,,...ვმუშაობთ, იმისათვის რომ პედაგოგებმა უკეთ გაათვითცნობიერონ პროფკავშირის როლი, იგრძნონ პროფკავშირის, როგორც მათი უფლებადამცველი ორგანიზაციის ძალა და მნიშვნელობა... მუშაობა საკმაოდ მძიმე ვითარებაში გვიხდებოდა და გვიხდება, ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობების გამო. ამასთან, ბევრი შრომა და ენერგია არის საჭირო პედაგოგთა ნდობის მოსაპოვებლად...”- აღნიშნა სპმთპ-ის ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლეილა მეტრეველმა, 2018 წლის 22 ივნისს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე. სპმთპ-ის ახალქალაქის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციას ესწრებოდნენ ახალქალაქის რაიონის პირველადი ორგანიზაციიდან არჩეული 51 დელეგატები, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სედა მელკუმიანი, საკრებულოს დეპუტატი - არმინე მუნასიანი, ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორი ზარუი ბარბარიანი და საჯარო სკოლების დირექტორები. სპმთპ-ის ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლეილა მეტრეველმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა გაწევრიანების მიმართულებით გატარებული ღონისძიებები და ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა კონფერენციის მონაწილეებს. აღსანიშნავია, რომ ლეილა მეტრეველის შემართებითა და ძალისხმევით ახალქალაქის რაიონში აღდგენილია სპმთპ-ის 26 პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, რომლის 545 დასაქმებული სპმთპ-ის წევრია. ოთხწლიან ანგარიშში გამომსვლელმა ორი ძირითადი მიმართულება გამოკვეთა: სპმთპ-ის საქმიანობის შედეგები და ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევები. ლეილა მეტრეველმა ისაუბრა სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის ხელმძღვანელობით შემუშავებულ სტრატეგიაზე, რომელმაც ავტორიტეტი აუმაღლა ორგანიზაციას და სტრუქტურული ერთეულების ლიდერებს გაუადვილა საქმიანობა ადგილობრივ დონეზე. ,,ყველა ვგრძნობთ თქვენს მაღალ პასუხისმგებლობას საქმისადმი, დამოკიდებულებას თითოეული წევრისა და ლიდერისადმი. თქვენი მხრიდან გუნდური მუშაობის პრინციპების დამკვიდრება, თქვენი მზაობა და ძალისხმევა პრობლემების მოსაგვარებლად, უდიდეს ძალას გვაძლევს” - მიმართა სპმთპ-ის პრეზიდენტს ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა. ლეილა მეტრეველმა სიამაყით აღნიშნა, რომ სპმთპ-ის წევრებს დაუბრუნდათ რწმენა პროფკავშირისადმი და მიუხედავად იმისა, რომ რომ ახალქალაქის რაიონში 600-მდე დასაქმებული პროფკავშირის წევრია, პრობლემა მაინც ბევრია. ლეილა მეტრეველმა ყურადღება გაამახვილა მასწავლებლების ყველაზე მტკივნეულ საკითხზე-დაბალ ანაზღაურებაზე, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ პედაგოგები თავს იკავებენ პროფკავშირის საწევროს გადახდისაგან და რაც უმთავრესია, ვერ ათვითცნობიერებენ პროფკავშირის წევრობის მნიშვნელობას სიღრმისეულად. ,,ევროპის ქვეყნებში, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება 10-ჯერ მაღალია, დასაქმებულები თავად აძლიერებენ პროფკავშირებს თავიანთი აქტიურობით, მაღალი სამოქალაქო ცნობიერებითა და გამოხატვის თავისუფლებით, შესაბამისად იუმჯობესებენ შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს და პროფკავშირიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს... დასაქმებულებს არ უჩნდებათ აზრი იმისა, რომ დატოვონ პროფკავშირის რიგები... ჩვენთვის მთავარია ავუხსნათ წევრებს პროფკავშირის წევრობის მიზანი, მოვუხსნათ შიში და ავუმაღლოთ მოტივაცია”- განმარტა ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ლეილა მეტრეველმა. ლეილა მეტრეველმა განსაკუთრებულ შემთხვევად შეაფასა სპმთპ-ის პრეზიდენტის დასწრება კონფერენციაზე, ვინაიდან სპმთპ-ის ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის დელეგატებსა და სტუმრებს მიეცათ შესანიშნავი შესაძლებლობა, ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან მოისმინონ სპმთპ-ის ინიციატივებით განხორციელებული ცვლილებები, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში, გაეცნონ ინფორმაციას და კონკრეტულ ფაქტებს სპმთპ-ის, სახელმწიფო თუ სერთაშორისო დონეზე აღიარების თაობაზე. სპმთპ-ის ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოხსენებაში წარმოდგენილი იყო წევრთა პროფესიული განვითარების ტრენინგების, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების, ღირშესანიშნავი თარიღების აღსანიშნავი აქტივობების, სხვადასხვა საქმიანობისათვის გაწეული ფინანსური ხარჯების და მატერიალური