32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
  საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მე-9 ყრილობას ესწრებოდნენ ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” წარმომადგენლები: 2017 წლის გამარჯვებული ვლადიმერ აფხაზავა- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ს. ჩიბათის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი; 2018 წლის გამარჯვებული-მანანა კაპეტივაძე- ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქ. ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი და ათეულში გამარჯვებულები: ელისო აბრამიშვილი – საჩხერის მუნიციპალიტეტის ქ. საჩხერის სსიპ ილიაჭავჭავაძის N2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი; ნინო გურეშიძე – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ს. ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება) მასწავლებელი; ნადია დაბრუნდაშვილი – ხაშურის მუნიციპალიტეტის ქ. ხაშურის №1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი; ჯაბა ლაბაძე – ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” გამარჯვებულებს IX ყრილობის სახელით მადლობის სიგელები გადასცა, ,,მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის”.

სპმთპ-ის IX ყრილობაზე, სპმთპ-ის საქმიანობის ანგარიშის და სამომავლო პრიორიტეტების წარდგენის დროს, სპმთპ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა მასწავლებლის ავტორიტეტისა და პროფესიის პრესტიჟის ამაღლების მიზნით გაწეულ საქმიანობაზე. მაია კობახიძემ აქცენტები გააკეთა პედაგოგთა მხარდაჭერის ღონისძიებებზე და ხელისუფლების, ასევე მთლიანად საზოგადოების ვალდებულებებზე:

,,მივესალმებით უკანასკნელ პერიოდში, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პედაგოგთა საქმიანობის პროპაგანდის მიზნით დაწყებულ მუშაობას. მადლობას ვუხდით არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციას „განათლება ყველასათვის-საქართველოს“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაწესებისთვის, განათლების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ამ პროექტის მხარდაჭერისათვის. საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში უმნიშვნელოვანესია არასამთავრობო სექტორის როლი. კეთილი საქმე დაწყებულია და ,,სიკეთე გადამდებია“. გამოვთქვამთ იმედს, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეცვლიან მიდგომებს, საღ კრიტიკასთან ერთად დაიწყებენ მუშაობას პედაგოგის ავტორიტეტის ამაღლებისათვის. რა გვიშლის ხელს გავაფართოოთ ეს საქმიანობა და მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლების მიზნით დაწესდეს საუკეთესო პედაგოგის ჯილდო რაიონების ან რეგიონების დონეზე.

გარკვეული მუშაობა ამ მიმართულებით ჩვენმა ორგანიზაციამაც განახორციელა. შევიმუშავეთ კრიტერიუმები საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებლის გამოვლენის მიზნით. 2016 წლის 1 ოქტომბერს, ჩავატარეთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება- რომელშიც მონაწილობა მიიღო განათლების მინისტრმა, მინისტრის მოადგილემ და 500-ზე მეტმა წარმატებულმა პედაგოგმა. მადლობის სიგელები გადავეცით იმ პედაგოგებს, რომელთა მოსწავლეებმაც გაიმარჯვეს სხვადასხვა სახის ოლიმპიადებში, კონკურსებსა და კონფერენციებში, მიიღეს უმაღლესი შეფასებები სასკოლო-საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე. რაიონულ/საქალაქო ორგანიზაციებს ჩატარებული აქვთ მრავალფეროვანი ღონისძიებები, რისი ჩამონათვალიც გაშუქებულია ანგარიშის ბუკლეტში.

მისასალმებელია ცალკეული მუნიციპალიტეტების ინიციატივა მასწავლებლის საერთაშორისო დღის საზეიმო აღნიშვნის და პედაგოგთა წახალისების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ ჩვენი საქალაქო/რაიონული ორგანიზაციის ლიდერები, თუ საგანმანათლებლო რესურ-ცენტრებთან ერთად შეიმუშავებენ პროექტს რაიონის საუკეთესო მასწავლებელის გამოვლენის თაობაზე, მათ მხარდაჭერა ექნებათ ადგილობირივი თვითმმართველობებიდან. აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის თავმჯდომარემ უკვე გამოთქვა ინიციატივა აჭარის საპატიო პედაგოგის ჯილდოს დაწესებასთან დაკავშირებით და მივესალმებით.

სასურველი იქნებოდა ამ პროცესებში ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების ჩართვაც, რისი დიდი იმედიც არ მაქვს იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანია იმედის პროექტის „იმედის გმირების“ დასკვნით ცერემონიალზე ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან დაჯილდოვდნენ ყველა პროფესიის ადამიანები, გარდა მონაწილე 2 პედაგოგისა. ეს იყო 2015 წელს, მაგრამ ჩვენ მაინც მწარედ გვახსოვს (მივესალმები იმედის გმირებს - ახალქალაქის სოფელ ბავრას სომხური სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ჯული ველელი-შირიანიანს და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულის საჯარო სკოლის დირექტორს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნაზი საბანიძეს.

მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება არ უნდა შემოიფარგლებოდეს ერთჯერადი ღონისძიებებით. მასწავლებლის ავტორიტეტის და პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისათვის ქვეყანაში უნდა დაისახოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა. გამოვთქვამთ მზადყოფნას აქტიურად ვითანამშრომლოთ სახელმწიფო უწყებებთან და სამოქალაქო სექტორთან”- განაცხადა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა.