უჩასპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის კიდევ ერთი წარმატებული საქმე!
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა.(ა).ი.პ თბილისის 31-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის ხათუნა მაჩაიძის სააპელაციო საჩივარი. დამსაქმებელს დაეკისრა მისი პირვანდელ სამუშო ადგილზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.ხათუნა მაჩაიძის ინტერესებს, სასამართლოში, სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბაკურაძე და იურისტი მეგი საკანდელიძე იცავდნენ.
2018 წლის 26 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - ვანო წიკლაურმა გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა ა.(ა).ი.პ თბილისის 31-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის ხათუნა მაჩაიძის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწვეტილება და დამსაქმებელს დაეკისრა დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, განაცდურის ანზღაურებასთან ერთად.ქალბატონ ხათუნასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა კანონდარღვევით, 2017 წლის 19 მაისს.მან მალევე მომართა დამხმარებისათვის სპმთპ-ს. დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იურიდიულ დეპრატამენტის იურისტის მეგი საკანდელიძის მიერ შედგა სარჩელი, რომლითაც გასაჩივრდა დამსაქმებლის გადაწყვეტილება. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც დამსაქმებლის პოზიციით გამოიხატებოდა დასაქმებულის მიერ სამუშაო დღეების გაუფრთხილებლად გაცდენაში.
საქმე იმაშია, რომ ხათუნა მაჩაიძეს 2017 წლის 4 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით გახსნილი ჰქონდა საავადმყოფო ფურცელი, რომლის შემდგომაც მას სურვილი ჰქონდა ესარგებლა ანაზღაურების გარეშე შვებულებით, რის შესახებაც საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორს აცნობა ტელეფონის საშუალებით (აღნიშნული პროცესზე თავად დამსაქმებელმაც არ უარყო), რა დროსაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მას შეეძლო ესარგებლა ანაზღაურების გარეშე შვებულებით და წერილობით განცხადებას ქალბატონი ხათუნა წარადგენდა პირველი შესაძლებლობისთანავე. თუმცა 19 მაისს, მას შემდეგ რაც დასაქმებულმა წარადგინა წერილობით განცხადება, ( ამ დრომდე მას კიდევ ორჯერ ჰქონდა წერილობითი მოთხოვნის წარდგენის მცდელობა, მაგრამ დამსაქმებელთან შეხვედრა ვერ მოახერხა ამ უკანასკნელის სამუშაო ადგილზე არ ყოფნის გამო.) რამდენიმე საათში სატელეფონო კომუნიკაციის გზით დამსაქმებლისგან ეცნობა, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან, სამზე მეტი სამუშაო დღის გაუფრთხილებლად გაცდენის გამო.

სპმთპ-ის იურისტებმა სასამართლოს, საქართველოსა და საერთაშორისო შრომის კანონმდებლობის ნორმებზე დაყრდნოთ განუმარტეს, რომ ხათუნა მაჩაიძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვალდებულების უხეშ დარღვევას, ვინაიდან დამსაქმებელი ინფორმირებული იყო სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ და მისი მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას საკუთარი ვალდებულებების მიმართ ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა დამსაქმებელს არც კი უცდია გაერკვია თუ რატომ ვერ შეძლო დასაქმებულმა დროულად წერილობით განცხადების წარდგენა და ჰქონდა თუ არა რაიმე საპატიო მიზეზი.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს წარედგინა ყველა საჭირო მტკიცებულება, მათ შორის მტკიცებულება დასაქმებულის შვილის ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ, რომლის გამოც დასაქმებულმა ვერ შეძლო წინასწარი წერილობით მოთხოვნის წარდგენა შვებულებით სარგებლობასთან დაკავშირებით, სასამართლომ შრომის საერთაშორისო ნორმებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გვერდის ავლით დაადგინა, რომ შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებასთან მიმართებით ფორმალური გარემოებების დაცვას შრომის სამართალში, უპირატესი მნიშვნელობა აქვს.
ამის საწინააღმდეგოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ ხათუნა მაჩაიძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია საკუთარი ვალდებულებების უხეშ დარღვევას. გარდა ამისა, დამსაქმებელს არ მიუნიჭებია უპირატესობა შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებისათვის და არც კი უცდია გამოერკვია დასაქმებულის სამსახურში გამოუცხადებლობის რეალური მიზეზი, რაც ბადებდა ეჭვს რომ გათავისუფლება იყო მიზანმიმართული. შესაბამისად დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოდიოდა როგორც შრომის საერთაშორისო, აგრეთე ქართულ კანონმდებლობასთან და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან.
სპმთპ გამოხატავს მადლიერებას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვანო წიკლაურის მიმართ, მიღებული კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების გამო!
,,სიჩუმე არ გამოდგება, როცა ირღვევა დასაქმებულის უფლებები”