32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
 ,,პროფკავშირი ჩვენი სახლია, რომელსაც თვითონ ვაშენებთ, ამ შენებაში ზოგჯერ სიძნელეებს ვაწყდებით, რისი გადალახვის შედეგადაც მოდის გამარჯვება... პროფკავშირულ საქმიანობაში ჩართვით ვიძენთ ცოდნას, როგორ დავიცვათ ჩვენი და ჩვენი კოლეგების უფლებები“ – ასე მიმართა კონფერენციის დელეგატებს, სპმთპ–ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ინეზა ელისაშვილმა. სპმთპ–ის ხაშურის რაიონულ ორგანიზაციაში 31 საჯარო სკოლასა და 15 საბავშვო ბაგა-ბაღში ფუნქციონირებს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები. სპმთპ–ის ხაშურის საანგარიშო–საარჩევნო კონფერენცია მიმდინარე წლის 27 ივნისს გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ხაშურის საჯარო სკოლის პედაგოგი გიორგი შუბითიძე. კონფერენციას ესწრებოდნენ სპმთპ–ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი, სპმთპ–ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძე. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: პარლამენტის წევრი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე, ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარე მიხეილ ჯანაშვილი, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე, ხაშურის საბავშვო ბაგა– ბაღების გაერთიანების დირექტორი დავით ნოზაძე, საჯარო სკოლების დირექტორები და საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერები. სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ინეზა ელისაშვილმა განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში პედაგოგებისა და განათლების მუშაკთა საპატიო, რთული მისია, რათა საქართველოს მომავალმა თაობამ ფეხი აუწყოს მსოფლიოს ახალ გამოწვევებს და არ დიაკარგოს გლობალიზაციის უკიდეგანო სივრცეში. ,,საქართველოში, ახალი საზოგადოებრივ–ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების ფორმირება მიმდინარეობს, შესაბამისად, სპმთპ–ს და მის სტრუქტურულ ერთეულებს, როგორ არასდროს, ისე სჭირდებათ, პროცესების ღრმა ანალიზის საფუძველზე, წევრების შრომითი უფლებების დაცვისა და სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ბრძოლის გზების ძიება. ასეთი მუშაობა ყველაზე მეტად მიგვაახლოვებს მთავარ მიზანს-აღუზარდოთ საქართველოს ღირსეული მომავალი თაობა. მათ უნდა ემსახურებოდეს წელში გამართული, თვალებანთებული, განათლებული, პროფესიულად დაოსტატებული მასწავლებლობა...“-განაცხადა სპმთპ–ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ. ინეზა ელისაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა სპმთპ–ის პრეზიდენტის მაია კობახიძის, როგორც ხელმძღვანელის პრინციპები, მისი მაღალი პროფესიონალიზმი, ადამიანის ღირსების პატივისცემითა და კანონით მინიჭებული უფლებების გამოყენებით გადადგმული გაბედული ნაბიჯები.,,ფერფლიდან აღადგინო ორგანიზაცია, დანერგო უამრავი სიახლე, მხოლოდ საქმისადმი სიყვარულით და თავდაუზოგავი შრომით არის შესაძლებელი .... ეს თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს საუკეთესო მაგალითს და გვმატებს ძალას, რაიონული ორგანიზაციების ყოველდღიურ საქმიანობაში ვიყოთ სიახლის ძიებაზე ორიენტირებულები, რათა უკეთ ვიზრუნოთ პედაგოგების კეთილდღეობაზე” - განაცხადა მან. სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა მოუწოდა წევრებს: ,,პირველადმა ორგანიზაციებმა უნდა შექმნათ ძლირი ჯაჭვი, რადგან თუ აღმოჩნდებით სუსტი რგოლი, მაშინ ერთიანობა ვერ შენარჩუნდება, ჩვენი საქმიანობა ვერ განმტკიცდება და ვერ მივაღწევთ ძირითად მიზანს - საზოგადოებაში პედაგოგის ავტორიტეტის ამაღლებას“. ინეზა ელისაშვილმა განაცხადა, რომ წარსულს დიდი რუდუნებით უფრთხილდება, თუმცა წარსულის პატივისცემასთან ერთად, წევრების მხარდაჭერით, ცდილობს უპასუხოს თანამედროვე ყველა გამოწვევას და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი უფრო საინტერესო, შინარსიანი, ქმედითი საქმიანობის გაგრძელება. ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა სპმთპ–ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის წარმატებულ საქმიანობაზე. მან აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში, სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის გრიგოლ ბაკურაძის მაღალი პროფესიონალიზმის შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახურში აღდგნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულები: 13–ე საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია სანდუხაძე, მე–7 ბაგის მენეჯერი ლიანა საბანაძე, მე–3 ბაღის თანამშრომელი ნანული ჩიტაძე, ს. გომის საჯარო სკოლის პედაგოგი ბონდო გელაშვილი. გარდა ამისა, სპმთპ-ის წევრები რეგულარულად იღებდნენ სამართლებრივ კონსულტაციებს მათთვის საჭირო თემებზე, დამსაქმებლებთან კონსტრუქციული მოლაპარაკებებით და თანამშრომლობით გვარდება პედაგოგთა საათობრივი დატვირთვის პრობლემური საკითხები, მშობლების მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებზე, კონფლიქტის პრევენციის მიზნით, მიმდინარეობდა ერთობლივი მუშაობა რესურსცენტრის წარმომადგენლებთან და სკოლის დირექტორებთან. სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა დამსაქმებლებს და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს მჭიდრო თანამშრომლობისათვის, რის შედეგადაც მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში რეგულირდება პრობლემები. სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა დეტალური ინფორმაცია წარადგინა წევრთა პროფესიული განვითარების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ. საანგარიშო პერიოდში, ხაშურის რაიონის საჯარო სკოლებში დასაქმებულებისთვის ჩატარებულია 14 პროფესიული განვითარების ტრენინგი, მათ შორის სემინარები სკოლის ბიბლიოთეკარების და დირექტორების პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით. ჯამში გადამზადებულია 500 კადრი. ხაშურის მუნიციპალიტეტის 3 ზონის საჯარო სკოლა მონაწილეობდა სპმთპ-ის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მიერ განხორციელებულ ,,მასწავლებლის სახლის“ საპილოტე პროექტში, რომელშიც 112-მა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგებში მონაწილე ყველა პედაგოგს მიენიჭა სახელმწიფოს მიერ აღიარებული 1.5 კრედიტ-ქულა და გადაეცათ სერთიფიკატები. ინეზა ელისაშვილმა მადლობა გადაუხდა სპმთპ–ის პრეზიდენტს იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც გასწია ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონპროეტის განხილვის პროცესში. მან ხაზგასმით აღნიშნა სპმთპ-ის ინიციატივით, ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების“ შესახებ საქართველოს კანონში დამატებული ნორმის მნიშვნელობა, რომლის თანახმად უფრო მეტად გაიზარდა პროფკავშირის როლი და სპმთპ მეტი აქტიურობით ითანამშრომლებს მუნიციპალიტეტებთან, საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების პირობების შემუშავების მიზნით. საანგარიშო პერიოდში, ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე უყურადღებოდ არ ტოვებდა წევრთა მოთხოვნებს, რის საფუძველზეც მიმდინარეობდა ინტენსიური, ეფექტური თანამშრომლობა ხაშურის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებების მიმღებებთან. მან მადლობა გადაუხადა ხაშურის გამგებლის მოადგილეს ირინა გელაშვილს, რომლის მხარდაჭერითაც, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, მომზადდა მრავალშვილიანი, ოთხი და მეტი შვილის დედებისათვის დახმარების პროგრამა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დედის და ქალთა დღეებთან დაკავშირებით მრავალშვილიან ქალბატონებს თითო შვილზე გადაეცემათ ასი ლარი. მომხსენებელმა ხაშურის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით მიღებული შედეგები დაასახელა: ბუფერულ ზონაში მდებარე საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის მგზავრობა გახდა უფასო და ბაგა-ბაღების თანამშრომლები მგზავრობის შეღავათებით სარგებლობენ. მადლობის შემდეგ, ხაშურის ორგანიზაციის ლიდერმა, კონფერენციაზე დამსწრე ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების წინაშე პრობლემური საკითხები დააყენა, მათ შორის მაღალმთიანი ზონის განათლების მუშაკების მოთხოვნები. 2013-2018 წლების საანგარიშო პერიოდში სპმთპ–ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიებები: ინეზა ელისაშვილმა, ხაშურის ბიბლიოთეკის ,,მკითხველთა კლუბთან“ ერთად, ტრადიციად აქცია სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეების მოწვევა. სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა სპეციალური ღონისძიებით მიუძღვნა ეროვნულ კონკურსში ,,როგორ მოვუაროთ ქართულ ენას“ გამარჯვებულ ოთხ მოსწავლეს. ღონისძიებაზე მოიწვია წარმატებული მოსწავლეები და მათი პედაგოგები. მოსწავლეებმა ხაშურის პედაგოგთა საზოგადოებას და მოწვეულ სტუმრებს გამარჯვებული ესეები წარუდგინეს. ქართული ენის მოვლისა და დაცვის თემებზე გამართული საინტერესო მსჯელობის შემდეგ, ქალბატონმა ინეზა ელისაშვილმა, ხაშურის ორგანიზაციის სახელით, გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შოთა რუსთაველის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო პოეზიის საღამო, სადაც წიგნებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ მონაწილეები. ხაშურის რაიონის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი მხარს უჭერს და ეხმარება სოფელ გომის საჯარო სკოლის კლუბის ,,მედეას” წევრებს, რომლებიც ბუნების გაჯანსაღების ხელშეწყობის მიზნით ეკოლოგიურ კვლევებს ატარებენ. სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით, მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარები, პედაგოგები და ს. ქვიშხეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი დამეგობრდნენ, ჩატარდა ერთობლივი ღონისძიება ,,ნაადრევი ქორწინება, პრობლემები, უარი ალკოჰოლსა და ნარკოტიკს”. სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალთა ასოციაციის” ერთობლივი ინიციატივით, ხაშურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მოაწყო დასასვენებელი ბაღი უნარშეზღუდული პირებისათვის. შეძენილ იქნა გადასაადგილებელი ეტლები, მოეწყო დღის ცენტრის პედაგოგებისა და აღსაზრდელების ნამუშავრების გამოფენა. სპმთპ-ის ხაშურის რაიონულმა ორგანიზაციამ და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალთა ასოციაციამ“ ტრადიციად გადააქციეს ერთობლივი საქველმოქმედო აქცია-კონცერტების ჩატარება. შემოსული თანხები გადაეცემათ სოციალურად დაუცველებსა და ძვირადღირებული ოპერაციების საჭიროების მქონე პატარებს. წინასაახალწლო დღეებში, სპმთპ-ის ხაშურის ორგანიზაციის, ხაშურის კულტურის სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ,,ქალთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა აქცია-კონკურსი ,,გავულამაზოთ ახალი წელი სოციალურად დაუცველებს“. საქველმოქმედო აქციამ ფართო მასშტაბები მიიღო, მასში ჩაერთო ხაშურის მოსახლეობაც. სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაცია გაცილების საღამოებს აწყობს ღვაწლმოსილი პედაგოგების საპატივცემლოდ. 2017 წლის ზაფხულში სოციალურად დაუცველი ოჯახების 30 მოსწავლე ერთი კვირით გაიგზავნა დაბა ურეკში, თვითმმართველობის ლიდერთა სკოლაში. საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სპმთპ-ის ხაშურის რაიონულმა ორგანიზაციამ მოაწყო შეხვედრა თემაზე ,,ადამიანის უფლებათა დაცვა, კონსტიტუციური რეფორმა და სამართლის უზენაესობა“, ,,ხელისუფლებასთან ჩვენი პრობლემების მიტანა და მათი მოგვარება მხოლოდ პროფკავშირს შეუძლია“. ინეზა ელისაშვილმა სიამაყით აღნიშნა, რომ 2018 წლის ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულში ნომინირებულია სპმთპ-ის ხაშურის ორგანიზაციის ორი აქტიური წევრი პედაგოგი. 