საგანმანათლებლო დაწესებულებების - ბაგა-ბაღების, საჯარო და კერძო სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების ყველა დასაქმებულს - აღმზრდელებსა და აღსაზრდელებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ლექტორებს, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის თითოეულ წარმომადგენელს.

ვუერთდებით თქვენს სიხარულსა და განწყობას ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით. ეს დღე განსაკუთრებულია და ორი, სამი, ოთხი ათეული წლის განმავლობაშიც კი, თქვენი დამოკიდებულება და განცდა, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ყოველთვის ამაღლებულია. სწორედ ამაშია პედაგოგის პროფესიის ხიბლი, ვინაიდან თქვენი საქმიანობის ამოსავალ წერტილს მომავალი თაობის სიყვარული წარმოადგენს.

დღეს, ბევრი არაობიექტური კრიტიკა გაისმის მასწავლებლის მიმართ და კრიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ მასწავლებელი არის ძირითადი წყარო წარმატებული ქვეყნის შექმნისათვის. ბავშვებს, ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს მასწავლებლები უნვითარებენ იმ ცოდნასა და უნარებს, რაც მათ სჭირდებათ ცხოვრებაში რეალიზებისა და პოტენციალის გამოვლენისათვის. მასწავლებელზე უკეთ არავინ იცის, რომ ,,სწავლა, ცოდნა, მეცნიერება – ღონეა იმისთანა, რომელსაც დღეს წინ ვეღარაფერი ვეღარ უდგება: ვერც მუშტი, ვერც ხმალი, ვერც ჯართა სიმაღლე. განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს”, როგორც ამბობდა დიდი ილია.

ამისათვის კი, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი უნდა იყოს უწყვეტი განათლების სისტემით, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია აღსაზრდელისა და აღმზრდელის, მოსწავლისა და მასწავლებლის, სტუდენტისა და ლექტორის რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბება, დაწესებულებების აღჭურვა სათანადო საგანმანათლებლო რესურსითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, მასწავლებლისათვის ღირსეული შრომის ანაზღაურება, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება და მხარდაჭერა სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს განსაზღვრული აქვს პრიორიტეტული მიმართულებები პრობლემატური საკითხების გადასაწყვეტად და ვხელმძღვანელობთ თქვენს მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნებითა და ობიექტური წინადადებებით.

იმედს გამოვთქვამთ, რომ თქვენი აქტიურობით, თანადგომითა და ერთიანობით მივაღწევთ გარკვეულ წარმატებებს, თქვენი უფლებების დაცვის საქმეში.

თავისუფალი ქვეყნის მომავალი წარმატება დამოკიდებულია განათლებული, თავისუფალად მოაზროვნე თაობების აღზრდაზე, რომელშიც მნიშვნელოვან როლს მასწავლებლები ასრულებთ.

გისურვებთ, 2018-2019 სასწავლო წელი ყოფილიყოს თქვენი პროფესიული წინსვლის, წარმატებების და გამარჯვებების აკადემიური წელი, არ მოგკლებოდეთ მოსწავლის სიყვარული და ყოველდღიურ საქმიანობაში გეგრძნოთ თქვენი თავდადებული შრომის დაფასება საზოგადოების მხრიდან.

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ თქვენი ძალისხმევით ამ სასწავლო წელსაც იქნება წინსვლა, ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის აღზრდის კეთილშობილურ საქმეში.

პატივისცემით, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ)