,,ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების, განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების პროფკავშირის ყრილობის მუშაობაში მონაწლეობა, ნათლად მეტყველებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე, ნიშნავს არა მხოლოდ ჩვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, არამედ მთლიანად პედაგოგთა საზოგადოების მიმართ გამოხატულ პატივისცემას და მხარდაჭერას. თუ გავიხსენებთ პროფკავშირის უახლეს ისტორიას, 2010-2012 წლებში, ხელისუფლების მხრიდან ჩვენს ორგანიზაციაზე განხორციელებულ უპრეცენდენტო ზეწოლის ურთულეს პერიოდს, მაშინ დამეთანხმებით, რომ რადიკალურად არის შეცვლილი ხელისუფლების დამოკიდებულება პედაგოგების და მათი გაერთიანების-პედაგოგთა პროფკავშირის მიმართ. ნება მიბოძეთ, თქვენი სახელით მივესალმო და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მობრძანებისათვის’’ - განაცხადა სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ.

ყრილობის დელეგატებს მიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა:

„მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს უცხოელ სტუმრებს. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ვხედავთ ადამიანებს რამდენად დაინტერესებულები და აქტიურები არიან.

განათლება არის ის უმნიშვნელოვანესი სფერო, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა და მომავალი წლებისთვის, განათლების განვითარების ხელშეწყობა აღიარებულია ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად, რომელიც უნდა გადაიდგეს ქვეყანაში. წლევანდელი წელი გამოირჩევა ქვეყანაში განსახორციელებელი სხვა რეფორმებითაც. ასევე წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციიდან, მათ შორის როგორიც არის მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ქვეყნის მომავალი განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აღიარებული იქნა ადამიანის კაპიტალის განვითარება, როგორც ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხური.

წლევანდელი წლის ანგარიშებით და მომავალი წლების გეგმებით, ასეთი დიდი საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ, რომ ქვეყნის განვითარება, ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია რამდენად სწორად და ეფექტურად ვითარდება ქვეყანაში ადამიანური კაპიტალი. ადამიანური კაპიტალის განვითარება კი, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ხარისხიანი განათლების გარეშე. თქვენი ორგანიზაციაც, პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირი, არის გაერთიანება, სწორედ ის მომავალი, რომელზეც საუბრობს, როგორც ჩვენი მთავრობა, ისე ყველა დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია.

უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აღიარება, ნიშნავს არამარტო სიტყვიერ მხარდაჭერას, არამედ იმ მნიშვნელოვან რესურსულ დახმარებას, რომელიც გულისხმობს სწორედ ადამიანური კაპიტალის განითარებას. დღეს ვახსენეთ მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროკავშირი და სხვა ორგანიზაციები, ყველა მათგანი, უახლოეს პერიოდში რაც შეხვედრები მქონდა, გვიცხადებს სრულ მხარდაჭერას, იმისათვის, რომ ქვეყანაში განხორციელდეს მნიშვნელოვანი ძვრები. რაც შეეხება განათლების სისტემას, ამას მხარში უდგას ყველა აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაცია და გამოხატავს არამარტო მხარდაჭერას ამ პროცესების მიმართ, არამედ ყველანაირ დახმარებას, როგორიცაა საერთაშორისო გამოცდილება და რესურსები. გარდა სიტყვიერი განცხადებისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგმება უკვე მომდევნო წლის დასაწყისიდან და მოიცავს არა მხოლოდ რეფორმებს, არამედ მთავრობის მხრიდან განათლების სექტორისადმი მნიშვნელოვან რესურსულ მხარდაჭერას.

ყრილობას ესწრებიან დეპუტატები, რომლებიც დაგვემოწმებიან, რომ ახლა პარლამენტში მიმდინარეობს ბიუჯეტის პროექტის განხილვა და ჩვენ ვნახავთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი განათლების მიმართულებით. ძალიან მოხარული ვართ, რომ განათლების დაფინანსება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდაა, რაც გულისხმობს: სკოლების განვითარებას, სკოლის პედაგოგების ხელფასების ზრდას და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არამარტო მომავალ წელს, არამედ ყოველწლიურად განათლების ბიუჯეტის გაზრდა. ჩვენს განცხადებაში ვთქვით, რომ რამდენიმე წელიწადში საშუალო ხელფასი 1500 ლარამდე გაიზრდება. ეს არის მინიმალური დანაპირება, რომელიც უახლოეს პერიოდში აუცილებლად უნდა შევასრულოთ. ნამდვილად არ მიყვარს საუბარი ცარიელი სიტყვებით, ეს ყველაფერი გათვლილია, ყველაფერი განსაზღვრულია ბიუჯეტში და სხვა შედეგებთან ერთად, ჩვენ ვნახავთ პედაგოგის ღირსეულ ანაზღაურებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პედაგოგებისთვის.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც მომავალი წლიდან განსაზღვრულია, არის ინფრასტრუქტურული პროექტები, იმ სკოლების რეაბილიტაცია, რომელებიც ბევრი საჭიროების წინაშე დგანან. ეს განხორციელდება დედაქალაქში, რეგიონში, თუ პატარა სოფელში, სადაც შეიძლება მხოლოდ რამდენიმე მოსწავლეა და ყველა ასეთი სკოლა იქნება ევროპულ სტანდარტებთან მოყვანილი. მოხარული ვარ რომ, მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას და ბოლო წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურული პროქტების დაფინანსების ამგვარი ზრდა არ ყოფილა.

მხარდაჭერა გვაქვს მეცნიერების მიმართულებით. გვწამს, რომ საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ნებისმიერი წარმატებული განათლების სისტემა, ნებისმიერი მაღალი ხარისხის განათლება, წარმოუდგენელია მეცნიერების განვითარების გარეშე. ეს არამარტო ჩვენი ხედვაა, არამედ იგეგმება კონკრეტული აქტივობები. ჩვენს ქვეყანას სჭირდება აღორძინებული მეცნიერება, იმიტომ, რომ ამის ტრადიციებიც გვაქვს, გვყავს და გვყავდა მსოფლიო დონის მეცნიერები, რომლებიც ქმნიდნენ მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითო სამეცნიერო სკოლებს. შესაბამისად, ჩვენ არ გვჯერა მაღალი ხარისხიანი განათლების, მეცნიერების განვითარების გარეშე.

აქტიურად მუშაობს რუსთაველის ფონდი, მაგრამ ქართული მეცნიერების განვითარებისათვის საჭიროა მოვიზიდოთ დამატებითი რესურსები, რათა მომავალი წლის დასაწყისიდანვე რადიკალურად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ ჩვენი მეცნიერების განვითარებისთვის. ჩვენ გვჯერა ერთის, რომ საქართველოს აღებული გეზი, რომელიც ორიენტირებულია დასავლეთთან ინტეგრაციისთვის, ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი განათლების განვითარებისათვის, მიმართული იქნება იქითკენ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ვიყოთ ინტეგრირებული საერთო ევროპულ სივრცესთან. ამასთან ერთად, დაცული იქნება ყველა ადამიანის უფლება და ჩვენს პედაგოგებს ექნებათ ღირსეული მომავალი. არ გვჯერა ისეთი წარმატებული რეფორმების, სწორი ნაბიჯების, თუ ვერ შევუქმნით ყველა პედაგოგს ღირსეულ ეკონომიკურ პირობებს, ნებისმიერ ადგილას ქალაქში, თუ სოფელში. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ორივე მიმართულებით: შევქმნათ ღირსეული ეკონომიკური პირობები და კიდევ უფრო ავამაღლოთ პედაგოგის პრესტიჟი.

ამიტომ რეფორმების ფარგლებში, თითოეული ნაბიჯი ორიენტირებული იქნება პირველ რიგში ინკლუზიურობაზე, ღირსეული პირობების შექმნაზე და ამოსავალი ფაქტორი იქნება ადამიანის უფლებები და ადამიანისთვის ღირსეული პირობების შექმნა. ამისათვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და გპირდებით, რომ უახლოეს პერიოდში დაინახავთ ამ ნაბიჯებით იმ კონკრეტულ შედეგებს, რომელსაც ყველა ველოდებით.

მე მინდა წარმატება გისურვოთ პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირს განვითარების პროცესში. ძალიან მოხარული ვარ რომ აქ ვიმყოფები. მინდა გისურვოთ მომავალი წარმატებები და ვუსურვო ჩვენ განათლების და მეცნიერების სიტემას წარმატებები. ეს ყველაფერი თავისთავად განხორციელებადია მხოლოდ ერთობლივად, მხოლოდ ერთობლივი ნაბიჯებით და ვფიქრობთ, რომ მართლაც ჩვენი ქვეყნის მომავალი იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც სიამოვნება მოგვანიჭეს მაგალითად ამ ბავშვებმა.

ჩვენ გვჯერა ჩვენი ქვეყნის მომავლის, ჩვენ გვჯერა ჩვენი წარმატების, ერთობლივად ეს ყველაფერი რეალური და მიღწევადია“.

სპმთპ-ის IX ყრილობას ესწრებოდნენ საკანომდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, პარლამენტის წევრი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე და მისი მოადგილე ირაკლი თურმანიძე, ს.ს.ი.პ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის” რეგიონალური კოორდინაციის სამსახურის უფროსი ხათუნა ბარბაქაძე, რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები-ხათუნა მაჭარაშვილი (ვაკე-საბურთალო), მარინე ვეფხვაძე (ხარაგაული), მერაბ მიგინეიშვილი (აბაშა), პაშა გულორდავა (მარტვილი), დარეჯან ზარანდია (სენაკი), ლია ჯალაღონია (ჩხოროწყუ), ბეატრისა რუსია (ხობი), იზოლდა ლომიძე (ბორჯომი), იამზე სვანიძე (ბოლნისი), მუჟირიშვილი ნონი (დმანისი), დავით ოსეფაიშვილი (დუშეთი), მანანა ჩიკვაიძე (ლაგოდეხი), მანანა ცუცქირიძე (საგარეჯო), ეთერ დავითაშვილი (დედოფლისწყარო), მანანა ნადიბაიძე (ახმეტა), საჯარო და კერძო სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები.

სპმთპ-ის ყრილობის დელეგატებს მიმართა პარლამენტის წევრმა, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა:

„ჩემთვის დიდი პატივია, თქვენს წინაშე გამოსვლა, ჩემი მოსაზრებებისა და ხედვების წარმოჩენა. მინდა, მივესალმო პედაგოგთა პროფკავშირის ყველა წევრს, რომელთა საქმიანობა მინახავს ადგილებზეც, ბევრ რეგიონში და მინდა გითხრათ, რომ ზოგადად საზოგადოებრივ საქმიანობაში თქვენი წარმომადგენლები ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ასევე მინდა მივესალმო უცხოელ სტუმრებს. ვიცი ინტენსიური, კოლეგიალური და თანასწორი თანამშრომლობისა და თანადგომის შესახებ, თქვენს ორგანიზაციასა და უცხო ქვეყნების პროფკავშირებს შორის. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ბევრი ორგანიზაცია და ხშირად სახელმწიფო უწყებებიც, თანაბარ პირობებში და კოლეგიურად არ ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრ ქვეყანასთან. ხშირად ვართ ძალიან დამოკიდებულ მდგომარეობაში, ხოლო თქვენ თანასწორუფლებიანობის დაცვით ახორციელებთ ამას, რაც თქვენი დამსახურებაც არის და იმ ორგანიზაციებისაც, რომლებიც სოლიდარობის პრინციპზე დაყრდნობით აგებენ თავიანთ საქმიანობას ქვეყნის შიგნითაც და საზღვრებს გარეთაც.

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის საანგარიშო მოხსენება, რომელიც ქალბატონმა მაია კობახიძემ წარმოადგინა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის სიტორია და სირთულეები, რომელიც ამ ორგანიზაციას ჰქონდა. მაგრამ მე მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი მაია თავისი მოხსნების მცირედ ნაწილში შეეხო ამ თემას, დანარჩენი ნაწილი კი იყო ძალიან საქმიანი. სამომავლო გეგმები ძირითადად დაკავშირებული იყო თვითკრიტიკასთან და იმ ხედვებთან, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა.

მე მინდა ერთგვარი შედარება გავაკეთო - თუ წარმოვიდგენთ რომ სადღაც მივდივართ ავტომობილით, რა თქმა უნდა ჩვენ სარკეში უნდა ჩავიხედოთ, რომ დავინახოთ რა ხდება უკან, მაგრამ თუ ჩვენ მხოლოდ უკან ვიყურებით, წინ ვერ წავალათ. ამიტომ მხოლოდ კრიტიკა იმ მდგომარეობისა, რაც იყო, არა თვითკრიტიკული დამოკიდებულება დღევანდელობის მიმართ და პირველ რიგში, ჩვენი საქმიანობის მიმართ, ცუდი მეგზური იქნება ჩვენი მომავალი წინსვლისთვის. გამომდინარე აქედან, მეც მინდა თვიკრიტიკულად ვისაუბრო, როგორც ხელისუფლებისა და უმრავლესობის წარმომადგენელმა, რის გამოც, გვაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა.

ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ მასწავლებლის ხელფასი დაბალია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ხელფასი გაიზარდოს. ყველა მინისტრი და ხელისუფალი ამის შესახებ საუბრობს, მაგრამ ზრდა არ ხდება, ვერ ხდება ან იზრდება, მაგრამ არასაკმარისად. ეს იმიტომ, რომ არც საზოგადოებას და არც პოლიტიკოსებს კარგად არ გვესმის, რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ ჩვენ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ თუ ჩვენ რადიკალურად არ შევცვალეთ განათლების ხარისხი ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება რადიკალური ცვლილებები.

ჩვენ ვსაუბრობდით მეცნიერების შესახებ და მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში წელიწადში მეცნიერების დაფინანსება შეადგენს 65 მილიონ ლარს და მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესოა მთელს მსოფლიოში. თუმცა, მაგალითად ფინეთში, სადაც მოსახლეობა დაახლოებით შეადგენს იმდენივეს, რამდენსაც საქართველოს მოსახლეობა, მეცნიერების დაფინანსება არის 7 მილიარდი ევრო წელიწადში. შესაბამისად, ამ ციფრების შედარებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ბიუჯეტი იზრდება ამ მიმართულებით, მაგრამ არასაკმარისად. ამიტომ, პირველი რასაც ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ ბიუჯეტის განხილვისას, ეს არის ის, რომ, პრიორიტეტი განათლებაა და ის უნდა გაიზარდოს უფრო მეტად, ვიდრე სხვა დარგები. ის უნდა გაიზარდოს უფრო მეტად, ვიდრე ბიუჯეტი და იმაზე მეტად, ვიდრე მთლიანი შიდა პროდუქტი. ამ უკანასკნელის ზრდის პროცენტი დაახლოებით შეადგენს 4-4,5%, ისევე როგორც ბიუჯეტის, მაგრამ არათუ მეტჯერ, ამდენივეთიც კი არ იზრდება განათლების დაფინანსება.

სად არის ის რესურსები, რომლითაც უნდა გაიზრდოს განათლების დაფინანსება? ეს არის სინთეზი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტისა, რომელმაც რადიკალური გაუმჯობესებისაკენ უნდა წაიყვანოს მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში. პირველი, ეს არის, როგორც უკვე ვახსენე, განათლების ხარისხი, სადაც კრიტიკულია მასწავლებლების მდგომარეობა. თუ არ იქნება ხარისხიანი უმაღლესი განათლება და განვითარებული მეცნიერება, ვერ იქნებიან კარგად მომზადებული მასწავლებლები და თუ არ იქნება კარგი გადამზადების მექანიზმები, ისინი ვერ მიიღებენ ცოდნას თავიანთი საქმიანობის პარალელურად. და მეორე საკითხი, ვინ უნდა გააკეთოს ეს? აქ იყო საუბარი სამოქალაქო საზოგადოების შესახებ, რომელიც არის მთელი, აქტიური საზოგადოება, რომელიც ახდენს პრობლემების სეგრეგაციას და თაამშრომლობს ხელისუფლებასთან ამ პრობლემების გადასაჭრელად.

მასიურობის გარეშე სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს და ისტორიულად სამოქალაქო საზოგადოების საყრდენი ბოძები იყვნენ პროფკავშირები, რელიგიური ორგანიზაციები და სხვა მასიური ორგანიზაციები. საუკეთესო მაგალითი, რომელიც მე მინახავს ასეთი ორგანიზაციისა, რომელიც დღეს საქართველოშია, არის თქვენი ორგანიზაცია.

ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ამ მოდელს, მაგრამ ეს იქნება წარმატებული მოდელი, თუ თქვენ გექნებათ უფრო მეტი ამბიცია. თქვენი ორგანიზაცია შედგება 42.000 წევრისგან, მსგავსი მასშტაბის ორგანიზაცია საქართველოში არ არსებობს, მათ შორის არც პოლიტიკური პარტიები. ეს არის თქვენი დამსახურება.

განათლების რეფორმა ვერ განხორციელდება და ეს სფერო ვერ გაუმჯობესდება, თუ ჩვენ გვექნება ისეთი ეკონომიკა, როგორიც გვაქვს დღეს. დღეს ჩვენთვის კალენდარული პრიორიტეტი არის პროფესიული განათლება, რა თქმა უნდა, განათლების ყველა მიმართულება არის პრიორიტეტი, მაგრამ მათ შორის უპირველესად პროფესიული განათლება, რადგან ჩვენ უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში პროფესიული განათლება გვჭირდება იმისათვის, რომ ეკონომიკაში მოვახდინოთ რადიკალური ცვლილებები, მათ შორის რადიკალური ცვლილება გვჭირდება რეგიონებში. თუ ადამიანებს სრულფასოვანი სამუშაო ადგილები არ ექნებათ, არ ექნებათ სურვილი, იცხოვრონ რეგიონებში და ჩვენ იძულებული ვიქნებით ერთ სკოლაში, სამი ბავშვისათვის გვყავდეს ოცი მასწავლებელი, ეს არაეფექტურია, როგორც მასწავლებლისათვის, ისე მოსწავლისა და ზოგადად ეკონომიკისათვის. ამიტომ უნდა შეიქმნას უკეთესი სამუშაო პირობები. საქართველოს მოსახლეობის 60%-ზე მეტი დასაქმებულია არასრულ განაკვეთზე, ასეთ პირობებში წარმოუდგენელია რაიმე წარმატების მიღწევა.

გარდა ამისა, ყველა განვითარებულ ქვეყანაში არის პროგრესული საგადასახადო სისტემა, სადაც მაღალი შემოსავლების შემთხვევაში ადამიანები იხდიან მეტს, რაც ქვეყანას აძლევს დამატებით შემოსავლებს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია თუნდაც მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდისათვის.

საბოლოო ჯამში, თქვენ უნდა იყოთ უფრო აქტიურები იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა და ზოგადად განვითარების პოლიტიკა. თქვენ ამისათვის გაქვთ საუკეთესო პირობები, საუკეთესო მოცემულობა და საუკეთესო ხედვა, რომ გააუმჯობესოთ თქვენი საქმიანობა.

კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა მოგახსენოთ მოწვევისათვის, მინდა რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო, კერძოდ, საფრანგთის სენატის 20%-ს წარმოადგენენ მასწავლებლები, რაც არის ყველაზე დიდი წარმომადგენლობა სენატში. ამიტომ, უნდა იყოთ უფრო ამბიციურები, უფრო აქტიურები და თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვა სფეროებსაც.

გილოცავთ ამ ყრილობის ჩატარებას და გისურვებთ წარმატებებს!