. დაბალმა შრომის ანაზღაურებამ, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით სკოლების არასათანადოდ აღჭურვამ, პედაგოგთა დისკრედიტაციამ და მათ წინააღმდეგ მიმდინარე დაუსრულებელმა კამპანიამ, ვფიქრობთ, უარყოფითად იმოქმედა მასწავლებელთა გარკვეული ნაწილის მოტივაციაზე. როდესაც ბრძოლა გიწევს არსებობისათვის და გაქვს ყოველდღიური საზრუნავი - რით გამოკვებო შვილები, დამეთანხმებით, მაღალ მატერიებზე საუბრები და მოწოდებები ენთუზიაზმით მუშაობასთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, დადებით შედეგს არ მოგვცემს.

ხელისუფლება სისტემატიურად პირდება მასწავლებლებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას და დაპირებების შესრულების ვადა ტრადიციულად 3-4 წელს მოიცავს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახალმა მინისტრმაც განაცხადა, რომ 2019 წელს ხელფასები მოემატება 10.000 მასწავლებელს, მათ შორის სპეცმასწავლებლებს. დანარჩენი პედაგოგების ხელფასების მომატება დაიწყება 2021-2022 წლებში და საშუალო ხელფასი გახდება 1500 ლარი, ზოგიერთი პედაგოგისთვის ხელფასი 2000 და 2000 ლარზე მეტიც იქნება. ზემოაღნიშნული ცვლილება დაკავშირებულია კოლოსალურ თანხებთან და დასაბუთება ჯერ არ არსებობს. ბუნებრივია კითხვები: როგორ აპირებს მინისტრი დანაპირების შესრულებას? თუ გავითვალისწინებთ მინისტრების ცვლილებების ტემპს, მაშინ სად არის გარანტია, რომ 2021 წლამდე მინისტრი არ შეიცვლება? მინისტრის ან მთავრობის შეცვლის შემთხვევაში, ახალი მინისტრი არ დაიწყებს ახალ რეფორმას?

ერთი სიტყვით, სიღრმისეული ანალიზის გარეშეც კი, ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ჩამოყალიბებული და გააზრებული პედაგოგთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების კონცეფცია, მათ შორის, პედაგოგთა ხელფასების ზრდის რეალური გეგმა. მიუხედავად იმისა, რომ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო ხელფასი, ჯამში 160 ლარით. 2015-2017 წლებში გაიზარდა სტატუსის შესაბამისი დანამატები პედაგოგთა საერთო რაოდენობის არც კი მესამედისათვის. ამასთან, 2018 წელს სტატუსის დანამატი გაიზარდა მხოლოდ მენტორი და წამყვანი მასწავლებლებისათვის, მათი რაოდენობა იმ ეტაპზე იყო 160 (წამყვანი-153 და მენტორი-7). თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 2016 წლის აპრილიდან საბაზო ხელფასი არ გაზრდილა და ხელფასების მატებას გვპირდებიან 2021-2022 სასწავლო წელს გაურკვეველი სქემით, გამოდის რომ პედაგოგთა აბსოლიტურ უმრავლესობას 5 წლის განმავლობაში ხელფასი არ მოემატება. ასეთია ჩვენი პროგნოზი და ხედვები გამომდინარე რეალური მდგომარეობის ანალიზიდან. თუ რამე გვეშლება, პედაგოგის ხელფასის ზრდის პერსპექტივასთან დაკავშირებით და განათლების სამინისტროს აქვს სხვა გეგმა და მოსაზრებები, გაუმჯობესების თვალსაზრისით, მაშინ მზად ვართ საჯაროდ გამოვხატოთ მადლიერება.

და კიდევ ერთის შესახებ, დიდი ხანია, ექსპერტთა გარკვეულ ჯგუფში მუსირებს აზრი, რომ მკვეთრად უნდა შემცირდეს პედაგოგთა რაოდენობა, სრული დატვირთვის განაკვეთის ზრდის ხარჯზე, რაც დამღუპველი იქნება ზოგადსაგანმანათლებლო სისტემისათვის და გამოიწვევს მასწავლებელთა მასობრივ გათავისუფლებებს. არ გვსურს დავიჯეროთ ეს კულუარული ინფორმაცია, მაგრამ საფრთხეს ვხედავთ, ვინაიდან ამ იდეის მქონე ექსპერტები, რეფორმის მიმართულებებზე მომუშავეთა ჯგუფის წევრები არიან.

პედაგოგთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა აუცილებელია. ვიცით პედაგოგთა განწყობა, პროტესტის მუხტი იზრდება, დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები, განსაკუთრებით ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ არის დრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყოს აქტიური ქმედებები მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ძვირფასო პედაგოგებო, არ გვქონდა მორალური უფლება, თქვენთვის არ გაგვეზიარებინა ჩვენი ხედვები და მოსაზრებები, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და გამოსავალი ერთად ვეძებოთ.

ველით თქვენს მოსაზრებებს და წინადადებებს.

18 სექტემბერი, 2018 წელი.