32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
  ,,ჩემმა კოლეგებმა არ მომცეს საშუალება გული გამტეხოდა და ხელი ჩამექნია! მაია კობახიძის მაგალითით ვისწავლე დაცემული როგორ უნდა წამოვდგე...როგორ შევებრძოლო ტყუილს, უსამართლობას, დაბრკოლებების მიუხედავად ვიარო დასახული მიზნისკენ!”- აღნიშნა სპმთპ-ის მცხეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიული (მანანა) ჩოხელმა. სპმთპ-ის მცხეთის რაიონული ორგანიზაციის N:1 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციის მუშაობაში 43 დელეგატი მონაწილეობდა. კონფერენციას ესწრებოდნენ სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე, სპმთპ-ის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის” დირექტორი მარიამ მკალავიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, მცხეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბექა იორდანიშვილი, მცხეთის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსის მოადგილე ხათუნა ნავროზაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის N: 2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ბოხუა. სპმთპ-ის მცხეთის საანგარიშო-საარჩევნო N: 1 კონფერენციას თავმჯდომარეობდა, მცხეთის რაიონის პედაგოგი მაია ბასიშვილი. გიული ჩოხელმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, როგორც სპმთპ-ს წარმომადგენელმა, პროფკავშირული საქმიანობა 2014 წელს დაიწყო, ორგანიზაციის ხელმძღვანელების მხარდაჭერით. მან გამოსვლაში აღნიშნა, რომ დასაწყისში ვერც კი წარმოიდგენდა ასეთ ბრძოლაში თუ მოუწევდა ჩართვა. ,,მცხეთა ბრძოლის არეალს წარმოადგენდა. ბრძოლის ველზე ერთ მხარეს ვიდექი მე– საუკუნოვანი წარსულის მქონე, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღიარებული ორგანიზაციის წარმომადგენელი და მეორე მხარეს - ,,ყვითელი პროფკაშირის” წარმომადგენლები, ცრუ დაპირებებით. პედაგოგები იყვნენ დაბნეულები სად იყო რეალური ძალა და ვერ ერკვეოდნენ ვის ემსახურებოდა ე.წ. ალტერნატიული პროფკავშირი, რომელი მხარე შეძლებდა დაეცვა პედაგოგების უფლებები?!”- ასე გაიხსენა გიული ჩოხელმა თავისი აქტიური, ოთხწლიანი პროფკავშირული საქმიანობის დასაწყისი, როდესაც ვერც კი წარმოედგინა რა სირთულის ბრძოლაში მოუწევდა ჩართვა. სპმთპ-ის ორგანიზაციული აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესში ინტენსიურად მიმდინარეობდა წევრთა მოზიდვა-დამაგრება და პროფკავშირული პროპაგანდა მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში. სპმთპ-ის გამოცდილი ორგანაიზერების დახმარებით გიული ჩოხელმა შეძლო 497 დასაქმებულის გაერთიანება სპმთპ-ის მცხეთის რაიონულ ორგანიზაციაში და 27 პირველადი ორგანიზაციის შექმნა. ,,ძალიან ადვილია ნგრევა, შენება კი საკმაოდ რთულია. მცხეთის ორგანიზაციამ ეს ორივე ეტაპი გაიარა”- განმარტა გიული ჩოხელმა და აღნიშნა, რომ ის ყოველთვის გრძნობდა თანადგომას სპმთპ-ს ხელმძღვანელების და თითოეული კოლეგის მხრიდან, რაც უმაღლებდა ბრძოლისუნარიანობას. სპმთპ–ის მცხეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ,,სინათლე” უკანასკნელი ორი წლის შემდეგ გამოჩნდა, რისთვისაც გიული ჩოხელმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა წევრების მიმართ და გაიხსენა სპმთპ-ის პრეზიდენტის შეხვედრები მცხეთის პედაგოგთა ფართო საზოგადოებასთან. გამომსვლელმა ისაუბრა სპმთპ-ის ცენტრალური ოფისის თითოეული თანამშრომლის დახმარებაზე, რომელთა გამოცდილებითა და თანადგომით ისწავლა პროფკავშირის პრინციპები, მათ შორის პროფკავშირული საქმიანობის წარმართვა, სოციალურ პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობა და წევრების ნდობის მოპოვების გზები. გიული ჩოხელმა მადლობა გადაუხადა სოციალურ პარტნიორებს კონფერენციაზე დასწრებისა და თანამშრომლობისათვის. ,,სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე გვაძლევს სტიმულს, რომ ჩვენი დიდი ოჯახის ავტორიტეტი შევქმნათ რაიონულ დონეზე. მადლობა ყველას იმისათვის, რომ მცხეთის პედაგოგები დავუბრუნეთ თავისუფალი პროფკავშირის დიდ ოჯახს” - აღნიშნა გიული ჩოხელმა. გიული ჩოხელის ორგანიზებით, საანგარიშო პერიოდში განხორციელებულია ღონისძიებები, რასაც ახერხებდა მცირე ფინანსური რესურსითა და სტრუქტურული ერთეულების გამოცდილების გათვალისწინებით. წევრთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობისათვის ჩატარებულია 57 ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების დასაქმებულებმა. გიული ჩოხელმა მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის ,,საგანმანათლებო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის” დირექტორს მარიამ მკალავიშვილს მაღალკვალიფიციური ტრენინგებისათვის და მცხეთის N: 2 საჯარო სკოლის დირექციას ტრენინგების ჩატარების ხელშეწყობისათვის. მცხეთის მუნიციპალიტიტის თერთმეტი მცირეკონტიგენტიანი სკოლის 130 პედაგოგი მონაწილეობდა სპმთპ-ის ,,საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის” მიერ განხორციელებულ საპილოტე პროექტში, რომელიც სსიპ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით განხორციელდა და პედაგოგებს მიენიჭათ 1.5 კრედიტქულა. მცხეთის რაიონული ორგანიზაციის წევრები ჩართული იყვნენ სპმთპ-ის ორგანიზებულ ფართომასშტაბიან ღონისძიებებში, მათ შორის, სპმთპ-ისა და დანიის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა პროფკავშირის–GL-ის ერთობლივ პროექტში. 2017 წელს, სასკოლო თეატრალური ფესტივალის მონაწილე გახდა მცხეთის მუნიციპალიტეტის ს. ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თეატრალური დასი. სპმთპ-ის მცხეთის რაიონული ორგანიზაციის სახელით, სასკოლო თეტრალური დასის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საჩუქრად მიიღეს ექსკურსიის დაფინანსება. საანგარიშო პერიოდში სპმთპ-ის წევრებისთვის ეწყობოდა ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება, ზამთრისა და ზაფხულის სეზონზე შეღავათიანი დასვენების პროგრამებით უზრუნველყოფა. მცხეთის რაიონული ორგანიზაციის წევრების შვილებისა და შვილიშვილებისათვის მოეწყო ღონისძიებები გასართობ ცენტრ ,,მადაგასკარში”, 150 ბავშვი დაესწრო საახალწლო თეატრალურ ღონისძიებას ,,არტ ჰოლში”. ტრადიციულად, წევრები ჩართული იყვნენ კულტურ ღონისძიებებში, 8 მარტის, დედის დღის და მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში. სპმთპ-ის მცხეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კანდიდატმა გიული ჩოხელმა მომდევნო ოთხწლიანი საქმიანობის სამოქმედო გეგმა წარადგინა და მოუწოდა დელეგატებს იყვნენ კრიტიკულები, რათა ერთობლივად შეძლონ ორგანიზაციის შემდგომი განვითარება. ,,წევრთა რაოდენობის მატება აძლიერებს ორგანიზაციას, მის ფინანსურ მდგომარეობასაც და იძლევა უკეთესი მომსახურეობის შესაძლებლობას“–განაცხადა გიული ჩოხელმა. ,,ამ ორგანიზაციამ მოგვცა საშუალება საქართველოს ყველა კუთხეში გვყავდეს მხარდამჭერები და მეგობარი პროფლიდერები... დავდგეთ ერთად, გვქონდეს ერთმანეთის იმედით, იმისთვის, რომ პროფესია და თითოეული პედაგოგი გახდეს დაფასებული... ნუ გავთითოკაცდებით, შევიკრათ ერთ მუშტად... ძლიერ პროფკავშირს ქმნიან პიროვნულად თავისუფალი დასაქმებულები”- ასეთი მოწოდებით დაასრულა გამოსვლა თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიული ჩოხელმა. სპმთპ-ის მცხეთის რაიონული ორგანიზაციის 2018 წლის რიგით N: 1 კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მოწვეულმა სტუმრებმა, აღნიშნეს მასწავლებლების როლი და მნიშვნელობა, ქვეყნის მომავალი თაობის აღზრდისა და განვითარების საქმეში. გამომსვლელებმა ისაუბრეს გიული ჩოხელის აქტიურობაზე, სკოლებისა და საბავშვო ბაღების დასაქმებულთა მიმართ მზრუნველობაზე. კონფერენციის მონაწილეებს სპმთპ-ის ოთხწლიანი ანგარიში გააცნო სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნათია კორძაძემ. ნათია კორძაძემ მადლობა გადაუხადა საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულებს მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის გაწეული ფასდაუდებელი საქმიანობისთვის და მოუწოდა დელეგატებს აქტიური პროფკავშირული პროპაგანდა აწარმოონ კოლეგების შემოერთებისათვის. კონფერენციის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა ღიად დაეფიქსირებინათ საკუთარი შეხედულებები განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გამოხატავდნენ მადლიერებას სპმთპ-ის საქმიანობისადმი. კონფერენციის დასასრულს დელეგატებმა ერთხმად გამოუცხადეს ნდობა გიული ჩოხელს და მომდევნო 4 წლის ვადით აირჩიეს სპმთპ-ის მცხეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ. კონფერენციის დელეგატებმა დაამტკიცეს სპმთპ-ის მცხეთის რაიონული ორგანიზაციის მომავალი ოთხწლიანი საქმიანობის გეგმა და ღია კენჭისყრით აირჩიეს სპმთპ-ის IX საანგარიშო–საარჩევნო ყრილობის დელეგატები. დასკვნით ნაწილში მცხეთის რაიონის პედაგოგებსა და სოციალურ პარტნიორებს სპმთპ-ის სერტიფიკატები გადაეცათ.