32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
  სპმთპ-ის პრეზიდენტმა თავისი გამოსვლა რამდენიმე მიმართულებით წარმართა, მათ შორის დიდი ადგილი დაუთმო საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს და სამომავლო ინიციატივების განხილვას.

,,განვლილ 4 წელიწადში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მიერ არჩეულმა სტრატეგიამ, დასაქმებულთა პრობლემები გადაგვეჭრა განათლების სამინისტროსთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმატში, გაამართლა. პედაგოგთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებების დაცვისათვის, განათლების სამინისტროსთან მიმდინარე სოციალური დიალოგის საფუძველზე, ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა:

2016 წლის 16 დეკემბერში და 2017 წლის 19 მარტს ცვლილებები შევიდა ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და ,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის შესახებ” განათლების მინისტრის ბრძანებაში კერძოდ, გაუქმებული იქნა ნორმა, სკოლის გარე ტერიტორიაზე, არასამუშაო საათებში ჩადენილ ქმედებაზე, პედაგოგისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე; შემცირდა დისციპლინური წარმოების დაწყების 3 წლიანი ვადა 1 წლამდე;

2017 წლის 16 ივნისს, „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N 87/ნ ბრძანებას დაემატა ნორმები საჯარო სკოლის მასწავლებლებისათვის, რის შედეგადაც პედაგოგების საავადმყოფო ფურცელი ანაზღაურდება სრული ხელფასიდან, დანამატების ჩათვლით. ამ ცვლილებებამდე, ანაზღაურდებოდა მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, დანამატების გარეშე;

2016 წლის 8 დეკემბერს ცვლილება შევიდა ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე’’ განათლების მინისტრის #126/ნ ბრძანებაში, რომლის შედეგად 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლების მქონე პირს, ნაცვლად ბაკალავრის ხარისხისა, მიენიჭა მაგისტრთან გათანაბრებულის ხარისხი და შრომის ანაზღაურებაც მიეცემათ მაგისტრის აკადემიური ხარისხის შესაბამისად.

ნუ ვიქნებით უმადურები და გავიხსენოთ, 2013 წლიდან, 3 წელიწადში, საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო ხელფასის ზრდა 3 ეტაპად განხორციელდა და გაიზარდა ჯამში 65 %-ით, სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, სტატუსის დანამატი 326%-ით, ხოლო წამყვანი მასწავლებლის დანამატი 700 ლარით და მენტორის 1000 ლარით განისაზღვრა. 65 %-ით გაიზარდა სადამრიგებლო დანამატი. ასევე, იმედის მომცემია, ბატონი მიხეილ ბატიაშვილის დაპირება, 2021 წლიდან პედაგოგის ხელფასი 1500 და წარმატებული მასწავლებლისათვის 2000 ლარზე მეტი გახდება.

პედაგოგის საბაზო ხელფასი შეადგენს 405 ლარს, საშუალო ხელფასი 550 ლარია, რაც ნახევარსაც კი არ წარმოადგენს საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის. ქვეყანაში სულ 22 მენტორი, 374 წამყვანი და 20 260 უფროსი მასწავლებელია. როგორც თქვენთვის ცნობილია, პედაგოგთა სერტიფიცირება დაიწყო 2010 წელს და 8 წლის განმავლობაში მივიღეთ შედეგი-სტატუსის დანამატს იღებს 20 656 მასწავლებელი. ერთი სიტყვით, დანარჩენი 37 283 (სტატუსგარეშე 1669) პედაგოგი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აგრძელებს მუშაობას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პროფესიული ზრდისათვის, არ არის შექმნილი პედაგოგთა გადამზადების ინტენსიური, მწყობრი სისტემა და გადამზადება შემოიფარგლება მხოლოდ ფრაგმენტული მომსახურებით, პედაგოგები აწყდებიან ხელოვნულ და ბიუროკრატიულ ბარიერებს ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემის მოთხოვნების შესრულების პროცესში, მაშინ მივიღებთ იმას, რომ სტატუსის ამაღლების პროცესს და შესაბამისად ხელფასების გაზრდას, ათწლეული დასჭირდება. ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგები ვართ ამგვარი მეთოდებით პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის გადაწყვეტის.

