32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

 "ძლიერი პროფკავშირი-განათლების სისტემის მდგრადი განვითარებისათვის“, ,,სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობა-უწყვეტი განათლების სრულყოფისათვის“, ,,სკოლის ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის დაფასება-ჯანსაღი სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად“, ,,უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარება-ქვეყნის წარმატებისათვის“ - ამ მოწოდებებით წარიმართა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა, რომელსაც სპმთპ-ის საქალაქო/რაიონული და აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციების საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციებზე არჩეული 217 დელეგატი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ყრილობას თავმჯდომარეობდა სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი, სპმთპ-ის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ბერიძე. ყრილობის დელეგატების მიერ დამტკიცებული პრეზიდიუმის შემადგენლობაში იყვნენ: სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, სპმთპ-ის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ბერიძე, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე, სპმთპ-ის პრეზიდენტის მრჩეველი განათლების დარგში გიორგი ნოზაძე და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, სპმთპ-ის 2014 წლის VII ყრილობაზე დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებზე დაყრდნობით, შეაჯამა ორგანიზაციის 4-წლიანი საქმიანობა, ძირითადი ნაკლოვანებების და გამოწვევების ღრმა ანალიზის საფუძველზე წარადგინა სპმთპ-ის სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები. სპმთპ-ის მოთხოვნების საფუძველზე, პედაგოგთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით მიღწეული შედეგების პარალელურად, მაია კობახიძემ დეტალურად ისაუბრა დასაქმებულთა პრობლემებსა და მათი გამოსწორების გზებზე. ორგანიზაციის საქმიანობის შეფასების დროს, მაია კობახიძე იყო კრიტიკული და თვითკრიტიკული, დასაქმებულთა პიროვნული თავისუფლების, სოლიდარობის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თვითმართველი სტურუქტურების მუშაობის სტილისა და მეთოდების მიმართ. მაია კობახიძემ, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პრობლემების აღწერის მიზნით, რამდენიმე მწვავე მაგალითი დაასახელა. ,,პრობლემად რჩება პედაგოგებზე განხორციელებული სხვადასხვა სახის ზეწოლები, ძირითადად სკოლის დირექციის მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჩართულობით შემუშავდა ,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის შესახებ“ მინისტრის ბრძანება და ამ ნორმატიული აქტით სრულყოფილად არის დაცული პედაგოგთა უფლებები, სამწუხაროდ, დისციპლინური კომიტეტები, ისევე, როგორც სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოები, ხშირ შემთხვევაში, გვევლინებიან დირექტორების მოთხოვნების უპირობო შემსრულებლებად. სკოლის თვითმმართველი სტრუქტურების მუშაობა უნდა იყოს გარანტი, სკოლებში სამართლიანობისა და კანონიერების დამკვიდრების. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი უზრუნველყოფს სკოლის თვითმმართველი სუბიექტების ავტონომიურობას, რაც მასწავლებლებს აძლევს შესაძლებლობას დაიცვან თავიანთი და კოლეგების უფლებები, მაგრამ მდგომარეობა პრობლემად რჩება. ეს არის კლასიკური მაგალითი და დადასტურება იმისა, თუ რა მძიმე მდგომარეობაა პედაგოგთა პიროვნული თავისუფლების, სოლიდარობის, დამოუკიდებელი მოქმედებებისა და ბრძოლისუნარიანობის მიმართულებებით“-განაცხადა მაია კობახიძემ. მან ძირითადი აქცენტი გადაიტანა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების გააქტიურებასა და ავტორიტეტის ამაღლებაზე: ,,წინა ყრილობებზე, მიზნად დავისახეთ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისა და გააქტიურების გზით, გამოგვესწორებინა შექმნილი მდგომარეობა, ვინაიდან ეს მიმართულება ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიული ღერძია. პროფკავშირის ძლიერებას განსაზღვრავს წევრთა აქტიურობა და შეიძლება ითქვას, რომ ზემოაღნიშნული მიმართულებით, სერიოზული წინსვლა ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუ პირველად რგოლში ვერ მივაღწევთ ძირეულ გარდატეხას, მაშინ ვერ შევასრულებთ დასახულ ამოცანებს. სახლის მშენებლობა საძირკველიდან იწყება, ჩვენ კი მყარი ფუნდამენტის გარეშე, ზევიდან ვცდილობთ ორგანიზაციის გაძლიერებას. ასეთ მუშაობას ერთგვარი გამართლება ჰქონდა განვლილ წლებში, პროფკავშირის საქმიანობის პოპულარიზაციის და ორგანიზაციის აღდგენისათვის. დადგა დრო დავუბრუნდეთ პროფკავშირის ძირითადი პრინციპის განხორციელებას: - ,,ძლიერ პროფკავშირს ქმნიან პიროვნულად თავისუფალი დასაქმებულები". სპთპ-ის პრეზიდენტმა წარადგინა სტატისტიკა ,აშშ-ის სოლიდარობის პროგრამების“ და ,,საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროფკავშირული ტრენინგ-სემინარების/ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლების შესახებ. ,,საერთაშორისო წარმომადგენლების მხრიდან დახმარება გაგრძელდება, მაგრამ, თუ ჩვენ ჩვენშივე არ მოვახდენთ მენტალურ ცვლილებებს და არ გადავდგამთ ნაბიჯებს პიროვნული თავისუფლებისაკენ, სოლიდარობისა და აქტიურობისათვის, მაშინ მდგომარეობა არ შეიცვლება. 2280 საგანმანათლებლო დაწესებულებაში შექმნილი გვაქვს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები და არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, პიველადი ორგანიზაციის მხრიდან კოლეგის ინტერესების დაცვისა და სოლიდარობის გამოხატვის, ან დარღვევებზე აქტივობებისა და რეაგირების შესახებ. პრობლემა ჩვენშია. ამის გამოსასწორებლად კი, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ. ვინაიდან, პირველადი ორგანიზაციის ავტორიტეტზე ბევრად არის დამოკიდებული წევრთა მოზიდვა/დამაგრების საკითხი. პრობლემა ჩვენშია, ამის გამოსასწორებლად კი თვითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ”- - მოუწოდა მაია კობახიძემ ყრილობას. სპმთპ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სპმთპ-ის მიერ არჩეულ სტრატეგიას-ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში ემუშავა პედაგოგთა პრობლემების გადაჭრაზე და ყრილობას წარუდგინა განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად, სპმთპ-ის ინიციატივით, საკანონდებლო/კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში განხორციელებული ცვლილებები, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პედაგოგთა შრომითი/სამართლებრივი პირობები. სპმთპ-ის პრეზიდენტმა იურიდიული დეპარტამენტის წარმატებული შედეგები განიხილა, რომლის თანახმად საანგარიშო პერიოდში, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი უჩა ბაკურაძე სასამართლოებში იცავდა 14 გათავისუფლებული დასაქმებულის უფლებებს და ყველა პროცესი დასრულდა გათავისუფლებულთა სამსახურში აღდგენით. დაწესებულებების დამსაქმებლებს დაეკისრათ სავალდებულო განაცდურის ანაზღაურება, რამაც ჯამში შეადგინა 27 050 ლარი. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მასწავლებლის ავტორიტეტის და პროფესიის პრესტიჟის ამაღლებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მისასალმებელია, უკანასკნელ პერიოდში პედაგოგთა საქმინაობის პროპაგანდის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „განათლება ყველასათვის-საქართველოს“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაწესებასთან დაკავშირებით, ასევე, ცალკეული მუნიციპალიტეტების ინიციატივა მასწავლებლის საერთაშორისო დღის საზეიმო აღნიშვნის და პედაგოგთა წახალისების მიმართულებით. ,,მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება არ უნდა შემოიფარგლებოდეს ერთჯერადი ღონისძიებებით. ქვეყანაში უნდა დაისახოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა. გამოვთქვამთ მზადყოფნას, აქტიურად ვითანამშრომლოთ სახელმწიფო უწყებებთან/სამოქალაქო სექტორთან მასწავლებლის დაფასებისათვის“-განაცხადა მაია კობახიძემ. IX ყრილობის სახელით, მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა, ტელეკომანია ,,იმიდის” გადაცემა ,,იმედის გმირების” 2015 წლის გამარჯვებულ ორ მასწავლებელს: ახალქალაქის სოფელ ბავრას სომხური სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ჯული ველელი-შირიანიანს და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულის საჯარო სკოლის დირექტორს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნაზი საბანიძეს. სპმთპ-ის პრეზიდენტმა, ,,მასწავლებლის საქმიანობაში შეტანილი ღვაწლისა და პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციისათვის“, სპმთპ-ის უმაღლესი კოლეგიური ორგანოს-IX ყრილობის სახელით მადლობის სიგელები გადასცა მასწავლებლებს, რომლებიც 2017 და 2018 წლების ეროვნული ჯილდოს ათეულის შემადგენლობაში შევიდნენ. ,,ხშირად გვსმენია კრიტიკა ჩვენი ორგანიზაციის მიმართ, რომ ჩვენ ვზრუნავთ მხოლოდ პედაგოგებზე, მათ კეთილდღეობაზე და გვავიწყდება ზრუნვის ძირითადი ობიექტი - მოსწავლე. კატეგორიულად არ ვეთანხმებით ჩვენი საქმიანობის ამგვარ შეფასებას, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება ჩვენი მუშაობის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2015 წლის მაისში, დავაფუძნეთ ააიპ „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი“. ოთხ წელიწადში, პროფკავშირის წევრების მოთხოვნების საფუძველზე, ცენტრმა შექმნა 34 სატრენინგო მოდული, მომზადდა არაქართულენოვანი პედაგოგებისთვის პროფესიული უნარების სატრენინგო მოდული რუსულ ენაზე, ხოლო აზერბაიჯანულ ენაზე - დაწყებითი მათემატიკის საგამოცდოდ მოსამზადებელი საკონსულტაციო ტრენინგ-მოდული. 2 წელია ტარდება ტრენინგები ბოლნისისა და მარნეულის აზერბაიჯანულენოვანი პედაგოგებისთვის. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულთათვის ცენტრში მომზადდებულია 8 სატრენინგო მოდული. სპმთპ-ის რაიონულ/საქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საანგარიშო პერიოდში, თბილისსა და საქართველოს ათი რეგიონის 61 მუნიციპალიტეტში ცენტრმა ჩაატარა 713 ტრენინგი, რომელშიც 21 300-მა პროფწევრმა მიიღო მონაწილეობა. 2017 წელს, ცენტრმა განახორციელა საგრანტო პროექტი - „მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სწავლა - სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის“. პროექტის ფარგლებში გადამზადდა კახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის 16 მუნიციპალიტეტის 88 მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლის პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელი. პროექტის აქტივობების სრულად და წარმატებით განხორციელებისთვის 846 მონაწილეს მიენიჭა 1,5 კრედიტულა. ,,ძვირფასო კოლეგებო, როგორც დაგპირდით ჩვენმა ორგნიზაციამ საბჭოური პროფკავშირიდან თანამედროვე პროფკავშირამდე გარდამავალი ეტაპი დაასრულა. ისტორიის კუთვნილება გახდა პროფკავშირის საბჭოური მოდელი. ისევე როგორც წინა პერიოდში, განვლილ ოთხ წელიწადშიც გრძელდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წარმომადგენლების, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების და მასში შემავალი დარგების თანადგომა. თანამედროვე დასავლური ღირებულებების პროფკავშირის მშენებლობის რთულ გზაზე, კვლავაც გვაქვს იმედი მხარდაჭერის. ამაღლებული, მეგობრული და თანამშრომლური განწყობით მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს, რაიონული/საქალაქო ორგანიზაციის ლიდერებს, წევრებისადმი ყოველდღიური ზრუნვისა და ენით აუღწერელი საქმიანობისათვის. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და განვლილ პერიოდში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ჩვენი ერთსულოვნება იყო. დიდი მადლობა ყრილობის დელეგატებს და თითოეულ წევრს, ერთგულებისა და ნდობისათვის. და ბოლოს, შევეცადე თქვენთვის გამეზიარებინა ორგანიზაციაში არსებული ნაკლოვანებები და გამეცნო ჩემი ხედვა მის გამოსასწორებლად. პრეზიდენტობის კანდიდატის ინტერესებში არ შედის და ალბათ წამგებიანია ამდენი კრიტიკული შენიშვნა და შეფასება. ეს თქვენი გადასაწყვეტია. თუ პრობლემებს ობიექტურად არ შევაფასებთ და არ დავსახავთ გადაჭრის გზებს, მაშინ კარს დავუხურავთ განვითარებას. ჩვენი ყველას მიზანი კი ერთია - ერთად ავაშენოთ ძლიერი პროფკავშირი, განათლების სისტემის მდგრადი განვითარებისათვის და ერთად ავამაღლოთ პროფკავშირის როლი დემოკრატიული სახელმწიფოს შენების პროცესში“. მაია კობახიძე სამადლობელ სიტყვაში მიესალმა დარბაზში მყოფ მეცნიერებს - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, მკვლევარს, როსტომ ჩხეიძეს და ლია კარიჭაშვილს. მან ხაზგასმით აღნიშნა სოციალური პარტნიორების-საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელების და საჯარო სკოლების დირექტორების როლი სპმთპ-სთან თანამშრომლობის მიმართულებით. მადლიერება გამოხატა ცენტრალურ აპარატის თანამშრომლების მიმართ, გულისტკივილით გაიხსენა სპმთპ-ის ის ღვაწლმოსილი ლიდერები, რომლებიც ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოაკლდნენ სპმთპ-ის რიგებს: ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კარლო მელია, გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნელი ჯანელიძე, ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ მჭედლიძე და ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯემალ ცეცხლაძე. ყრილობის დელეგატებს და სტუმრებს მიმართა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა. ,,პროფკავშირელობა არის ღირსეული წოდება, რადგან პროფკავშირელები სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, გარდა საკუთარი პრობლემებისა, სოლიდარულები არინ სხვისი პრობლემების მიმართ”- აღნიშნა გამომსვლელმა. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დელეგაციის მრავალრიცხოვან წარმომადგენლობაზე, ორგანიზაციის განვლილ მძიმე გზაზე და უკანასკნელ წლებში მიღწეულ წარმატებებზე. "... უამრავ ადამიანს ახსოვს როგორი მძიმე დღეები აქვს განვლილი ამ ორგანიზაციას, რომ დღემდე მოსულიყო. რამდენი ძალისხმევა დაგჭირდათ, რომ ეს ორგანიზაცია ვიღაცის ,,ჯიბეში" არ აღმოჩენილიყო. ,,ეს არის ყველაზე ,,ცოცხალი" ყრილობა, რომლის პერსპექტივაც დაახლოებით 10 წლის წინ ამ ორგანიზაციას არ ჰქონდა. ეს ყველაფერი დარბაზში მსხდომი ადამიანების და იმ ათასობით პედაგოგის დამსახურებაა, რომელმაც ნდობა გამოუცხადა სპმთპ-ს და თქვენ ადეკვატურად ასახავთ მათ პრობლემებს. მე დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მივესალმები თქვენ მიერ მიღებულყველა გადაწყვეტილებას, რადგან თქვენ აკეთებთ თავისუფალ არჩევანს. ...ქვეყნის წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩაიდოს განათლების სისტემაში. პედაგოგთა საზოგადოება ქალბატონებით ჭარბობს, მაგრამ ზემოხსენებული რიცხვი კარგი ცხოვრების დამსახურება არ არის. მასწავლებელთა პროფესია ითვლება დაბალშემოსავლიან პროფესიად, ამიტომ მამაკაცებს აქვთ ნაკლები ინტერესი ამ პროფესიისადმი”- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. ირაკლი პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების არსებითობაზე. მან, სპმთპ-ის გამოცდილებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე მოუწოდა ორგანიზაციის ხელმძღვნელობას გააქტიურდნენ პროფესიული განათლების სეგმენტშიც. ირაკლი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ პროფკავშირულ მოძრაობაში სპმთპ ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც სოციალურ პარტნიორთან გაფორმებული აქვს ,,დარგობრივი შეთანხმება” - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან. ,,ყველა რეფორმებში, ცვლილებებსა და ნოვაციებში უმნიშვნელოვანესია პროფკავშირის ჩართულობა, სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა დამსაქმებლის, დასაქმებულთა გაერთიანებისა და ხელისუფლების ერთობლიობა. სწორედ ეს სინქრონი ქმნის იმ ევროპულ ღირებულებებს, რომლისკენაც ჩვენ ყველა ერთად მივისწრაფით” - განაცხადა პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ. პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი შეეხო შრომის უსაფრთხოვების თემას, რომელიც პედაგოგთა ოჯახების, მათ აღზრდილებისა და მშობლების პრობლემაცაა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა პედაგოგებს. ის გამოსვლაში უცხოელ სტუმრებს მიესალმა. ,,ვიცი ინტენსიური, კოლეგიალური და თანასწორი თანამშრომლობისა და თანადგომის შესახებ, თქვენს ორგანიზაციასა და უცხო ქვეყნების პროფკავშირებს შორის. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ბევრი ორგანიზაცია და ხშირად სახელმწიფო უწყებებიც, თანაბარ პირორბებში და კოლეგიურად არ ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრ ქვეყანასთან. ხშირად ვართ ძალიან დამოკიდებულ მდგომარეობაში, ხოლო თქვენ ძალიან თანასწორუფლებიანად ახორციელებთ ამას, რაც თქვენი დამსახურებაც არის და იმ ორგანიზაციებისაც, რომლებიც სოლიდარობის პრინციპზე დაყრდნობით აგებენ თავიანთ საქმიანობას ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც”. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ IX ყრილობის რეზოლუციის მიღების მიზნით, გამოაცხადა დებატები და მოითხოვა დელეგატებს ემსჯელათ პედაგოგთა საჭიროებებსა და აქტუალურ საკითხებზე. დღის წესრიგის თანახმად, ყრილობის წინაშე საანგარიშო მოხსენებით წარსდგა სპმთპ-ის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე დარეჯან ტაბატაძე. სპმთპ-ის ყრილობის დელეგატებმა ერთხმად, ღია კენჭისყრით სრული ნდობა გაუცხადეს მაია კობახიძის სპმთპ-ის პრეზიდენტად შემდგომი ოთხწლიანი ვადით არჩევას. სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის თანამშრომლება მაია კობახიძეს მიულოცეს არჩევნებში გამარჯვება და მადლობა გადაუხადეს გაწეული მუშაობისათვის. დამტკიცებული დღის წესრიგის შესაბამისად, ყრილობის დელეგატემა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს სპმთპ-ის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის ანგარიში, რომელიც წარადგინა საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ დალი ტაბატაძემ. IX საანგარიშო-საარჩევნო კომისიამ აირჩია საკონტროლო-სარევიზიო კომისიის, ყრილობის მუდმივმოქმედი - სამანდატო და საარჩევნო-საპროცედურო კომისიების შემადგენლობა, ასევე, შეიმუშავეს და მიიღეს ყრილობის რეზოლუცია, დაამტკიცეს სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრთა უფლებამოსილება და ყრილობის დადგენილებები. სპმთპ-ის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე და მისი მოადგილე ირაკლი თურმანიძე, ს.ს.ი.პ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის” რეგიონალური კოორდინაციის სამსახურის უფროსი ხათუნა ბარბაქაძე. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის ევროპული (ETUCE) დირექტორი სუზან ფლოკენი, ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) პრეზიდენტი კრისტინ ბლოუერი და საერთაშორისო დელეგაცია-ევროპის 12 ქვეყნის, სპმთპ-ის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სპმთპ-ის IX ყრილობის სპეციალური სტუმარი მარტინ რომერი. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები-ხათუნა მაჭარაშვილი (ვაკე-საბურთალო), მარინე ვეფხვაძე (ხარაგაული), მერაბ მიგინეიშვილი (აბაშა), პაშა გულორდავა (მარტვილი), დარეჯან ზარანდია (სენაკი), ლია ჯალაღონია (ჩხოროწყუ), ბეატრისა რუსია (ხობი), იზოლდა ლომიძე (ბორჯომი), იამზე სვანიძე (ბოლნისი), მუჟირიშვილი ნონი (დმანისი), დავით ოსეფაიშვილი (დუშეთი), მანანა ჩიკვაიძე (ლაგოდეხი), მანანა ცუცქირიძე (საგარეჯო), ეთერ დავითაშვილი (დედოფლისწყარო), მანანა ნადიბაიძე (ახმეტა); 25 საჯარო და კერძო სკოლის დირექტორი: ქ. თბილისის N:41 საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ ჯავახიშვილი, ქ.თბილისის N103 საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე, ქ. თბილისის N:98 საჯარო სკoლის დირექტორი გიორგი მომცემლიძე, ქ. თბილისის N24 საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი კაკაბაძე, ქ. ტყიბულის N:6 საჯარო სკოლის დირექტორი შოთა ჯინჯიხაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის N:1 საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა შუბითიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ს. ხანის საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო დანაჩევი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ს.შორაპნის საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ ოსაძე, კერძო სკოლის „მომავლის ბიზნეს სკოლა“ დირექტორი ელიზბარ ბარბაქაძე და N4 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა კირკიტაძე; საჩხერის მუნიციპალიტეტის ს. კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გელა მაჭარაშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ს. გრიგოლიშის საჯარო სკოლის დირექტორი ნუკრი ბერიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის ს. ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის დირექტორი მაია გაწერელია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ს. ხოტევის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჯებაშვილი, ონის მუნიციპალიტეტის ს. შეუბის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ჩიკვილაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის N:1 საჯარო სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის ს. ქირაჩ-მუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი მასიმ აივაზოვი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის N:1 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა წაქაძე და ს. ჯავშანიანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ისიანი; დმანისის მუნიციპალიტეტის N:3 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ბეჟუაშვილი; დუშეთის მუნიციპალიტეტის ს. პირმისაანთკარის დირექტორი ზაზა ელისაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის N:3 საჯარო სკოლის დირექტორი თეა მეტრეველი; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ს. ზემო ქედის საჯარო სკოლის დირექტორი დავით სეთური, ახმეტის მუნიციპალიტეტის N:1 საჯარო სკოლის დირექტორი ნანული კრიხელი, საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები. ტელეკომპანია ობიექტივის გადაცემა ,,განათლების რეფორმების კვალდაკვალ” წამყვანი და პედაგოგი მანანა ნიკოლაიშვილი. სპმთპ-ის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები - ,,ქალები სამართლიანობისთვის" ნათია ქევხიშვილი, ,,ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია“ მანანა შეკილაძე და ეკატერინე მაისურაძე, ,,კერძო უნივერსიტეტების ასოციაცია“, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია ,,განათლება ყველასათვის-საქართველოს“ წევრი ორგანიზაციებიდან: ასოციაცია „სკოლა, ოჯახი, საზოგადოება“ ირინა კიკვაძე, მათემატიკის მასწავლებელთა ასოციაცია დოდო თხელიძე, Lions Quest-საქართველო თამარ გეგენავა,. სპმთპ-ის ,,პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერები”. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დარგობრივი ორგანიზაციები: აფხაზეთის პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე შალვა წულეისკირი, ავიაციის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დიზი ტაბატაძე, ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი, მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ბესიკ ხარატიშვილი, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე.