32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
თამილა 2,,მწამს, რომ ცუდი მოსავლის აღების შემდე არ უნდა გაჩერდე... კვლავ უნდა დათესო...მთავარია, იყოს ერთსულოვნება და წარმატებული მომავლის სურვილი. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა უკეთესი შედეგებისათვის... ჩვენზეა დამოკიდებული როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე. იმედია, მომავალ კონფერენციაზე უკეთესი შედეგებით წარვსდგებით“-მიმართა სპმთპ-ის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის N:3 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციის დელეგატებს სპმთპ-ის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ გაბუნიამ. სპმთპ-ის ქუთაისის N: 3 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია 2018 წლის 19 ივნისს გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ქალაქ ქუთაისის N:37 საჯარო სკოლის პედაგოგი ლია რატიანი. კონფერენციას სპმთპ-ის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის პირველადი ორგანიზაციების მიერ არჩეული კონფერენციის 48 დელეგატი, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და ვიცე პრეზიდენტი ნათია კორძაძე ესწრებოდნენ. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმა: ქალაქ ქუთაისის ბაგა ბაღების გაერთიანების დირექტორმა დავით წიტაიშვილმა; ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიგა ცაბაძემ; ქუთაისის კულტურის პროფკავშირების თავმჯდომარემ ლალი ნიშნიანიძემ; ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა მარინე მარჯანიშვილმა და ქალაქ ქუთაისის საჯარო სკოლების დირექტორებმა. კონფერენციის დელეგატებს სამანდატო კომისიის ანგარიში წარუდგინა ააიპ ქ. ქუთაისის N:13 საბავშვო ბაგა–ბაღის მენეჯერმა, სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ მაკა აბულაძემ. კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ სპმთპ–ის აქტიური და ერთგული წევრები: ვანის რაიონის ს. ისრითის საჯარო სკოლის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე ლელა ტყეშელაშვილი და ტყიბულის რაიონის ს. გელათის საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა კაპანაძე. სპმთპ-ის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ გაბუნიამ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების, ხელოვნური ბარიერების და მისი გამომწვევი მიზეზების აღწერით დაიწყო საუბარი. „იყო წლები, როცა ქუთაისის ორგანიზაციას კონფერენციებზე 130-150 დელეგატი წარმოადგენდა... დღეს მხოლოდ 49 დელეგატით ვართ წარმოდგენილნი, რაშიც კონკრეტული ერთი დამნაშავის გამოვლენა შეუძლებელია“-გულისტკივილით აღნიშნა გამომსვლელმა. დღეის მდგომარეობით სპმთპ-ის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია აერთიანებს 20 საჯარო სკოლასა და 5 საბავშვო ბაგა-ბაღს, რაც სპმთპ-ის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარისთვის არასაკმარისი სტატისტიკაა. სპმთპ-ის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა ქუთაისის სტრუქტურული ქვედანაყოფის გაძლიერების მნიშვნელობაზე, მისი როგორც ლიდერის პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებზე. ასევე, მან აღნიშნა, რომ სპმთპ-ის მიერ მიღწეული შედეგებისა და საქმიანობის თანამონაწილენი უნდა გახდნენ საგანმანათლებლო სფეროს ყველა დასაქმებული, რომლებმაც უნდა გაათვითცნობიერონ თავიანთი როლი პროფკავშირში. ყველა ამ და სხვა მიმართულებების რეალიზებისათვის სკოლისა და საბავშვო ბაღების ცხოვრებაში, ყველაზე ეფექტური მექანიზმი არის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების აქტიურობა. „თითოეულმა წევრმა ლიდერისგან უნდა იგრძნოს ზრუნვა, გვერდში დგომა, მაღალი პასუხისმგებლობა და კომპეტენცია იმისა , რომ თავი იგრძნოს დაცულად... ყველა ჩვენი წევრი პროფკავშირს უნდა აღიქვამდეს საკუთარ ოჯახად, გარემოდ, სადაც მასზე ზრუნავენ, იცავენ მის უფლებებსა და ინტერესებს და იღწვიან მისი პროფესიული სრულყოფისათვის“- განაცხადა ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ლიდერმა. სპმთპ-ის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა იმ ქუთაისელი მასწავლებლების მიმართ, ვინც სპმთპ-სთვის მძიმე წლების შემდგომ, კიდევ ერთხელ გამოხატეს პროფკავშირისადმი ნდობა და აქტიურად ჩაერთვნენ პროფკავშირულ საქმიანობაში. თამარ გაბუნიამ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის მდგომარების აღწერისას ხაზგასმით აღნიშნა სპმთპ-ის პრეზიდენტის ძალისხმევა. ,, ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე წევრს გამოეთქვა რაიმე სურვილი ან მოთხოვნა, რომელზეც მყისიერი რეაგირება არ მოეხდინა სპმთპ–ის პრეზიდენტს და პროფკავშირის ყველა აქტივობა, წევრთა სასარგებლოდ სრულდება”. თამარ გაბუნიამ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იურიდიული დეპარტამენტის უფროსის უჩა ბაკურაძის თავდაუზოგავ საქმიანობას, რომლის პროფესიონალიზმის დამსახურებაა, რომ ბოლო წლებში, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ქალაქ ქუთაისის 5 მასწავლებელი, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუბრუნდა საყვარელ საქმიანობას. გამომსვლელმა ხაზგასმით აღნიშნა სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის საქმიანობა, რომლის შედეგად ორგანიზაციის წევრები ყურადღებასა და ხელშესახებ სიკეთეებს იღებენ პროფკავშირისგან. გარდა წევრთა სამართლებრივი უფლებების დაცვისა, ქუთაისის წევრებისათვის ხელმისაწვდომია პროფესიული განვითარების ტრენინგ–სემინარებზე მონაწილეობა, რასაც მაღალი ხარისხით უზრუნვეყლყოფს სპმთპ-ის ,,საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის” ხელმძღვნელობა და კვალიფიკაციურ ტრენერთა გუნდი. თამარ გაბუნიამ გულისტკივილით აღნიშნა დასაქმებულთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების არასაკმარისი რაოდენობა, რაც წევრთა ნაკლებობით და შესაბამისად, მწირი ბიუჯეტით არის გამოწვეული. ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს თამარ გაბუნიას მიაჩნია, რომ აუცილებელია დასაქმებულთა მეტი გააქტიურება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება რადგან, ,,შეუძლებელია ადამიანებს იძულებით გააკეთებინო რაიმე, თუნდაც მათთვის სასიკეთო, მიგვაჩნია, რომ მათ უნდა დავეხმაროთ, რათა თავად გაუჩნდეთ მოქმედების სურვილი ”. ყველა დამეთანხმებით, უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი არის გადასადგმელი ორგანიზაციის გაძლიერებისათვის. თავს იმით ვიიმედებ, რომ ვინც ჩვენი ორგანიზაციიდან გავიდა, მათ ჩვენგან იმედგაცრუების, უყურადღებობისა და პროფკავშირის უმოქმედობის მიზეზი არ დაუსახელებიათ. ყველა პრობლემას სიღრმისეულად ვსწავლობთ და იმედი მაქვს, ერთად შევძლებთ უამრავი სასიკეთო საქმის განხორციელებას“-აღნიშნა თამარ გაბუნიამ. სპმთპ-ის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ლიდერმა კონფერენციაზე მომავალი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა, რაც ეფუძნება პროფკავშირულ საქმიანობაში მის მრავალწლიან გამოცდილებას, ქუთაისის პირველადი ორგანიზაციის წევრთა მოთხოვნებს, წინადადებებსა და ხედვას. თამარ გაბუნიას სამოქმედო გეგმის ძირითადი პრიორიტეტი არის ძლიერი, ეფექტური და კონკურენტუნარიანი საქალაქო ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ორიენტირებული წევრთა ნდობის ხარისხის და ორგანიზაციის იმიჯის ამაღლებაზე, საზოგადოებასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე. მომავალი სასწავლო წლიდან, წევრთა მოზიდვა–დამაგრების საქმიანობასთან ერთად სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ქ. ქუთაისის ბაგა-ბაღებსა და საჯარო სკოლებში დასაქმებულთა შრომითი, სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური და პროფესიული უფლებების დაცვა და წარმომადგენლობითობა; სპმთპ-ის წევრთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება; პირველადი ორგანიზაციების გააქტიურება; წარმატებული პროფლიდერების სტიმულირება და წამახალისებელ აქტივობებში ჩართვა; წევრთა მოლოდინების კვლევა და საჭიროებების დადგენა; გამოწვევების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიება; ქალაქის დონეზე შემეცნებითი კულტურული, მხატვრული,სპორტული ღონისძიებებისა და კონკურსების ორგანიზება-ჩატარება; მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა და წევრების მიერ ინიცირებული პროექტების დაფინანსება; ახალბედა პროფლიდერების და აქტივისტებისათვის პროფკავშირული სემინარ-ტრენინგების ორგანიზება; ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ბაგა-ბაღების გაერთიანების, საჯარო სკოლების დირექტორებთან პარტნიორობა დაპირველადი ორგანიზაციების ლიდერთა დროული და ეფექტური ინფორმირებულობა. ,,მთავარია ჩემი გჯეროდეთ, ჩემში დაინახოთ ლიდერი, იგრძნოთ ძალა და გქონდეთ სურვილი ერთად ვიბრძოლოთ დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ–ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისათვის. მინდა მენდოთ , რომ ერთად ბრძოლით მოვიპოვოთ ღირსეული სამუშაო პირობები, რათა აღვზარდოთ განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე თაობები”-დაასრულა გამოსვლა თამარ გაბუნიამ. სპმთპ-ის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის საქმიანობა. მან მადლობა გადაუხადა თამარ გაბუნიას თვითკრიტიკული გამოსვლისათვის, ორგანიზაციული განვითარებისათვის განსაზღვრული პრიორიტეტებისათვის, მისი ხედვისა და თავდადებული შრომისათვის. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა წევრების მიმართ, ნდობისა და თანადგომისათვის და მიმართა აუდიტორიას ღიად ემსჯელათ მათთვის საინტერესო საკითხებსა და თემებზე. ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გაწეული საქმიანობის შესახებ, სპმთპ-ის პრეზიდენტის ოთხლიანი ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, დელეგატებს შორის დისკუსიისა და კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძლედა კონფერენციის მუშაობა. კონფერენციის მონაწილეები შათანხმდნენ, რომ აუცილებელია ერთიანობა და წევრთა სიმრავლე, იმისთვის რომ ქალაქის დონეზე უფრო ეფექტურად იქნას წარმოდგენილი სპმთპ-ის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია. კონფერენციის დელეგატებმა, შემდგომი ოთხი წლის ვადით, ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ თამარ გაბუნიას არჩევას, ღია კენჭისყრით ერთხმად დაუჭირეს მხარი, დაამტკიცეს ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა და აირჩიეს სპმთპ-ის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატები. კონფერენციის დასასრულს, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და სპმთპ-ის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ლიდერმა თამარ გაბუნიამ სპმთპ-ის მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს კონფერენციის ყველაზე ახალგაზრდა დელეგატი - N:20 საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა ყურაშვილი, კონფერენციის ყველაზე უფროსი დელეგატი - N:10 საჯარო სკოლის მასწავლებელი მადონა ჯუღელი და კონფერენციის ერთადერთი მამაკაცი დელეგატი - N:38 საჯარო სკოლის წარმომადგენელი ედიშერ ჯანელიძე.