2014 წლის თებერვლიდან ხელისუფლებას ვთავაზობთ პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის გადაწყვეტის ალტერნატიულ პროექტს. "შემუშავდეს საბაზო ხელფასის ეტაპობრივი ზრდის 3-4 წლიანი პროგრამა, იმ გათვლებით, რომ მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს და ამის პარალელურად გაიზარდოს სტატუსისა და სხვა დანამატები." ჩვენი გათვლები ემყარება სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგომარეობას. დღეს, ქვეყანას ეს შეუძლია. ვსაუბრობთ პედაგოგებზე და იგივე პრობლემების წინაშე დგანან საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი.

ღრმად ვარ დარწმუნებული, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, ბატონი მიხეილ ბატიაშვილის უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს პედაგოგთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, მათ შორის მასწავლებელთა ხელფასების ზრდის საკითხი, რის შესახებაც არაერთხელ აღნიშნა საჯარო გამოსვლებში და ჩემთან პირად საუბრებშიც. მივესალმებით ამ განწყობას, სამწუხაროდ, მხოლოდ მინისტრის დონეზე ამ გლობალური და აქტუალური სკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ.

ურთულესი მდგომარეობაა სკოლამდელ დაწესებულებებში, დასაქმებულთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების თვალსაზრისით. იმედით ველოდით "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" კანონის ამოქმედებას და როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს საშიშროების წინაშე დგას კანონის მოთხოვნების შესრულება სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით. კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ ,,აღმზრდელ-პედაგოგის შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით“. იმედი გვაქვს საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს მუნიციპალიტეტების განსხვავებულ ფინანსურ მდგომარეობას და მიირებს გადაწყვეტილებას ერთიანი სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა დანაშაული არ არის, ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის მწირი ბიუჯეტი.

მადლიერება გვინდა გამოვხატოთ ფრაქცია- ,,ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის, ბატონი გია ჟორჟოლიანის და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიმართ, რომელთაც მოგვცეს შესაძლებლობა, 2015-2016 წლებში, აქტიური მონაწილეობა მიგვეღო კანონპროექტის განხილვაში და საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა ჩვენი წინადადება, რომლის თანხმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების“ შესახებ კანონს დაემატა პროფკავშირებთან თანამშრომლობის ნორმა, ,,მუნიციპალიტეტები ,,ამტკიცებენ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთან დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობებს პროფესიულ კავშირთან შესაძლო კონსულტაციით“. კანონის ამ ნორმამ მოგვცა შესაძლებლობა სამ მუნიციპალიტეტში შეგვეჩერებინა უკანონო გათავისუფლებების მოსალოდნელი პროცესი.

ჩვენი ორგანიზაცია ვახორციელებთ მონიტორინგს იმ რვა ნორმატიული აქტის შემუშავების პროცესზე რისი, შესრულებაც კანონით დაევალათ მუნიციპალიტეტებს.

,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მოქმედი კანონის თანახმად, სოციალური შეღავათები-სახელფასო შემოსავლის ოდენობის 35%-იანი დანამატი ვრცელდება მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებზე და არ მოიცავს საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ/ტექნიკურ პერსონალს და სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულებს. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა უკვე მივმართეთ საკანონმდებლო წინადადებით ,,ქართული ოცნება-ფრაქცია სოციალ-დემოკრატებს“, ცვლილებები განხორციელდეს ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში, როლის თანახმად სოციალური შეღავათები უნდა დაწესდეს მაღალმთიანი რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია/ტექნიკურ პერსონალზე და საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულებზე.

ჩვენი მუშაობის ერთ-ერთ ძირითად მიღწევად მიმაჩნია ის გარემოება, რომ მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების მოთხოვნების შესაბამისად, პროფკავშირსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო, 2017 წლის 16 მარტს, სპმთპ-სა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმდა დარგობრივი შეთანხმება, რაც ურთიერთთანამშრომლობის დამარეგულირებელი ძირითადი დოკუმენტია და ქმნის მყარ გარანტიებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა უფლებების დაცვისათვის. დარგობრივი შეთანხმების გაფორმება არ ნიშნავს იმას, რომ არ გვაქვს კიდევ ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემა დამსაქმებლებთან, თუმცა გვაიმედებს ხელისუფლების მზაობა ჩვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, დასაქმებულთა პრობლემების გადაჭრის მიმართულებით.” - აღნიშნა თავის გამოსვლაში სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ.