32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

სპმთპ-ის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის ტექსტი შემუშავდა ყრილობის მუშაობის პროცესში, დელეგატთა მოსაზრებების, მოთხოვნებისა და მსჯელობის საფუძველზე. რეზოლუცია ითვალისწინებს სპმთპ-ის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებს სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დაცვის მიმართულებით. კამათში გამომსვლელმა დელეგატებმა ისარგებლეს დელეგატის უფლებამოსილებით და წევრების ნდობის მანდატით, მათ ღიად და თამამად ისაუბრეს საგანამათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე. ასევე, შეაფასეს სპმთპ-ის 4-წლიანი და სპმთპ-ის პრეზიდენტის საქმიანობა.
IX ყრილობის დელეგატებს მიმართა სპმთპ-ის შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლევან ნატარიძემ. მან საანგარიშო პერიოდში სპმთპ-ის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ნაყოფიერი უწოდა.
,,ამ პერიოდში ჩვენ შევძელით არამარტო აღგვედგინა წინა ხელისუფლების მიერ დისკრედიტირებული ჩვენი პროფესიული კავშირი, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ორგანიზაციის განვითარების და მისი ევროპულ პროფესიულ კავშირებთან მიახლოებისათვის.
ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ამ საქმეში უდიდესი წვლილი ჩვენი ორგანიზაციის პრეზიდენტს ქალბატონ მაია კობახიძეს მიუძღვის. მან შეძლო, თითქმის ნულიდან დაეწყო ახალი ფორმისა და შინაარის მქონე პროფესიული კავშირის ფორმირება, მოეხსნა პედაგოგებისათვის ის შიში და სტრესი, რაც დანერგა წინა ხელისუფლებამ, რისთვისაც მადლობა გვინდა გადავუხადოთ მას. ხელისუფლებასთან ჩატეხილი ხიდის აღდგენა კონსტრუქციული დიალოგით და საქართველოს განათლების სამინისტროსთან დარგობრივი შეთანხმების გაფორმება, რომელსაც ევროპის პროფკავშირების ლიდერებმა ,,ისტორიული შეთანხმება“ უწოდეს, თითოეული ჩვენგანისათვის მნიშვნელოვანი მიღწევებია“.
მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს გაწეული ეფექტური მუშაობისათვის.
„ქალბატონი მაია ნამდვილად არის ევროპული სტილის პროფკავშირის ლიდერი და იგი ძალიან უყვართ წევრებს. ამ სიყვარულის გამოძახილს ყველა ხედავთ სოციალურ ქსელებში და ტელე-რადიო საშუალებებში. მაია კობახიძემ შეძლო და ჩავიდა საქართველოს თითქმის ყველა რაიონში და დაესწრო მათ საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციებს. შეხვდა პროფკავშირის რიგით წევრებს, მოუსმინა მათ, გაეცნო მათ პრობლემებს. ეს პატივი მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებსაც ერგოთ. მისმა ჩამოსვლამ ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში სტიმული და იმედის მომცემი იყო პედაგოგებისათვის, მათ ჰყავთ საიმედო დამცველი.

ნება მომეცით აჭარის მაღალი მთების სიწმინდითა და სისპეტაკით შევაფასო ქალბატონი მაიას მიერ გაწეული მუშაობა, არა მხოლოდ დამაკმაყოფილებლად, არამედ წარმატებულად.“

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ს. საბაურის მე-2 საჯარო სკოლის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე რუსუდან კოპლატაძე:
,,აჭარის პირველად, რაიონულ, საქალაქო და რესპუბლიკურ პროფკავშირულ ორგანიზაციებში ჩატარებული საანგარიშგო-საარჩევნო კონფერენციები პროფესიული კავშირების საფუძველთა საფუძვლის, სიმტკიცისა და ერთიანობის ერთგვარ დათვალიერებას წარმოადგენდა. აჭარის მაღალმთიანი რაიონების-ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონულ ორგანიზაციებში კონფერნციებმა მაღალი პასუხისმგებლობებით, საქმიან ვითარებაში ჩაიარა, რასაც მეტი ინტერესი შესძინა სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობაიძის, სპმთპ-ის ხელმძღვნელობის და სხვა პასუხისმგებელი პირების, საქართველოს პარლამენტის წევრების, რაიონული საგანმანათლებლო რესურცენტრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელობის უშუალო მონაწილეობამ.
ვსარგებლობ შემთხვევით და აჭარის 9000 წევრის სახელით, თქვენთან ერთად განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სპმთპ-ის ლიდერებს, ყველა პასუხისმგებელ პირს, დღევანდელი ყრილობის შესაშურ დონეზე ორგანიზებისათვის და სხვა ულევი საქმიანობისათვის, რომელსაც ეწევიან ჩვენი ორგანიზაციის წევრებისათვის.
ხელშესახებია წინსვლა დასაქმებულთა შრომითი, პროფესიული, სამართლებრივი უფლებების დაცვის საქმეში. მნიშვნელოვანად არის გაზრდილი, როგორც პრველადი პროფორგანიზაციების, ისე წევრთა რაოდენობა. თუმცა, ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თვალი ავარიდოთ, ორგანიზაციებში, ჯერ კიდევ არსებულ ნაკლოვანებებსა და გამოუყენებელ რესურსებს. პირველადი ორგანიზაციების როლის ამაღლების მიზნით, პროფორგანიზაციების თავმჯდომარეები უფრო მეტად უნდა ჩაერთონ პროფკავშირულ ტრენინგებში. განვაახლოთ გამოცდილებების ურთიერთგაზიარება და ა. შ. რამდეჯერაც არ უნდა გავიმეოროთ, ჩემს მიერ აღნიშნული რიგი საკითხები, ეს ვერ გამოიყვანს მასწავლებელს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს იმყოფება.
2015 წლის შემდეგ, ხელშეკრულებით დანიშნული პედაგოგი. რომელსაც არ აქვს ჩაბარებული სასერტიფიკაციო გამოცდა, ვერ ერთვება კარიერული წინსვლის სქემაში. პედაგოგებს სერტიფიცირების დღევანდელი ფორმა არ მიაჩნიათ სწავლის ხარისხის გაუმჯობესების გზად. წინასწარ მომზადებული სამოდელო გაკვეთილი ვერც მასწავლებლის კვალიფიკაციას ამაღლებს და ვერც მოსწავლის ცოდნის დონეს. მაღალმთიანობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, შეღავათებს მრავალშვილიან პედაგოგებზე და განსაზღრულია 3000 ლარით, სასურველია ზღვარი გაიზარდოს 6000-მდე ლარით.
გაუგებარია ასეთი პრინციპული საკითხები რატომ იგეგმება, ისე რომ არავინ ეკითხება პედაგოგებს. როგორ და რა ფორმით უკეთესია ანგარიშგასაწევია მასწავლებელთა მოსაზრებები.
საჭიროდ მიგვაჩნია, რესურსცენტრებში შეიქმნას შესაბამის სპეციალისტთა შემადგენლობით სამუშაო ჯგუფები, რომელიც დაეხმარება სკოლას და მასწავლებლებს პროფესიული განვითარებისა და წინსვლის მიმართულებით. მიაწოდებს სკოლებს შესაბამის რესურსებს. შესაშური საქმე იქნება, თუ აღვადგენთ მასწავლებელთა მუდმივმოქმედ ცენტრებს რეგიონების მიხედვით. სკოლისა, თუ სკოლამდელი დაწესებულებებისათვის, მთასა თუ ბარში, რომ აღარაფერი ვთქვათ უმაღლესი სასწავლებლებზე, სადაც უამრავი პრობლემაა, ეს იქნება წარმატებული შედეგის მომცემი. მთავარია მაყურებლის მდგომარეობაში არ დარჩეს არც ერთი ორგანიზაცია, ვისაც შეუძლია ერთი აგური დადოს სისტემის წინსვლაში“.
სპმთპ-ის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი:
,,ქალბატონო მაია, თქვენ ყველა ჩვენგანისთვის ხართ სიმშვიდის და მაგალითის მომცემი, ბევრ რამეს ვსწავლობთ თქვენგან. ყველა სოფელში, ყველა სკოლაში მინდა მივესალმო ჩემს კოლეგებს, მათ იციან რომ ყრილობაზე ვიმყოფები.
ვიყავი სპეც-მასწავლებელი, ვმუშაობდი ერთ-ერთ სკოლაში და ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე. მთელი საქართველოს მასშტაბით სულ ორი მამაკაცი ვიყავით სპეც-პედაგოგი. სკოლა, სადაც ვასწავლი არის პილოტირებული და ზაფხულში გავიგეთ, რომ სპეც-პედაგოგებს ენიჭებათ მასწავლებლის სტატუსი, ჩაერთვებიან სქემაში, მაგრამ ჩამოერთმევათ გაკვეთილის ჩატარების უფლება იმ საგანში, რომლის სპეციალისტებიც არიან. ამ ცვლილებებამდე მქონდა 10 საათი. ცვლილებების შედეგად უნდა დამეთმო ჩემი საგანი. მიყვარს ინკლუზიური განათლება. მიმაჩნია, რომ ამისათვის შინაგანად უნდა იყო მზად. ვსაუბრობ არა როგორც მასწავლებელი, არამედ როგორც მამა. ვისთანაც ვმუშაობდი, ის მოსწავლეები უკვე სკოლას ამთავრებენ. მიხედავად იმისა, რომ გავიარე ყველა სახის ტრენინგები, ვიხარჯებოდი ამ ბავშვებისთვის, ძალა და ღონე არ დავიშურე, სამწუხაროდ, მტკივნებული იყო, მაგრამ სექტემბერში მივიღე გადაწყვეტილება და დავტოვე სპეც-პედაგოგის პოზიცია.
ქალბატონო მაია, ჩვენ ჩვენი სპეციალობა გვენატრება და მოგმართავთ თხოვნით, დაგვიბრუნონ ჩვენი სპეციალობით მუშაობის უფლება, თუნდაც მცირე საათობრივი დატვირთვით. სპეც-პედაგოგობა არ არის მარტივი, არ არის მარტო რაიმე გეგმის განსაზღვრა და დაწერა, მინდა გითხრათ, რომ სპეც-პედაგოგი უნდა ასწავლიდეს საგანსაც, რადგან ჩვენ არა მარტო მასწავლებლები ვართ, არამედ, ვასწავლით უფრო მეტ რამეს.
აჭარის წარმომადგენელს ვეთანხმები, მასწავლებლები მარტო სქემებით და გეგმებით ვართ დაკავებულნი და მოსწავლის ადგილი აღარ ჩანს. ბიუროკრატია უნდა შემცირდეს. სპეც-პედაგოგები სკოლებს სჭირდება და მეტი ყურადღებაა საჭირო.
მასწავლებლებს გაცილებით მეტი გვართებს საგანის სწავლებაზე მეტი, ადამიანებს ცხოვრება უნდა ვასწავლოთ. ჩვენ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ და დაფასება გვჭირდება.“
მარტვილის რაიონის დელეგატი, ს. ნოღის საჯარო სკოლის მასწავლებელი ირაკლი დამენია:
„რაიონის დონეზე მასწავლებელთა პროფესიული გადამზადებისთვის ბევრი რამ განხორციელდა, შედეგად მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს და გაეზარდათ ანაზღაურებაც.
სპმთპ-ის მოთხოვნით და სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის ჩართულობით, გამარტივდა სქემის ცალკეული მოთხოვნები, რისთვისაც მას განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით. მისი წვლილის შესაბამისად, ქალბატონი მაია იყო უალტერნატივო კანდიდატი და დელეგატებისაგან დამსახურებულად მიიღო დიდი ნდობა. მართალია არც მასწავლებლების ხელფასია საკმარისი, მაგრამ განსაკუთრებულად სავალალოა ტექნიკური პერსონალის მდგომარეობა. მათი ანაზღაურება საარსებო მინიმუმსაც არ უტოლდება და პენსიაზე დაბალია. ჩვენი აზრით, ერთნაირად უნდა დადგეს ადმინისტრაციისა და ტექ-პერსონალის ხელფასების ეტაპობრივი ზრდის მოთხოვნა.“
ეკატერინე ჭელიძე, სპმთპ-ის ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე:
„დღეს მოვდიოდი და ვფიქრობდი სიტყვით გამოსვლაზე. ვღელავდი, დავფიქრდი და ვთქვი - რა მაქვს ასაღლევებელი, ეს ხომ ჩემი ოჯახია. აქ ხომ იმას ვამბობთ, რასაც ვაკეთებთ, როგორ ვეხმარებით ადამიანებს. ეს ორგანიზაცია ჩვენი ერთობაა, საერთო საქმეა. გაზვიადების გარეშე მოგვაქვს დასაქმებულთა ტკივილი და ვიზიარებთ ერთად, ვსახავთ გეგმებს პრობლემების გამოსასწორებლად. პროფკავშირის იდეაც ხომ სხვისი პრობლემების გაზიარება, გამოსავლის გზების ძიება და გადაჭრაზე ზრუნვაა. ეს არის საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია, დასაქმებულთა პრობლემების გადაჭრის და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველდღიურად ვზრუნავთ წევრებზე.
წლებია პროფკავშირის წევრი ვარ, თუმცა ასეთი მჭიდრო შეხება არ მქონია ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობასთან. მიმდინარე წლის მაისის თვიდან დავიწყე ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის აღდგენა და უკვე 200 წევრი ვართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვითანამშრომლოთ ადგილობრივ სამთავრობო ორგანოებთან, დირექტორებთან, ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ ჩვენს პოტენციურ წევრებთან და წევრებთან, რათა დროულად მივიტანოთ პროფკავშირის საქმინობის შედეგები. უმნიშვნელოვანესია მუდმივად ვიყოთ მათთან კონტაქტზე. თუ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას, თუ დემოკრატიული ღირებულებების მქონე თაობები უნდა აღვზარდოთ, მაშინ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისათვის.
საგანმანთლებლო სფერო ერთი დიდი ორგანიზმია და თითოეული დასაქმებული ახალი გამოწვევების წინაშე დგას. გამომდინარე აქედან, ჩვენ, პროფკავშირი, ვთვლით, რომ უნდა ვიყოთ დასაქმებულების მხარდამხარ, რათა შევქმნათ ერთიანი, გამჭვირვალე და ძლიერი ორგანიზაცია.“
ვივინა ძიძიგური, სპმთპ-ის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე:
,,მესამე წლია მარტვილის რამდენიმე მასწავლებელი მუშაობს სკოლაში და არ არიან ჩართულები სქემაში. მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლებს ექმნებათ გარკვეული ხელოვნური ბარიერები, სტატუსის მინიჭებისათვის აქტივობების განხორციელების პროცესში და ითხოვენ, რომ ორგანიზაციამ ამ კუთხით გააძლიეროს საქმიანობა.
ნაზიბროლა მიქელაძე, ხულოს რაიონის ს. სხალთის საჯარო სკოლის მასწავლებელი:
,,ქალბატონო მაია გვახარებს თქვენი ლიდერობა. ბევრი პოზიტიური ძვრები განხორციელდა მასწავლებელთა საკეთილდღეოდ, მთასა და ბარში. მე, როგორც მთის პედაგოგმა ერთი მტკივნეული საკითხი მინდა გთხოვოთ, რაც კლასკომპლექტებს ეხება. ყველაზე მეტად მტკივა გული იმასთან დაკავშირებით, რომ 10 მოსწავლეზე არ იხსნება კლასი, როცა პარალელურ კლასებში 10 მოსწავლეა. ძალიან გთხოვთ დაგვეხმაროთ და კლასკომპლექტში შემცირდეს მოსწავლეთა რაოდენობა, იყოს 6-7 მოსწავლე, ხოლო 10 მოსწავლეზე გაიხსნას კლასი. თანამედროვე სწავლების პირობებში, როცა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებაა, ძალიან გვიჭირს პედაგოგებს კლასკომპლექტში 10 მოსწავლესთან მუშაობა, მაშინ როცა სპეციალური საჭიროების მოსწავლეც არის იმ მოსწავლეების გვერდით. მეორე პრობლემა, მთაში გახლავთ ინტერნეტ ქსელის არარსებობის პრობლემა. ძალიან ბევრ სკოლას არ აქვს ინტერნეტი, ან ხარვეზებით მიეწოდება. მთის სკოლების მესამე პრობლემა - აბსოლუტური უმრავლესობა განიცდის ქიმიის და ფიზიკის კაბინეტების არქონას და ეს ტექნიკური საგნების სწავლებისთვის, მასწავლებლისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. იქნებ დაგვეხმაროთ, რომ ეს პრობლემები წარედგინოს განათლების სამინისტროს“.

ლელია გორგაძე, სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე:
„სკოლამდელი საფეხური მეტ ყურადღებას მოითხოვს, ბავშთა რაოდენობა ზღვარს გადაცილებულია და სახელმწიფო ფიქრობს რესურსების შემცირებაზე. ჯგუფები გადატვირთულია, 2 ადამიანი მუშაობს 40-45 ბავშვთან, რაც საფრთხეს უქმნის უპირველეს ყოვლისა ბავშვებს. ამ პირობებში კი, სახელმწიფოს მოთხოვნაა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად და ხარისხიანად წარმართვა, შედეგებზე გასვლა, რისი საშუალებაც არ ეძლევათ პედაგოგებს.
საბავშვო ბაგა-ბაღების ჯგუფებში არიან სპეციალური საჭიროებების აღსაზრდელები და ეს ბავშვები მარტო სკოლაში არ ჩნდებიან. არ გყავს სპეციალისტები, ყველა არ შეიძლება იყოს სპეც-მასწავლებელი და ამ პრობლემის მოსაგვარებლად მარტო ტრენინგები არ არის საკმარისი. დამეთანხმებით, რომ პროფესიონალების ჩამოყალიბებისთვის სახელმწიფომ კომპლექსურად უნდა იზრუნოს.
ადრე იყო მასწავლებელი და ძიძა. ბავშვის მოვლა-მოწესრიგების ვალდებულება ჰქონდა ძიძას. ახლა დავარქვით აღმზრდელის თანაშემეწე, ჩავრთეთ სააღმზრდელო პროცესებში და ვეღარ ერკვევა, რა უნდა შეასრულოს, დაალაგოს, მოაწესრიგოს, თუ ჩაერთოს საგანმანათლებლო პროცესში. ძიძას უწევს სველი წერტილის და სამზარეულოს დალაგება, ამოიტანოს საკვები, გაშალოს მაგიდა, ბავშვს გამოუცვალოს და ეს ყველაფერი ძალიან მიზერულ ანაზღაურებაზე.
მადლობა ქალბატონო მაია, რომ ეს საკითხი თქვენს მოხსენებაში პირდაპირ შეიტანეთ. არ შეიძლება მავანისა და მავანის გადაწყვეტილებით განისაზღვროს ხელფასი. მუნიციპალიტეტს აქვს თუ არა საშუალება, განათლების სფეროს მუშაკებისათვის სახელმწიფომ დოტაციის სახითაც უნდა გაიღოს თანხები. საბავშვო ბაღის აღმზრდელი მასწავლებელია და ისევე გაგებით უნდა მოეკიდონ მის საქმიანობას, როგორც სკოლის მასწავლებლების.
და ბოლოს, სანამ არ შეიქმნება მჭიდრო კავშირი ამ სამ მნიშნველოვან რგოლს- სკოლამდელს, სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელს შორის, ჩვენ ვერ მივიღებთ ერთ ღირებულ მოქალაქეს, რომელიც დაიცავს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟსა და მომავალს“.
თამარ გიგაური, სპმთპ-ის ახალგორის რაიონული ორგანიზაცია:
,,წუხელ გადმოვკვეთე საზღვარი ოკუპირებული ტერიტორიიდან. დღეს აქ ვარ დევნილ პედაგოგებთან ერთად. მათ ძალიან ბევრი რამ უჭირთ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ სახლებში ვერ მიდიან, სახლ-კარი ენატრებათ. ფაქტიურად, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუშაობენ, მათ რთულ მდგომარეობაში უხდებათ ცხოვრება. ყველა პედაგოგი გმირია, რომელიც თავის საქმეს ასრულებს, მაგრამ ჩვენ ისეთ პირობებში ვმუშაობთ, როდესაც გვიკრძალავენ მშობლიურ ენაზე საუბარს. თავად ქართულს ვასწავლი სკოლაში, რომელიც საუკუნეზე მეტია არსებობს. 50 წელია მასწავლებელი ვარ და 3 ათეული წელია რაიონული ორგანიზაციის ლიდერი. ახალგორის ორგანიზაცია ფაქტიურად დანგრეულია. მინდა გთხოვოთ, ქალბატონო მაია, ბატონო ირაკლი და მივმართავ დონორ ორგანიზაციებს, ყველას მიაწოდოთ ჩვენი სატკივარი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილია 7 სკოლა, აქედან ერთი სრულად რუსულენოვანია, 6 ქართული სკოლაა, თუმცა მხოლოდ მე-5 კლასამდე. იქნებ 2-3 სახელმძღვანელო შევიტანოთ სკოლებში, იმისათვის, რომ ბავშვებს ქართული ვასწავლოთ.“
ცირა გულუა, სპმთპ-ის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე:
„ვულოცავ პედაგოგიურ კორპუსს ამ დღეს! მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს - სქემაში ჩართულ მასწავლებელთა გარკვეულ ნაწილს დაგროვილი აქვთ საკმარისი კრედიტქულები და დღესაც არ აქვთ პასუხი სტატუსის მინიწების შესახებ. 10 ოქტომბერს მოვიდა ზოგიერთი პედაგოგის დასტური, ზოგის ნოემბერში გამოცხადდება, შესაბამისად ზარალდებიან მასწავლებლები, გვიანდება პასუხი და არ იღებენ სტატუსის დანამატს. რამდენად სამართლიანია?! მიგვაჩნია, რომ ამ საკითხის მოგვარება ჩვენი ორგანიზაციის საზრუნავია“.
სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამარ ბარისაშვილმა ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების დაწესებულებების მდომარეობაზე:
„ჩვენი ორგანიზაცია აერთიანებს, როგორც სკოლამდელ და საშუალო, ასევე უმაღლეს სასწავლებლებს. მართალია, უმაღლესი სასწავლებლები ჯერ კიდევ მწირად არიან წარმოდგენილები ჩვენს ორგანიზმში, მაგრამ ისეთი რეფორმა მიმდინარეობს მათთან დაკავშირებით და ისეთი შედეგები დაიდო, რომ ბევრ უმაღლეს სასწავლებელს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ. ჩვენთვის აუცილებელია, რომ უმაღლესი სასწავლებლების გამოწვევებზე დავიწყოთ უფრო ინტენსიური დიალოგი სამინისტროსთან“- აღნიშნა თამარ ბარისაშვილმა.
სპმთპ-ის დელეგატებმა, წევრების სახელით, შეიმუშავეს სპმთპ-ის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის რეზოლუციის ტექსტი და ღია კენჭისყრით დაამტკიცეს.