32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
უჩამიმდინარე წლის 3 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 2011 წელს უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგი მარინა ხარაძე აღდგა სამსახურში და სკოლას დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 4-წლიან პერიოდზე.

მარინა ხარაძის ინტერესებს იცავდა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბაკურაძე, როგორც პირველი ინსტანციის თბილისის საქალაქო სასამართლოში, აგრეთვე თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მეორე ინსტანცია).

საბოლოო გამარჯვებისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპოვებული წარმატება, როდესაც 2017 წლის 30 ნოემბერს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან კუჭავამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ქ. თბილისის N26 საჯარო სკოლიდან უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგის, მარინა ხარაძის სარჩელი.

მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, და გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც გაიმართა რამოდენიმე სხდომა. მარინა ხარაძის ინტერესებს კვლავ სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბაკურაძე იცავდა.

საბოლოოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სააპელაციო სასამართლოს 3 აგვისტოს განჩინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, რითაც დაკმაყოფილდა უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგის, მარინა ხარაძის სასარჩელო მოთხოვნები.

აღნიშნულ საქმეს განიხილავდა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, ქალბატონი ეკატერინე ცისკარიძე, რომელმაც სწორად შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები და მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, დაზარალებული პედაგოგის სასარგებლოდ.

საინტერესოა, რომ ქალბატონ მარინასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2011 წლის 10 ნოემბერს, ყოველგვარი საფუძვლისა და ახსნა-განმარტების გარეშე. შესაბამისად, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, ამ მომენტიდან დაიწყო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის ათვლა, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2014 წლის 10 ოქტომბერს. სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო, მარინა ხარაძემ სასამართლოს მიმართა აღნიშნული 3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 11 მარტს, რაზეც, ბუნებრივია, მიუთითებდა მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი და მოითხოვდა, არ დაკმაყოფილებულიყო პედაგოგის სარჩელი.

მარინა ხარაძის ადვოკატმა, სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბაკურაძემ, სასამართლოს წარუდგინა დამაჯერებელი არგუმენტები და დაარწმუნა მოსამართლე, რომ ერთის მხრივ, მარინა ხარაძე უსაფუძვლოდ იქნა სამსახურიდან გათავისუფლებული და მეორეს მხრივ - არც ხანდაზმულობის ვადა ყოფილა გაშვებული, როდესაც სარჩელის შეტანა მოხდა 2015 წელს.

საქმე იმაშია, რომ 2012 წლის 28 ნოემბერს, მარინა ხარაძემ განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც განსახილველად გადაეცა სამინისტროში შექმნილ სპეციალურ ორგანოს - „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელ კომისიას.“

თავის განცხადებაში, მარინა ხარაძე მიუთითებდა, რომ იგი იყო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული, დიდუბე-ჩუღურეთის იმჟამინდელი გამგებლის პირადი მითითებით და ითხოვდა საკითხის შესწავლას, შემდგომში სამსახურში აღდგენის მიზნით.

სპმთპ-ის იურისტმა დაასაბუთა, რომ კომისიისადმი მიმართვის მომენტიდან, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად:

„ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ...“

141-ე მუხლის მიხედვით კი:

„თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.“

გამოდის, რომ 2012 წლის 28 ნოემბერს კომისიისადმი მიმართვით შეწყდა ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დენა და მისი თავიდან ათვლა დაიწყო კომისიის 2013 წლის 27 მარტის ოფიციალური პასუხის გაცნობიდან, რომელიც იწურებოდა 2016 წლის 27 მარტისთვის, თუმცა სარჩელი სასამართლოში შემოტანილი იქნა 2015 წლის 11 მარტს, 1 წლით ადრე.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მარინა ხარაძე აღდგა სამსახურში და სკოლას დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 4 წლიან პერიოდზე.

სპმთპ კვლავ აგრძელებს საკუთარ წევრებზე ზრუნვას და იცავს მათ ინტერესებს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, რაც მოიცავს სამართლებრივ კონსულტაციებს, სარჩელის მომზადებას, სასამართლოში წარმომადგენლობას და ა.შ. ამჟამად მიმდინარეობს რამოდენიმე პროცესი და ჩვენ გვაქვს მათი წარმატებით დასრულების იმედი.