,,პედაგოგთა დაფასებისა და პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის იბრძვის და იღწვის საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, რომელიც დღეს 41 ათასზე მეტ წევრს აერთიანებს"-აღნიშნა სპმთპ-ის ხობის რაიონული ორგანიზაციის თამვჯდომარემ ლალი ჩიტაიამ, 2018 წლის 18 ივნისს გამართულ ხობის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე. კონფერენციას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებების, სპმთპ-ის პირველადი ორგანიზაციებიდან არჩეული კონფერენციის 28 დელეგატი; სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და მოწვეული სტუმრები – ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტის უფროსი ბეატრისა რუსია, ქალაქ ხობის მერიის წარმომადგენელი კობა თუთბერიძე და ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები. მიუხედავად არაერთი ხელოვნური ბარიერისა, ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმდომარემ ლალი ჩიტაიამ დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით შეძლო სპმთპ-ის დიდ ოჯახში დაებრუნებინა ხობის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები. ლალი ჩიტაიამ განვლილი საანგარიშო პერიოდი მიმოიხილა და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც საქართველოს უმეტეს რაიონში საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულები დიდ ნდობას უცხადებდნენ სპმთპ–ს, ხობში წევრთა მოზიდვა-დამაგრების პროცესები გაჭიანურდა. ,,ჩემს მიერ გაწეული მუშაობის მიუხედავად სასურველი შედეგი დადგა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე შეხვდა ხობის მუნიციპალიტეტის პედაგოგთა საზოგადოებას... ეს შეხვედრა მართლაც მნიშვნელოვანი, ნაყოფიერი და გარდამტეხი აღმოჩნდა რაიონულ დონეზე, ვინაიდან უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში 9 სკოლაში შეიქმნა პირველადი ორგანიზაციები”-აცნობა დელეგატებს გამომსვლელმა. სპმთპ-ის ხობის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა სპმთპ-სთვის ყველაზე მძიმე პერიოდიც გაიხსენა :„ძალიან ძნელი იყო მრავალგზის დაშლილი ორგანიზაციის აღდგენა, მაშინ, როცა სახელმწიფომ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენა. სწორედ ამ დროს, ქალბატონი მაია კობახიძე ჩაუდგა სათავეში ორგანიზაციას. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მას, ამ დიდი და დაუღალავი შრომისთვის, რამაც ჩვენი ორგანიზაციის ავტორიტეტის ამაღლებას და განმტკიცებას ჩაუყარა საძირკველი. რომ არა ქალბატონი მაიას მხარდაჭერა და პროფესიონალიზმი, სითბო და სიყვარული, ვერ შევძლებდით ფაქტობრივად დაშლილი ორგანიზაციის აღდგენას“-დასძინა მან. ლალი ჩიტაიამ ისაუბრა სპმთპ-ის ინიციატივებით მიღებულ შედეგებზე, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე რეფორმის კვალდაკვალ, ასევე „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის ამოქმედებასთან მიმართებაში. „სკოლამდელი განათლება ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია... მყარი, ჯანსაღი და სწორი ადრეული განათლება არის საფუძველი იმისა, რომ მომავალი თაობა გაიზარდოს ჯანსაღი, ლაღი და მოტივირებული“ -ამბობს სპმთპ-ის ხობის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი. გამომსვლელმა ხაზგასმით აღნიშნა „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, სპმთპ-ის ინიცირებით დამატებული ნორმის მნიშნელობა, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტები ვალდებულები არიან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულ პირებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების სავალდებულო პირობები პროფესიულ კავშირთან შესაძლო კონსულტაციით დაამტკიცონ. აღნიშნული ნორმა აღიარებს პროფკავშირის როლსა და მნიშვნელობას და დასაქმებულთა ინტერესების გათვალისწენებით შემუშავებული შრომითი ხელშეკრულება საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს უქმნის გარანტიებს დაცული იყოს მათი შრომითი და სამართლებრივი უფლებები. ლალი ჩიტაიამ ყურადღება გაამახვილა საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა დაბალ ანაზღაურებაზე, აღმზრდელთა გადაჭარბებულ საათობრივ დატვირთვასა და ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულების წინაშე არსებულ აქტუალურ საკითხებზე. სპმთპ–ის ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მიმართ, წევრებისათვის გაწეული დროული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციებისათვის. „ჩვენ ხშირად მივმართავთ ბატონ უჩას და მისგან მიღებული რჩევები და ინსტრუქცია, ყოველთვის მასწავლებლის სასარგებლოდ სრულდება“-აღნიშნა გამომსვლელმა. ლალი ჩიტაიამ სპმთპ-ის ხობის რაიონული ორგანიზაციის 4 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები მიმოიხილა. საანგარიშო პერიოდში ხობის მუნიციპალიტეტის სკოლისა და სკოლამდელი დაწესებულებების სპმთპ-ის წევრებისთვის, ხობის რაიონული ორგანიზაციის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, განხორციელდა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ტრენინგები, სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისათვის; ქართულ ენასა და მათემატიკაში; სკოლამდელი დაწესებულებების სპეციალისტებისათვის; სკოლის მასწავლებელთა „თვითშეფასების კითხვარის” სარეკომენდაციო ტრენინგები; სკოლამდელი დაწესებულებების მზარეულებისათვის მასტერკლასები და სემინარები პროფესიულ უნარებში. ლალი ჩიტაიამ განახორციელა ღონისძიებები დედის დღის აღსანიშნავად, სამახსოვრო საჩუქრები და ჯილოდები გადასცა მათ ,,ვინ უკეთ იცნობს ჩვენი ქვეყნის ისტორიას“, „ყველაზე ჭკვიანი“, „კალიგრაფიის კონკურსის “ წარმატებული მოსწავლეების მასწავლებლებს და სხვა. მას ყურადღების მიღმა არ დარჩენია პროფწევრების მოთხოვნები დასვენების პროგრამით უზრუნველყოფასთან და მატერიალურ დახმარებებთან დაკავშირებით, ასევე, ხობის პედაგოგები წარმოდგენილნი იყვნენ სპმთპ-ისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივ, ფართომასშტაბიან საგნობრივ კონფერენციებზე. მიუხედავად გაწეული საქმიანობისა სპმთპ-ის ხობის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ პედაგოგთა საზოგადოებაში ჯერ კიდევ დაბალია სამოქალაქო ცნობიერება და მასწავლებლებს არ აქვთ გათვითცნობიერებული პროფკავშირის მნიშვნელობა მათ საქმიანობაში. ლალი ჩიტაიამ მოუწოდა ხობის რაიონული ორგანიზაციის საბჭოს წევრებს და კონფერენციის დელეგატებს პროფკავშირული საქმიანობის გააქტიურებისკენ. „ჩვენი მიზანია თოთოეულ წევრს ინტენსიურად მივაწოდოთ ინფორმაცია, პროფკავშირის საქმიანობისა და შედეგების თაობაზე. მხოლოდ ამგვარად იქნება შესაძლებელი გაძლიერდეს რაიონული ორგანიზაცია, რაც შეგვიქმნის ფინანსურ მდგრადობას და საშუალებას მოგვცემს დავგეგმოთ მეტი სემინარი, ტრენინგი და წევრთა საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები“-აღნიშნა მან. ლალი ჩიტაიამ დიდი მადლობა გადაუხადა წევრებსა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ხობის რაიონული ორგანიზაციის აღდგენა–განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. „ჩვენ ერთად შევძელით პედაგოგებისთვის დაგვენახებინა ყვითელი პროფკავშირის დარღვევები, ცრუ დაპირებები და თქვენი თანადგომა, ორგანიზაციის დასახმარებლად გადმოდგმული ყოველი ნაბიჯი, გმირობის ტოლფასი იყო“- მიმართა ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას. გამომსვლელმა აღნიშნა, რომ მის მოხსენებაში არასრული ჩამონათვალია, მწირი ფინანსური შესაძლებლობით გაწეული საქმიანობისა: ,,რათქმაუნდა, ეს არ არის ის მომსახურეობა, რასაც ხობის რაიონული ორგანიზაციის პროფწევრები მოელიან ჩვენგან, რადგან რაიონული ორგანიზაცია გაძლიერების პროცესშია და სამომავლოდ უკეთ შევძლებთ ფართო მასშტაბიანი, კულტურულ-საგანმანათლებლო, შემეცნებითი ღონისძიებების განხორციელებას. ,,რაც მეტი ვიქნებით, მეტი სიძლიერე იქნება, რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ორგანიზაცია, მით მეტად იქნება დაცული მასწავლებლის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებები და ბოლოს, ძვირფასო დელეგატებო, მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რაოდენ დიდი პატივია ჩემთვის, როგორც ორგანიზაციის ლიდერისთვის, რაიონულ კონფერენციაში ჩვენი საპატიო სტუმრების მონაწილეობა. ქალბატონო მაია, გპირდებით, ხობის რაიონული ორგანიზაცია იქნება თქვენ გვერდით იმ დიდსა და საპასუხისმგებლო საქმეში, რომელსაც ასე ბრწყინვალედ უძღვებით.“- დაასრულა ლალი ჩიტაიამ საანგარიშო მოხსენება. კონფერენციის მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის მიერ წარდგენილი 4–წლიანი ანგარიში. დელეგატები კმაყოფილებას გამოხატავდნენ, რათა მიეცათ შესაძლებლობა სპმთპ-ის პრეზიდენტის წინაშე წარედგინათ პრობლემები და ემსჯელათ საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. სპმთპ–ის პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ქალბატონი ბეატრისა რუსიას მხარდაჭერა პედაგოგების მიმართ, რაც გამოიხატება მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, მასწავლებლებისათვის ჩამორთმეული გაერთიანების თავისუფლების აღდგენის ხელშეწყობაში. კონფერენციის დასასრულს, კონფერენციის დელეგატებმა ნდობა გამოუცხადეს ლალი ჩიტაიას და 4–წლიანი ვადით აირჩიეს ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ. კონფერენციის დელეგატებმა დაასახელეს და ღია კენჭისყრით აირჩიეს სპმთპ-ის IX ყრილობის დელეგატები. დასასრულს, ხობის მუნიციაპლიტეტში მოქმედ, სპმთპ–ის სოციალურ პარტნიორებსა და აქტიურ პროფწევრებს მადლობის სიგელები გადაეცათ.