,,ძლიერ პროფკავშირს გვეძლევა შესაძლებლობა ურთიერთთანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით ვაწარმოოთ მოლაპარაკება დამსაქმებლებთან, ეფექტურად მოვახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და გავაუმჯობესოთ ჩვენი შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობები ...” - აღნიშნა სპმთპ-ის დუშეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნინო ოდიშელიძემ, საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენისას.

მიმდინარე წლის 28 ივნისს, სპმთპ-ის დუშეთის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც 37 არჩეული დელეგატი, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი და სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი ესწრებოდნენ. კონფერენციაზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე გიორგი ცოკილაური, დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელი თინათინ ჭონქაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების თავმჯდომარე მარიკა ოთარაშვილი. დუშეთის საანგარიშო კონფერენციას თავმჯდომარეობდა ს. პირმისაანთკარის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ლალი ოდიშელიძე,

სწორედ ორი წლის წინ დუშეთის რაიონში ფაქტიურად თავიდან შეიქმნა სპმთპ-ის დუშეთის რაიონული ორგანიზაცია. დუშეთის მუნიციპალიტეტის N:1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა ნინო ოდიშელიძემ, სპმთპ-ის პრეზიდენტისა და ცენტრალური ოფისის თანადგომით, აქტიური პედაგოგების მხარდაჭერით, ძალისხმევა არ დაიშურა დუშეთის რაიონული ორგანიზაციის შექმნისა და გაძლიერებისათვის, თუმცა წევრთა პროფკავშირული სწავლებისა და მოზიდვა-დამაგრების მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ,,ვცდილობთ შევქმნათ ძლიერი, მონოლითური პირველადი ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთი აქტიურობით აღარ დაუშვებენ მასწავლებლის ღირსებისა და ავტორიტეტის შელახვას” - აღნიშნა გამოსვლისას დუშეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ნინო ოდიშელიძემ.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის უფლებების შელახვა, ყვითელი პროფკავშირების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და პედაგოგთა დამოუკიდებელ პროფკავშირში გაწევრიანების სურვილის შეზღუდვა განსაკუთრებით მასშტაბური იყო დუშეთის რაიონში. გამომდინარე აქედან, აღდგენის პროცესში, დუშეთის რაიონულ ორგანიზაციას მრავალი სირთულის გადალახვა მოუხდა.

ორწლიანი საქმიანობის შეფასებისას, ნინო ოდიშელიძემ მადლობა გადაუხადა პირველადი ორგანიზაციების ლიდერებს, რომლებმაც პროფკავშირის პროპაგანდის და წევრთა მოზიდვის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. შედეგად, დუშეთის რაიონული ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემებით წევრთა რაოდენობა მზარდია. 2016 წელს დუშეთის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე 17 პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი, ბოლო ორ წელიწადში კი, პროფკავშირს შემოუერთდა 29 პირველადი ორგანიზაცია და ნებაყოფლობითობის პრინციპის მკაცრი დაცვით, წევრთა მოზიდვა-დამაგრების საქმიანობა ყოველდღიურად მიმდინარეობს. სპმთპ-ის წესდების მოთხოვნების თანახმად, დუშეთის რაიონული ორგანიზაციის ადგილობრივი საბჭოს შემადგენლობაში შედიან წევრი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების თავმჯდომარეები. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი საბჭო ყოველ თვეში იკრიბება და განიხილავს დასაქმებულთათვის აქტუალურ საკითხებს, დუშეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ნინო ოდიშელიძემ მიიღო გადაწყვეტილება, დუშეთის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, დასაქმებულთა ინტენსიური ინფორმირებულობის მიზნით, ინტენსიურად ჩაატაროს გაფართოებული შეხვედრები წევრებთან/პოტენციურ წევრებთან, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში. აკადემიური წლის განმავლობაში, ნინო ოდიშელიძე პროფაქტივთან, სარევიზიო კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს წევრებთან ერთად, სპეციალურად შემუშავებული გრაფიკის მეშვეობით ატარებს შეხვედრებს, რასაც თავისი ლოგიკური, დადებითი შედეგი მოჰყვა წევრთა დამაგრებისა და ახალი წევრების მოზიდვის მიმართულებით.

სპმთპ-ის დუშეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სპმთპ-ის არაერთი წარმატებული საქმიანობისა და შედეგის მიუხედავად, სტრუქტურული ერთეულების ლიდერებს არ აქვთ უფლება მოადუნონ ყურადღება, მათი მთავარი პრიორიტეტი წევრებთან ხშირი კომუნიკაცია და განათლების სექტორში დასაქმებულთა ერთობისათვის ზრუნვაა.

სპმთპ-ის დუშეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ღიად გამოხატა პროტესტი და გულისტკივილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა- ბაღებში დასაქმებულების სპმთპ-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიმდინარე ხელისშემშლელ გარემოებებზე.

