32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

12108160 950999474957555 7646357118898540197 n 15 ოქტომბერს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის“ საავტორო გადაცემა ,,პროფილში“ საზოგადოებრივი მსჯელობის საგნად წარმოჩენილი იყო საჯარო სკოლებში ბავშვთა უფლებების დარღვევების შემთხვევები. მიგვაჩნია, რომ პრობლემა აქტუალურია და ბავშვებს შორის ძალადობის თითოეული შემთხვევა ტრაგედიაა არა მხოლოდ ბავშვის ოჯახის, არამედ მთლიანად საზოგადოების. 

თემა ძალიან სენსიტიურია და მოითხოვს ღრმა პროფესიულ ანალიზს. სამწუხაროდ, ბავშვებს შორის ძალადობის ერთეული ფაქტები იყო, არის და ალბათ მომავალშიც გაგრძელდება. ვეთანხმებით გადაცემის ავტორებს, რომ ამ მიმართულებით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. თუმცა, ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ერთეული კრიმინალური შემთხვევები სისტემური დანაშაულია და დამახასიათებელია მხოლოდ ჩვენი ქვეყნისათვის. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისათვის განსაკუთებით მიუღებელია გადაცემის ლაიტმოტივი, რომ ყველა შემთხვევაში დამნაშავეები არიან პედაგოგები და ბავშვებს შორის ძალადობა დამახასიათებელია მხოლოდ ჩვენი ქვეყნისათვის. ასევე, გაუგებარია ჩვენთვის კატეგორიული მოთხოვნები მასწავლებლების განსჯისა და გათავისუფლებების შესახებ, ცალმხრივად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიების დასრულებამდე. აღმაშფოთებელია გადაცემაში გაჟღერებული თეზისი ,,განათლების სამინისტრო ძალადობს პედაგოგებზე და შემდგომ, პედაგოგები ძალადობენ ბავშვებზე“. ასეთი არაკვალიფიციური და დემაგოგიური ლოზუნგებით პრობლემა არ გადაიჭრება. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ერთეული პედაგოგების საქმიანობაში არ არის ნაკლოვანებები. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ცალკეული პიროვნებების შეცდომების და დარღვევების განზოგადოებას მთლიანად პედაგოგთა საზოგადოებაზე, რაც იწვევს მრავალათასიანი მასწავლებლელთა კორპუსის დისკრედიტაციას. საქართველოს მასწავლებლები ღირსეულად ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ სკოლებში არსებული პრობლემების გამოსწორება პირველ რიგში დამოკიდებულია პედაგოგებზე. პედაგოგთა ავტორიტეტის შელახვა, მოძალადის იარლიყის მინიჭება, არაობიექტური შეფასებები, ბოლო დროს ტენდენციური გახდა. არავის მივცემთ უფლებას შებღალოს მასწავლებლის პროფესიის ღირსება. მასწავლებლების უფლებების დაცვა არის სწორედ მოსწავლის უფლებების დაცვის წინაპირობა. ვის, თუ არა მასწავლებელს სტკივა ყველაზე მეტად საკუთარი მოსწავლის პრობლემა. თვით გადაცემაში წარმოდგენილი ტრაგიკული შემთხვევაც კი არ შეიძლება ვინმეს აძლევდეს უფლებას სრულიად საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოება დამნაშავედ და მოძალადედ შერაცხოს. 
ჩვენ არ ვაპირებთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადვოკატირებას, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ ის დადებითი ტენდენციები, რაც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის რეფორმის მიმართულებით ხორციელდება. მარტო ის ფაქტი, რომ პედაგოგთა რეპრესირებისათვის შექმნილი მანდატურის სამსახური გარდაიქმნა, ასევე მას დაემატა ფსიქოლოგის სამსახური, ნათლად მეტყველებს განათლების სამინისტროს ხედვებზე გადაცემა ,,პროფილში“ განხილული პრობლემების მიმართ. 
ობიექტურობისა და სამართლიანობის დაცვა ყველა პრობლემის გადაჭრის საწინდარია.
პატივისცემით,
მაია კობახიძე
სპმთპ–ის პრეზიდენტი