,,განათლების პროფკავშირების საქმიანობაში შეტანილი გამორჩეული წვლილისა და თანასწორობის საკითხების ხელშეწყობისათვის” საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტს მაია კობახიძეს ETUCE-ის კუნკა დამიანოვას სახელობის პირველი პრიზი გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართაETUCE-ის სპეციალურ კონფერენციაზე ქ. ათენში, სადაც მაია კობახიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ETUCE-ის პრეზიდენტს კრისტინ ბლოუერს, ევროპულ დირექტორ სუზან ფლოკენს, ჟიურის და ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

ღვაწლმოსილი პროფკავშირის ლიდერის კუნკა დამიანოვას სახელობის სპეციალური ჯილდო პირველად 2018 წელს დაწესდა და ყოველ მომდევნო ოთხ წელიწადში ერთხელ, ETUCE-ის სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით შერჩეული ლიდერები დაჯილდოვდებიან.

სპმთპ-ის ლიდერმა მიმართა ევროპის რეგიონის 51 ქვეყნის, ETUCE-ის წევრი 132 პროფკავშირული ორგანიზაციის 300 დელეგატსა და მოწვეულ სტუმრებს:

,, ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ყველასთვის საყვარელი, ღვაწლმოსილი ლიდერის-კუნკა დამიანოვას ჯილდოს პირველი მფლობელი. დიდი მადლობა ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) პრეზიდენტს კრისტინ ბლოუერს და ევროპულ დირექტორს სუზან ფლოკენს ასეთი მაღალი შეფასებისათვის, ჯილდოს კომისიას და ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. კუნკა დამიანოვას ჯილდო არის, არა პიროვნულად ჩემი, არამედ მთლიანად საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის დამსახურება.

როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენმა ორგანიზაციამ წარმატებით დაამთავრა გარდამავალი პერიოდი, საბჭოური პროფკავშირი ისტორიას ჩაბარდა. დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ორგანიზაცია შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, საქართველოს მასწავლებლები ევროპის პროფკავშირების სრულფასოვანი წევრები არიან. დიდი მადლობა ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტს, ვისი დახმარებისა და ზრუნვის გარეშეც დღევანდელი შედეგების მიღწევა გაგვიჭირდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაციის ლიდერთა 90 % ქალია, ჩვენს ქვეყანაში მაინც პრობლემაა, სახელმწიფო სექტორში, წამყვან თანამდებობებზე ქალის პოტენციალისა და შესაძლებლობების გამოყენება. ჩემი საკონკურსო პროექტიც ითვალისწინებს ქალი ლიდერის ჩამოყალიბებისა და განვითარების საკითხს. ამ მიმართულებით, ჩვენს ქვეყანაში, გასაკეთებელი ბევრია და კუნკა დამიანოვას ჯილდოთი შევეცდები შესაძლებლობებისამებრ ამოვავსოთ არსებული ვაკუუმი.

ჯილდოს ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს ჩამოვაყალიბოთ ქალი ლიდერების ქსელი, ETUCE-ს წევრი ორგანიზაციების ჩართულობით და ჩავატაროთ ვორქშოპი, თემაზე - ,,ქალ-ლიდერთა გაძლიერება-ქალთა შესაძლებლობების ფორმირებისათვის“.

მე წარმოვადგენ ქვეყანას, სადაც ისტორიულად, განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა ქალს. ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გენიალურმა ქართველმა პოეტმა შოთა რუსთაველმა თავის უკვდავ პოემა ,,ვეფხისტყაოსანში“ ხაზი გაუსვა ქალისა და მამაკაცის თანასწორობას: ,,ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია“. მე-12 საუკუნეში საქართველოს მართავდა ქალი-მეფე თამარი, რომლის სახელსაც უკავშირდება საქართველოს გაბრწყინებისა და აღმშენებლობის პერიოდი.

ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაშინ, როდესაც გენდერული თანასწორობის ტერმინიც არ არსებობდა, ჩვენმა წინაპრებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს ამ მიმართულებით.

ქალის როლი არა მხოლოდ ძველ ისტორიაშია დადასტურებული. მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1918 წელს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების-პარლამენტის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს ქალებმა. საქართველო იყო მსოფლიოს სულ რამდენიმე ქვეყნის შემადგენლობაში, სადაც ქალებს ჰქონდაც ხმის უფლება, ხოლო ჩვენი პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც ქალები არჩეულნი იყვნენ პარლამენტის წევრებად.

ისტორიულმა ქარტეხილებმა, კერძოდ, 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამ შეაფერხეს იდეის განვითარება, მაგრამ დღეს დადგა დრო, როდესაც ქალის მიმართ, ქართულ გენეტიკურ კოდში ჩადებული მუხტი თავის სრულყოფილ განვითარებას მიაღწევს.

სიმბოლურად მიმაჩნია, ამ ჯილდოს გადმოცემა საბერძნეთში, ქვეყანაში, რომლის ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ერთ-ერთი მთავარი ღერძი ქართველი ქალია- საქართველოს კოლხეთის მეფის ასული მედეა.

ძვირფასო კოლეგებო, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გამოვხატო ღრმა პატივისცემა ევროპული კომიტეტის პრეზიდენტის, ევროპული დირექტორის, კომიტეტში შემავალი ყველა ორგანიზაციის და მასპინძელი ორგანიზაციების ლიდერების მიმართ, თანდგომისათვის.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო გერმანიის განათლების პროფკავშირს (GEW), კუნკა დამიანოვას ჯილდოზე განაცხადის წარდგენის მხარდაჭერისათვის”.