thumb 39298701 1890304304360396 1737882126038073344 o 1024 ,,რაც უფრო ბევრი და ერთსულოვანი ვიქნებით, მით უკეთესი შედეგები გვექნება! პროფესიული კავშირის ძალა თქვენ და თქვენი სოლიდარობაა! მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს, ერთად ყოფნის ძალა კი ყველა სიძნელეს გადაგვალახინებს... ძლიერი და დაფასებული მასწავლებელი ქვეყნის წარმატებული მომავლის საფუძველია...,,ქუდი მოიხადე ბატონო ჩემო, მასწავლებელი მოდის” - მიმართა სპმთპ-ის ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მანანა ღარიშვილმა, საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციის დელეგატებს, საქმიანობის ოთხწლიანი ანგარიშის წარდგენისას. სპმთპ-ის ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი მიესალმა აუდიტორიას და სიამაყით აღნიშნა, რომ სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის მონაწილეობა ნათელი დადასტურებაა პროფკავშირის წარმომადგენლების მაღალი პასუხისმგებლობისა თითოეული წევრის მიმართ, რაც იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას წევრებთან ერთად განისაზღვროს ორგანიზაციის შემდგომი საქმიანობის პრიორიტეტები. მიმდინარე წლის 21 ივნისს, სპმთპ-ის ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციას 33 დელეგატი ესწრებოდა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მოწვეული სტუმრები: სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (სპკგ) თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი, სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ინეზა ელისაშვილი, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი იზოლდა ლომიძე, სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების - ,,ბორჯომის ჯანმრთელი მომავლის” ხელმძღვანელი ნინო ბენდელიანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და დეპუტატებები და ს. ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ლომიძე. ,,ყველა მოაზროვნე ადამიანი თავისი უფლებების დაცვას, მისი ქომაგი პროფესიული კავშირით ახერხებს. სპმთპ წევრებს აძლევს შესაძლებლობას იყვნენ აქტიურები, რაც მათი სამართლებრივი, პროფესიული, შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების საწინდარია. სპმთპ, საქართველოში ყველაზე დიდი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც ზრუნავს დასაქმებულთა სამოქალაქო ცნობიერებისა და ნდობის ხარისხის ამაღლებისათვის“- განაცხადა მანანა ღარიშვილმა. სპმთპ-ის ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის საანგარიშო მოხსენებაში აღნიშნული იყო ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების წლები და თანამედროვე ეტაპზე მიღწეული წარმატებები. ,,ბოლო წლებში, სპმთპ ძლიერი და მრავალრიცხოვანია, რაც უპირველეს ყოვლისა სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის მიერ განსაზღვრული სტრატეგიის დამსახურებაა”. მანანა ღარიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა მაია კობახიძის, როგორც პიროვნული თვისებები, ასევე ლიდერის უნარ-ჩვევები და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობით დამოკიდებულება. ,,სპმთპ-ის პრეზიდენტის საქმიანობა გულიდან მოდის. მისი გულწრფელობა, კოლეგიალობა და კონსტრუქციული თანამშრომლობა რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების ლიდერებს გვაძლევს მეტ სტიმულსა და შესაძლებლობას ეფექტურად წარვმართოთ საქმიანობა ადგილობრივ დონეზე”- განაცხადა სპმთპ-ის ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა მანანა ღარიშვილმა. სპმთპ-ის ბორჯომის რაიონულ ორგანიზაციის წევრებისათვის, ბოლო ოთხი წლის მანძილზე, მანანა ღარიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებული საქმიანობის ანგარიშში დეტალურად იყო ასახული ყველა პროფკავშირული აქტივობა. ,,პროფკავშირის აღიარებული უფლებები ხარისხიანი განათლების საწინდარია! საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა უფლებების და პროფკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავად ურთულესი გზა გამოიარა ჩვენმა ორგანიზაციამ, 2010-2012 წლებში - აღნიშნა მომხსენებელმა და ორგანიზაციის დღევადელი რეალური შესაძლებლობები და მიღწევები დეტალურად წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას. სოციალურ პარტნიოროებს შორის ურთიერთობებით გაუმჯობესდა დასაქმებულთა, არა მხოლოდ შრომითი და სამართლებრივი პირობები, არამედ აღიარებულია და დაცული პროფკავშირის უფლებები. ბოლო 4 წლის განმავლობაში, სპმთპ-ის ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის წევრებისათვის განხორციელდა პროფესიული განვითარების ტრენინგ- სემინარები. აღსანიშნავია, რომ სპმთპ-ის მიერ ინიცირებული წინადადების გაცნობის, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე ცვლილებების პროექტების განხილვისა და წევრთა ინტენსიური ინფორმირებულობის მიზნით, სპმთპ-ის ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესა და წევრებს შორის მჭიდრო, თანამშრომლური გარემოა შექმნილი. სპმთპ-ის ბორჯომის ლიდერმა მანანა ღარიშვილმა მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის სათაო ოფისს, განსაკუთრებით აღნიშნა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის უჩა ბაკურაძის საქმიანობა, წევრების სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფისათვის, მისი ჩართულობა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის თანამშრომლური, მოქმედი კანონმდებლობით აღიარებული ურთიერთობების დარეგულირებისათვის. სპმთპ-ის ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ პოზიტიურად და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებად შეაფასა სპმთპ-ის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების თავმჯდომარეების, დამკვირვებლის სტატუსით ჩართულობა საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოს არჩევნებში. მისი აზრით უკეთესი იქნება, მომავალში, სკოლების სამეურვეო საბჭოებში პროფლიდერებიც იყვნენ არჩეულნი, რაც სამეურვეო საბჭოს დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს. სპმთპ-ის ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სპმთპ-ისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივ საგნობრივ კონფერენციებში და მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წევრები მოითხოვენ ამგვარ ფორმატში საგნობრივი კონფერენციების გაგრძელებას. მომხსენებელმა ისაუბრა ბორჯომის ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის დადებით ტენდენციებზე. საანგარიშო პერიოდში, თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებისათვის ორთვიანი პროექტი, კერძოდ, თანადაფინანსებით ჩატარდა პროფესიული განვითარების ტრენინგები. მანანა ღარიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმასთან დაკავშირებით უფრო დაიხვეწება თანამშრომლობა, დასაქმებულთა საჭიროებების გათვალისწინებით. სპმთპ-ის ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომელთა დაბალ შრომის ანაზღაურებაზე, რაც პროფკავშირის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მოითხოვა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ იზრუნოს ღირსეული შრომითი პირობების შექმნისათვის, უნდა განახორციელოს სხვადასხვა პროექტები პედაგოგთა ღვაწლის დაფასებისათვის. გასული ოთხი წლის განმავლობაში ბორჯომის რაიონულ დონეზე იმართებოდა საიუბილეო, საქველმოქმედო აქციები, დამსახურებულ და ღვაწლმოსილ პროფწევრებს, პროფკავშირული აქტივობისათვის გადაეცათ მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები. სპმთპ-ის ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა აღნიშნა, რომ სამომავლოდ, უფრო მეტ ფინანსებს გამოყოფს სპმთპ-ის საქმიანობის პოპულარიზაციისათვის, პროფკავშირული სწავლებისა და დასაქმებულთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის. მანანა ღარიშვილმა, მისი ხელმძღვანელობით განხორციელებულ პროექტებს შორის გამოყო, ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის შუამდგომლობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი, რომლის ფარგლებში გალის რაიონის სოფელ ხურჩის საბავშო ბაღის აღსაზრდელებს, პედაგოგებსა და მშობლებს უსასყიდლოდ გადაეცათ დაბა წაღვერის საგზურები. სტუმრებს დაბა წაღვერის საბავშვო ბაღმა უმასპინძლა. დასასრულს მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ბორჯომის საჯარო სკოლებში მიმდინარეობდა ,,ყვითელი პროფკავშირების” პროპაგანდა ცალკეული პიროვნებების მხრიდან, თუმცა საჯარო სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულებმა გამოხატეს ნდობა სპმთპ-სადმი. სოციალურ პარტნიორებთან მიმდინარე კონსტრუქციული თანამშრომლობა აძლევს იმედს, რომ უფრო გაძლიერდება პროფკავშირის ჩართულობა და მეტ წარმატებას მიაღწევს დასაქმებულთა სასარგებლოდ. ,,სოლიდარობით ბევრ პრობლემას დავძლევთ. ქვეყანამ პრიორიტეტად უნდა დასახოს მასწავლებლის ღირსების დაცვა, პროფესიული განვითარებისათვის ზრუნვა, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, დამსახურებული და ღირსეული პენსიის დანიშვნა. აკადემიური წლის განმავლობაში ასეულობით და მეტი მასწავლებელია წარმატებული, რომელთა აღიარება და საზოგადოებისათვის გაცნობა აამაღლებს მასწავლებლის ავტორიტეტს, რაც ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას”- დაასრულა ანგარიში სპმთპ-ის ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მანანა ღარიშვილმა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს, ბორჯომის რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა იზოლდა ლომიძემ გამოსვლაში ხაზი გაუსვა მანანა ღარიშვილის საქმიანობის მნიშვნელობას რაიონულ დონეზე, ყურადღება გაამახვილა მის ძალისხმევაზე დაეხმაროს ყველა კოლეგას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პროფკავშირის წევრი. იზოლდა ლომიძემ ისაუბრა სპმთპ-ის ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის ლიდერის შემართებასა და ენთუზიაზმზე, რათა ბორჯომელმა პედაგოგებმა