დახმარებების ჩამონათვალი. ლეილა მეტრეველმა ისაუბრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით, სპმთპ-ის მიერ განხორციელებული პროექტის-,,სპმთპ ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისათის” მნიშვნელობაზე, რომელშიც ჩართული იყო ახალქალაქის რაიონული ორგანიზაცია. პროექტის ფარგლებში წევრებისათვის, ეროვნული უმცირესობების მშობლიურ ენაზე მომზადდა დამხმარე ბუკლეტი -,,იცოდე შენი უფლებები“ და გადაეცა ყველა სკოლისა და სკოლამდელი დაწესებულების, სპმთპ-ის წევრ დასაქმებულს. აგრეთვე, შემუშავდა პროფკავშირული კადრების მომზადებისათვის საჭირო მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, სოციალური დიალოგისა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების შესახებ და ჩატარდა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო შეხვედრები და სემინარები. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის წევრებისთვის ჩატარებულია პროფესიული განვითარების ტრენინგები, მშობლიურ ენაზე, სომხურ და რუსულ ენოვანი სკოლების პედაგოგებისთვის, რისთვისაც ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა მადლიერება გამოხატა სპმთპ-ის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის” მიმართ. მომხსენებელმა, ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის წევრების სახელით, მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს, საინტერესო პროექტებისა და ღინისძიებების განხორციელებისათვის. ლეილა მეტრეველის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ საანგარიშო პერიოდში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებისთვის ტრადიციულად აღინიშნებოდა ,,მასწავლებლის საერთაშორისო დღე”, ღვაწლმოსილ მასწავლებლებს, პროფკავშირის სახელით, გადაეცემოდათ მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები; წევრების ურთიერთობების განმტკიცების მიზნით ეწყობოდა კორპორაციული საღამოები. ახალქალაქი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ტელეკომაპანია იმედის გადაცემა ,,იმედის გმირების” 2015 წლის დეკემბერში გამართული დასკვნითი ცერემონიალი გაიხსენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის წარმატებულმა მასწავლებელმა ჯული ველელი-შირინიანმა. სპმთპ-ის პრეზიდენტს ყურადღების მიღმა არ დარჩენია ეს ფაქტი, მონაწილე პედაგოგებს ზნეობრივი გმირობის საუკეთესო მაგალითი უწოდა, ,,პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის” მადლობის სიგელი და 500 ლარიანი ფულადი ჯილდო გადასცა. ,,ამ ეტაპზე, ჩვენი ორგანიზაციის უმთავრესი ამოცანაა წევრთა მოტივაციის ამაღლება და ძლიერი დასავლური ღირებულებების ორგანიზაციის ჩამოყალიბება“- დაასრულა გამოსვლა ლეილა მეტრეველმა, ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის დელეგატების წინაშე წარდგენილი იყო საკონტროლო-სარევიზიო კომისიის ანგარიში. დელეგატებმა ღიად და თავისუფლად იმსჯელეს რაიონის ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე და დააყენებს საკითხები შემდგომი რეაგირებისთვის. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ ოთხწლიანი საქმიანობის პრეზენტაციის წარდგენისას აღნიშნა, რომ მისი მიზანია, სპმთპ-ის თითეული წევრის ინტენსიური ინფორმირება, გააქტიურება და ჩართულება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მან მოუწოდა დელეგატებს იყვნენ მომთხოვნები და კრიტიკულები სპმთპ-ის საქმიანობის მიმართ, ვინაიდან ,,რაიონული კონფერენცია არის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა, სადაც თითოეული დელეგატის მიერ დაყენებული პრობლემა და მოთხოვნა გვეხმარება სპმთპ-ის მომავალი საქმიანობის დაგეგმავში” - მიმართა მაია კობახიძემ დელეგატებს. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კოაბხიძემ აღნიშნა, რომ სპმთპ-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის საზოგადოების სოლიდარობის ხელშეწყობა, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბება და გენდერული თანასწორობის მიმართულებით პედაგოგთა გააქტიურება. დისკუსიის ფორმატში, კონფერენციის დელეგატებმა დადებითად შეაფასეს სპმთპ-ის საქმიანობა, როგორც ახალქალაქის რაიონულ, ასევე ეროვნულ დონეზე და სპმთპ-ის ახალქალქის რაიონული ორგანიზაციის ლიდერად, შემდგომი ოთხწლიანი ვადით აირჩიეს ლეილა მეტრეველი, დაამტკიცეს სამოქმედო გეგმა და სპმთპ-ის IX საანგარიშო- საარჩევნო ყრილობის დელეგატები დაასახელეს. კონფერენციის დასასრულს, აქტიური პროფწევრებს, წარმატებულ პედაგოგებს და სოციალურ პარტნიორებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.