2017 წელს, სასკოლო-თეატრალურ კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვა ს.გომის მოსწავლეთა თეატრალურმა დასმა, ფესტივალზე წარდგენილი სპექტაკლის ,,დარისპანის გასაჭირის“ რეჟისორები სკოლის მასწავლებლები მზაღო გოგატიშვილი და ნანა დონაძე იყვნენ. ინეზა ელისაშვილმა მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს დასის ფულადი ჯილდოთი და დიპლომებით დაჯილდოებისათვის. მან აღნიშნა, რომ პედაგოგების მიერ მომზადებული სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი” რაიონის ღონისძიებებზეც წარადგინეს და სპმთპ-ის ხაშურის რაიონულმა ორგანიზაციამ წევრი პედაგოგები და პატარა მსახიობები დააჯილდოვა, ხოლო სპექტაკლის ვიდეო ჩანაწერი სკოლას გადასცა სამახსოვროდ. სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ყველა აქტივობა ხშირად ქვეყნდება ადგილობრივ გაზეთში ,,ხაშურის მოამბე”. ინეზა ელისაშვილმა მადლობა გადაუხადა გაზეთის ,,ხაშურის მოამბეს” რედაქციას, ინტენსიური თანამშრომლობისათვის. კონფერენციაზე წარმოდგენილ ანგარიშში აღნიშნული იყო სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის წევრებისთვის შეღავათიანი სამედიცინო მომსახურების პროგრამების განხორციელებაც. კერძოდ, სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის წევრები ხაშურში სარგებლობენ სტომატოლოგიის, თვალის და სხვა კლინიკების შეღავათიან ფასებში მომსახურებით. სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობა მრავალფეროვანია. ქალბატონმა ინეზა ელისაშვილმა მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძეს, საინტერესო წინადადებებისა და ინიციატივებისათვის, რაც ეფექტურად ხორციელდება რაიონულ დონეზე, წევრთა სასარგებლოდ. სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ისაუბრა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პრობლემებზე, მათ შორის საჯარო სკოლის დირექტორებისა დ ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდის აუცილებლობაზე. მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, მომავალი წლიდან სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების გაზრდასთან მიმართებაში გულისხმიერი დამოკიდებულებისათვის. ქალბატონმა ინეზა ელისაშვილმა კონფერენციის ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა იყოს 100 წლიანი ორგანიზაციის ნაწილი. მისთვის სასაიმოვნო და საამაყოა ხაშურში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენა, როგორც ამომრჩევლების, ასევე მოწვეული სტუმრების წინაშე და უმნიშვნელოვანესია სპმთპ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, თავად მოახსენოს ხაშურის რაიონული ორგანიზაციის დელეგატებს სპმთპ-ის საქმიანობის ოთხწლიანი ანგარიში. ,,ნებისმიერი საქმე სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, ურთიერთთანადგომითა და ურთიერთნდობით კეთდება... პროფკავშირი არის მექანიზმი, დასაქმებულთა უფლებების დაცვისა და მათი ინტერესების ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე წარმომადგენლობის... ძალა ერთობაშია ” -დაასრულა გამოსვლა ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ. კონფერენციის დელეგატებს ანგარიში წარუდგინეს სამანდატო და საკონტროლო-სარევიზიო კომისიების თავმჯდომარეებმა. ს. გომის საჯარო სკოლის პედაგოგმა ბონდო გელაშვილმა მადლიერება გამოხატა სპმთპ-ის საქმიანობის მიმართ და განაცხადა: ,, ქალბატონ ინეზას მასწავლებლების ქომაგი შევარქვით, ამის დადასტურებაა, რომ მას საქმიანობა არ შუწყვიტავს ყველაზე მძიმე პერიოდში, ორგანიზაციის კრიზისის დროსაც კი და გაყინულ ოთახში მუშაობდა“. ,,ხაშურის ორგანიზაცია არის თანადგომის, თანაგრძნობის, სათნოების, ტოლერანტობის, ქველმოქმედების კერა. მას აერთიანებს სიყვარული, რომლის სულისჩამდგმელია ინეზა ელისაშვილი. სამართალს ეძებთ? ქალბატონი ზიზი თქვენს გვერდით არის! დაბადების დღე გაქვთ? არ გამოეპარება! ავად ხართ? გვერდში დაგიდგებათ! წარმატებები გაქვთ? გილოცავთ, აღნიშნავს და აცნობს საზოგადოებას! - მადლიერებით აღნიშნავდნენ გამომსვლელი დელეგატები, საქმიანობის შეფასებისას. სპმთპ-ის პრეზიდენტმა ორგანიზაციის საქმიანობის ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა და სპმთპ-ის მიღწევებთან ერთად, დასაქმებულთა პრობლემებზე, მათი გამოსწორების გზებზე და პროფკავშირის სამომავლო პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. კითხვა-პასუხის ფორმატში, დელეგატების მიერ დაყენებულმა მოთხოვნებმა და წინადადებებმა სპმთპ-ის საქმიანობის ახალ ინიციატივებს ჩაუყარა საფუძველი. დელეგატებმა 4 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს და ინეზა ელისაშვილი, ღია კენჭისყრით, ერთხმად აირჩიეს სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, შემდგომი ოთხწლიანი ვადით. კონფერენციამ ხაშურის რაიონული ორგანიზაციის საბჭოს წევრად 46 პირველადი ორგანიზაციის ლიდერი დაამტკიცა და სპმთპ-ის IX საანგარიშო - საარჩევნო ყრილობის 8 დელეგატი აირჩია. კონფერენციის დელეგატებს მიმართა ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ზვიად გოგუაძემ: ,,უპირველესად ვულოცავ ქალბატონ ზიზის. ყველასთვის ცნობილია, რომ საჯარო მოხელეების სამართლიანი, დემოკრატიული შერჩევის მიზნით, რესურსცენტრის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში წარმოდგენილია პროფკავშირი და ქალბატონი ინეზა ელისაშვილი კომისიის წევრია. რაიონულ დონეზე პროფკავშირის საქმიანობის შეფასება ვერ მოხდება მხოლოდ განხორციელებული აქტივობებით, ვერც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროფკავშირის კოლაბორაციით. პროფკავშირის წარმატების საზომად არსებითად მნიშვნელოვანია რამდენი სკოლა და რამდენი მასწავლებელი არის ჩართული პროფკავშირულ საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის 32 საჯარო სკოლიდან, 31 სკოლა პროფკავშირის წევრია. რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლობას - საგანმანათლებლო რესურსცენტრი არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო და რესურსცენტრის უშუალო ამოცანაა განათლების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელება. ცხადია, რომ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მზაობა ითანამშრომლოს პროფკავშირთან, ჩვენი თანამშრომლობა რაიონის დონეზე ვერ შედგებოდა, მიუხედავად პიროვნული კარგი ურთიერთობებისა. კიდევ ერთის შესახებ, ვხედავთ, რომ განათლების სამინისტროში შედის პროფკავშირის მოთხოვნები და განათლების სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას დააკმაყოფილოს, დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებისათვის, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება ჩვენი ქვეყნის მომავალს, მოსწავლეებს“. კონფერენციის დასკვნით ნაწილში, სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ლიდერის ინიციატივით, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ საჯარო სკოლების ექვს პედაგოგს და ერთ ტექნიკურ პერსონალს, საბავშვო ბაღების ოთხ აღმზრდელსა და ერთ მენეჯერს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცა. ხაშურის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და სპმთპ-ის სხვა სოციალური პარტნიორები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა ,,დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და ეფექტური სოციალური პარტნიორობისათვის:” სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ლიდერს ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია საპატიო დელეგატები, სპმთპ-ის პირველადი ორგანიზაციების ყოფილ თავმჯდომარეებს მერი ლურსმანაშვილს და თამარა მახათაძეს ფულადი პრემიები გადასცა.