ფეხი აუწყონ რეფორმას და დაძლიონ გამოწვევები. კონფერენციის დელეგატებმა მოისმინეს სპმთპ-ის პრეზიდენტის ანგარიში, დეტალურად მიიღეს ინფორმაცია პროფკავშირის საქმიანობაზე და ზოგადსაგანამანათლებლო სკოლებსა და სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთა სასარგებლოდ მიღებულ შედეგებზე, იმსჯელეს მათთვის აქტუალურ თემებზე და პროფკავშირის საქმიანობა დადებითად შეაფასეს. ბორჯომის N:1 საჯარო სკოლის პედაგოგმა, სპმთპ-ის აქტიურმა წევრმა ლია გულიკაშვილმა გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც სპმთპ-მა დაიწყო დასაქმებულებისთვის პროფკავშირის წევრობის უფლების აღდგენა. ,,მახსოვს როგორ დავდიოდით ბორჯომის ყველა სოფელსა და ყველა სკოლაში, მანანა ღარიშვილთან ერთად, მაშინ როდესაც აღდგა პროფკავშირის უფლებები, მაგრამ სუფთა სამოქმედო მოედანი მაინც არ დახვედრია ორგანიზაციას, უამრავ სირთულესთან და დარღვევასთან ბრძოლა მოგვიხდა”. ლია გულიკაშვილმა განაცხადა, რომ ყველა წევრს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს პროფკავშირულ სემინარებში, რათა ,,უკეთ გაიგოს რას აკეთებს პროფკავშირი მათთვის და რას უნდა აკეთებდეს თითოეული წევრი პროფკავშირისთვის”. საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილემ ეთერ მათურელმა განსაკუთრებული და მაღალი შეფასება მისცა სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის გადაწყვეტილებას, რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების საანგარიშო-სარჩევნო კონფერენციების თითოეულ დელეგატს ჩააბაროს ბოლო ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში, ვინაიდან ეს არის წევრთა ინფორმირებულობის ეფექტური საშუალება. სპმთპ-ის წესდების თანახმად, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანგარიშს აბარებს ყრილობას და ბორჯომის წევრებიდან ყრილობას დაესწრება მხოლოდ კვოტით განსაზღვრული 3-4 დელეგატი. ქალბატონმა ეთერ მათურელმა ისაუბრა საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე პროფესიული კავშირების გაერთიანების როლსა და მიღწევებზე, ქალთა უფლებებზე, დასაქმებულთა სასარგებლოდ ხელისუფლებასთან წარდგენილ ინიციატივებზე და პედაგოგებს მეტი გააქტიურებისაკენ მოუწოდა. კონფერენციის საპატიო სტუმარმა, სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ინეზა ელისაშვილმა აღნიშნა, რომ პედაგოგი მისი პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე, ვალდებულია დემოკრატიული ღირებულებების დაცვის საქმეშიც იყოს ქვეყნის საზოგადოების მასწავლებელი და გასაკვირია, როდესაც მასწავლებელი აღმოჩნდება გაურკვეველ ორგანიზაციაში, ცრუ დაპირებების გავლენის ქვეშ“. ინეზა ელისაშვილმა სპმთპ-ის პრეზიდენტის საქმიანობასთან მიმართებაში აღნიშნა, რომ მისი მოღვაწეობა გაჯერებულია მასწავლებლის პროფესიის სიყვარულით და გულიდან მოდის. ქალბატონი ინეზა, კონფერენციის დელეგატებს ესაუბრა იმ დემოკრატიული მართვის პრინციპებზე, რასაც მაია კობახიძე ამკვიდრებს ორგანიზაციაში. ,, აღმასრულებელი საბჭოს წევრების ყოველი შეხვედრა არის ურთიერთსიყვარულით და ურთიერთპატივისცემით, ეფექტური საქმიანობისათვის მექანიზმების შემუშავებაზე მსჯელობითა და ურთიერთგამოცდილების გაზიარებით დატვირთული. ყოველივე ეს, თითოეულ ლიდერს გვაძლევს იმის ძალას, რომ ,,მთები გადავდგათ” რაიონულ დონეზე. საოცარი თანამშრომლობის, სიყვარულით ურთიერთობების და თანადგომის გარემოს ქმნის მაია კობახიძე. აკაკი წერეთელს უთქვამს: ,,რაც არ იწვის... არ ანათებს“. ყველა წევრს, ყველა ლიდერს გვიხარია მაია კობახიძის გარემოცვაში ყოფნა, რადგან ვგრძნოთ, რომ ჩვენს სიტყვას ფასი აქვს. თქვენ ხართ ჩვენი ორგანიზაციის მყარი კედელი... თქვენ გვაძლევთ გეზს, როგორ უნდა ვიმუშაოთ ადგილებზე”-მიმართა სპმთპ-ის პრეზიდენტს ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ინეზა ელისაშვილმა. ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციაზე არჩევნები ღია კენჭისყრით ჩატარდა. კონფერენციის დელეგატებმა შემდგომი 4 წლის ვადით, სპმთპ-ის ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს მანანა ღარიშვილი, განსაზღვრეს ბორჯომის ადგილობრივი საბჭოს შემადგენლობა და აირჩიეს სპმთპ-ის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატები. კონფერენიციის დასკვნით ნაწილში, სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძეს, სპმთპ-ის ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის სახელით გადაეცა მადლობის სიგელი - ,,პედაგოგების სიყვარულისთვის”, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა მანანა ღარიშვილმა პირველადი ორგანიზაციების ლიდერებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, ,,წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის და პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ მადლობის სიგელები გადაეცათ აქტიურ პროფწევრებს და ღვაწლმოსილ მასწავლებლებს, სოციალ პარტნიორებს კი- ,,დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და სოციალური პარტნიორობისთვის“.