,,სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელები თავიანთი საქმიანობით არიან პედაგოგები და საბავშვო ბაგა-ბაღი სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რასაც ადასტურებს ახალი კანონიც-,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, თუმცა, ჩვენთვის გასაკვირი მიზეზების გამო, დუშეთის სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულები გაერთიანებულები არიან საჯარო მოსამსახურთა პროფკავშირში, მაშინ როდესაც, საქართველოს უმრავლესი რაიონის სკოლამდელ დაწესებულებებში წარმატებით ფუნქციონირებს სპმთპ-ის პირველადი ორგანიზაციები“ - აღნიშნა სპმთპ-ის დუშეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნინო ოდიშელიძემ. მან სხვადასხვა სამართლებრივი გზებით სცადა ამ საკითხის გარკვევა, გაესაუბრა საბავშვო ბაღების დასაქმებულებს, მაგრამ საკითხი კვლავ გაურკვეველია.

,,ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ წევრებს განვუმტკიცოთ რწმენა პროფკავშირისადმი და ვასწავლოთ თავიანთი უფლებები. მასწავლებელთა უფლებების დაცვა არის აუცილებელი პირობა, იმისათვის, რომ პედაგოგებმა შეძლონ ღირსეული ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში ”-აღნიშნა გამომსვლელმა.

ნინო ოდიშელიძე მკაფიოდ განმარტა არასწორად წარმართული რეფორმების უარყოფითი შედეგები, რამაც საფუძვლიანად შეარყია ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა და უარყოფითად იმოქმედა მომავალი თაობის სწავლა - აღზრდის უმნიშვნელოვანეს საქმეზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, რეფორმების მიმდინარეობის პროცესში არავის გაუთვალისწინებია პრაქტიკოს პედაგოგთა მოსაზრებები, პედაგოგებს ჰქონდათ მხოლოდ ვალდებულებები და დარჩნენ მხარდაჭერის გარეშე სახელმწიფოს მხრიდან, მასწავლებლების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიამ კი, დააკნინა მასწავლებლის ავტორიტეტი და გამოიწვია პედაგოგთა დისკრედიტაცია. ,,მასწავლებელთა საზოგადოების ერთმა ნაწილმა დატოვა პროფესია, უარი თქვა საყვარელ, კეთილშობილურ საქმეზე ....მიატოვა სკოლა და უფრო მეტიც, საზღვარგარეთ გაემგზავრა სამუშაოდ, ელემენტარული საარსებოს საშოვნელად. პედაგოგთა ნაწილი, მათი განათლებისთვის შეუსაბამო საქმიანობით დაკავდა”- სინანულით განაცხადა დუშეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

ნინო ოდიშელიძემ აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში პრობლემა ბევრია, მიმდინარეობს ქვეყნის საზოგადოებრივ - ეკონომიკური ფორმირება, თანამედროვე, წარმატებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში კი უმნიშვნელოვანესი როლი პედაგოგს აკისრია და მისი სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მიუხედავად ამისა, მასწავლებლები დიდი რუდუნებით და მონდომებით ემსახურებიან მათთვის საყვარელ და საპატიო პროფესიას.

დუშეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ აქცენტები გააკეთა საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების სიმცირეზე. ,,მიუხედავად იმისა, რომ სპმთპ–ის ინიციატივით 2015 – 2016 წლებში ორჯერ გაიზადა საჯარო სკოლის პედაგოგთა საბაზო ხელფასი, დუშეთის რაიონის პედაგოგიური საზოგადოება სრულად იზიარებს სპმთპ–ის მოთხოვნას, შემუშავდეს 3-4 წლიანი სამთავრობო პროგრამა, მასწავლებლის საბაზო ხელფასის ეტაპობრივი ზრდის თაობაზე, იმ გათვლებით, რომ მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს“ - განაცხადა ნინო ოდიშელიძემ.

ნინო ოდიშელიძემ ისაუბრა სპმთპ–ის დუშეთის რაიონული ორგანიზაციის სტრუქტურულ გაძლიერებაზე, პროფკავშირის წევრთა ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაზე. ,,დუშეთში ორი წელია, რაც ხელახლა იშვა პედაგოგთა გაერთიანება, ანგარიშგასაწევი ძალა გახდა და სპმთპ-ის უშუალო ჩართულობით პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა პედაგოგთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი პირობების გაუმჯობესებისათვის“- აღნიშნა ნინო ოდიშელიძემ.

სპმთპ-ის დუშეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა საჯარო სკოლის პედაგოგებისა და დირექციის ერთობლივი მუშაობის პოზიტიური დინამიკა აღნიშნა და მადლიერება გამოხატა სკოლის დირექტორების მიმართ, თანამშრომლობისა და პროფკავშირის ღონისძიებების ხელშეწყობისათვის.

სპმთპ-ის დუშეთის რაიონში ინტენსიურად მიმდინარეობს წევრთა პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა, მათი მოთხოვნის შესაბამისად. ნინო ოდიშელიძემ აღნიშნა, რომ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, სპმთპ-ის მიერ განხორციელებულ პროექტში ჩაერთო დუშეთის მუნიციპალიტეტის ოთხი მცირეკონტიგენტიანი სკოლა, რისი წარმატებით დასრულების შემდეგ პედაგოგებმა მიიღეს 1.5 კრედიტქულა. საანგარიშო პერიოდში ჩატარებულია ტრენინგები საგნობრივი და პროფესიული უნარების მოდულებში, ბუღალტრებისთვის- ფინანსურ საკითხებსა და მენეჯმენტზე, დუშეთის ორგანიზაციის წევრები ჩართულნი იყვნენ სპმთპ-ის ორგანიზებულ მასშტაბურ ღონისძიებებში, რესურსცენტრთან და დირექტორებთან პარტნიორულ რეჟიმში, საჭიროებების მიხედვით იხილებოდა სხვადასხვა პრობლემატური საკითხები, წევრები იღებდნენ სამართლებრივ კონსულტაციებს სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის მხრიდან და კონფლიქტური სიტუაციები განმუხტვა ხდებოდა მოლაპარაკებების შედეგად, სპმთპ-ის ცენტრალური ოფისის წარმომადგენელთა მხარდაჭერით.

დუშეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა კიდვ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია წევრთა ზრდა მეტი ფინანსების მობილიზება და უფრო მრავალფეროვანი ღონისძიებების ორგანიზება. თუმცა, მცირე შემოსავლების მიუხედავად, სპმთპ-ის დუშეთის რაიონული ორგანიზაციის წევრები ყოველთვის გრძნობდნენ დიდ ყურადღებას სადღესასწაულო დღეებში, სარგებლობდნენ საზაფხულო დასვენების პროგრამებითა და სხვა მომსახურეობით. შექმნილია მარტოხელა დედების, სოციალურად დაუცველების, მარტოხელა პენსიონერი წევრების მონაცემთა ბაზა და მომავალშიც გაგრძელდება მათი დახმარებისათვის სპეციალური პროგრამები.

,,პროფკავშირის ფუნდამენტალური პრინციპია აწარმოოს კოლექტიური მოლაპარეკა დამსაქმებლებთან, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, პარტნიორებთან უნდა ვისაუბროთ ურთიერთთანასწორობის პოზიციიდან და არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მთავარი ფაქტორი - პედაგოგებს სჭირდებათ დამოუკიდებელი, პრინციპული ლიდერი და არა ხელისფულების გავლენის ქვეშ მოქცეული პიროვნება!” - ასე შეაფასა წარმატებულ შედეგებზე ორიენტირებული ორწლიანი საქმიანობა სპმთპ-ის დუშეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნინო ოდიშელიძემ.

დასასრულს, ნინო ოდიშელიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძეს, ნდობისათვის და ქმედითი დახმარებისათვის. მან აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებული პატივია სპმთპ-ის ბიუროს წევრობა, რაც უზრუნველყოფს სპმთპ-ის საქმიანობაში მეტ ჩართულობას.

დუშეთის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საპატიო სტუმრები. დელეგატებმა გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები და გამოთქვეს კრიტიკული შენიშვნები მასწავლებლის სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, შრომით პირობებზე და პროფესიული განვითარების სქემის ნაკლოვანებებზე.

კონფერენციის დელეგატებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა დუშეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსი. მან მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს განხორციელებული საქმიანობისათვის, საქართველოში სკოლამდელი განათლების განვითარების ხელშეწყობისთვის და გამოთქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისათვის.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, ეთერ მათურელმა დადებითად შეაფასა კონფერენციის დელეგატებისა და სტუმრების ჯანსაღი, ღია და თავისუფალი დისკუსია, პროფკავშირული საქმიანობის შედეგები და სამომავლო პრიორიტეტები. მან ისაუბრა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ქალთა უფლებებზე, საპენსიო რეფორმის პროექტზე, შრომის უსაფრთხოებაზე და სხვა. ეთერ მათურელმა იმედი გამოთქვა, რომ პედაგოგები იქნებიან ყოველთვის სოლიდარულები და უფრო მეტად გააქტიურდებიან თავიანთი უფლებების დაცვისათვის.

კონფერენციის დელეგატებმა ღია კენჭისყრით დაამტკიცეს სპმთპ-ის დუშეთის რაიონული ორგანიზაციის ადგილობრივი საბჭოს 15-კაციანი შემადგენლობა და 4 წლის ვადით აირჩიეს სპმთპ-ის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის სამი დელეგატი.