,,ჩვენ მხარს ვუჭერთ ხელისუფლების იმ მიდგომებს, რომლის თანახმად, თანამედროვე სკოლა უნდა იყოს მოსწავლის განათლებაზე ორიენტირებული... ყველა რეფორმა და განხორციელებული აქტივობა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მოზარდის ყოველმხრივ განვითარებას და განათლებას, მის სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიურ ინტეგრირებას უნდა ემსახურებოდეს... ამ ამოცანების განხორციელება კი მხოლოდ მასწავლებელს შეუძლია... ვართ საერთო პროფესიული ნიშნით დასაქმებულთა გაერთიანება და ვიცავთ ჩვენი წევრების უფლებებს, წარმოვადგენთ მათ ინტერესებს სხვადასხვა დონეზე. შესაბამისად, ვითანამშრომლებთ იმ პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ვინც იზრუნებს განათლების სისტემაში დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებაზე. ამასთან ერთად, ვიქნებით შეუვალი და შეურიგებელი მათ მიმათ, ვინც შელახავს პედაგოგთა უფლებებს და ფეხქვეშ გათელავს მათ ღირსებას...” - აღნიშნა სპმთპ-ის ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მარინა შუბითიძემ, ორწლიანი ანგარიშის წარდგენისას.

2018 წლის 16 ივნისს სპმთპ-ის ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო კონფერენცია ს.ს.ი.პ პირველი ექსპერიმენტალური საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში შედგა, რომელსაც ვაკე-საბურთალოს რაიონებში მოქმედი სკოლამდელი დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების მიერ არჩეული კონფერენციის დელეგატები, აქტიური წევრები, საპატიო სტუმრები და სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ. სპთპ-ის ცენტრალური აპარატის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კრების გადაწყვეტილებით, ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის კონფერენციაზე დელეგატებად წარდგენილნი იყვნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და იურისტი მეგი საკანდელიძე.

საანგარიშო პერიოდში ვაკე-საბურთალოს რაიონულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 30 საბავშვო ბაგა-ბაღისა და 13 საჯარო სკოლის დასაქმებულები.

სპმთპ-ის ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მარინა შუბითიძის ანგარიშში აქცენტები გაკეთდა სპმთპ-ის განვლილ წლებზე, ორგანიზაციული განვითარების პერიოდსა და მიღწეულ შედეგებზე.

ქალბატონმა მარინა შუბითიძემ მადლიერება გამოხატა სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის მიმართ, იმ საქმიანობისათვის, რამაც ავტორიტეტი აუმაღლა პროფკავშირულ ორგანიზაციას და გააუმჯობესა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი, სამართლებრივი პირობები.

,,მასწავლებლებს მოეხსნათ შიში, დაიხვეწა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, სპმთპ-მა უზრუნველყო მასწავლებლების ჩართულობა განათლების სისიტემაში მიმდინარე რეფორმაში, დაიწყო მუშაობა იმისთვის, რომ მეტად გამოვლინდეს მასწავლებლის ყოველდღიური პრაქტიკული შედეგები. მაია კობახიძე, არაერთ საჯარო გამოსვლაში, სატელევიზიო დებატებში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებში, მასწავლებელთა სასიკეთოდ, გამოთქვამს საქმიან შენიშვნებსა და წინადადებებს, წარადგენს ინიციატივებს, რასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ითვალისწინებს და გამოვხატავთ მადლიერებას ამ თანამშრომლობისათვის”- დასძინა მარინა შუბითიძემ.

ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ისაუბრა სპმთპ-ს როლსა და წვლილზე პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების ძველი მოდელი ემსახურებოდა მასწავლებლის დისკრედიტაციასა და დაშინებას, სადაც იგნორირებული იყო პედაგოგის პრაქტიკული და შემოქმედებითი საქმიანობის შეფასება და აქცენტი გადატანილი იყო თეორიულ ცოდნაზე, როგორ ფლობდა მასწავლებელი სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს. შედეგად მივიღეთ ის, რომ ზოგიერთმა დამწყებმა პედაგოგმა წარმატებით ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა კარგ მასწავლებლად, ვერ შეძლო კლასის მართვა, პრობლემები შეექმნა მოსწავლეებთან ურთიერთობებში და ვერ დამაგრდა სკოლაში. ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ ახალ სქემაში ჩაერთო ყველა მოქმედი პედაგოგი და სპმთპ–ის ნომერ პირველი ამოცანა გახდა დავეხმაროთ მასწავლებლებს სქემის მოთხოვნების შესრულებაში“– განაცხადა მარინა შუბითიძემ და აღნიშნა, რომ სპმთპ-ს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა ორგანიზაციამ მარტო ბოლო ორი წლის განმავლობაში 20 ტრენინგ სემინარის ჩატარება უზრუნველყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 800–ზე მეტმა მსმენელმა. საჯარო სკოლების პრაქტიკოს მასწავლებლებს დაეხმარა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებაში; უფროს მასწავლებლებს–სქემის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამოდელო გაკვეთილების წარმატებით წარმართვაში, რამაც ხელი შეუწყო სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა, აღმზრდელების, მეთოდისტებისა და სხვა დასაქმებულებისათვის სატრენინგო პროგრამების განხორციელებით. ,,...სპმთპ–ის ვაკე–საბურთალოს ორგანიზაციისათვის ეს მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტულია, ვინაიდან მასწავლებელი მხოლოდ მაშინ არის პროფესიონალი, როდესაც სწავლობს. პედაგოგიური მოღვაწეობა აუცილებლად მოითხოვს ყოველდღიურ ზრუნვას პროფესიული განვითარებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გინდა იყო მასწავლებელი უნდა იმაღლებდე კვალიფიკაციას და არ უნდა დაკმაყოფილდე მიღწეული წარმატებული შედეგით. ჩვენი ორგანიზაცია ამ მიმართულებით გაარძელებს მუშაობას. მაგრამ, თუ მასწავლებელი სოციალურად დაუცველთა სტატუსის მქონე პირებთან იქნება გათანაბრებული და თუ პრაქტიკოსი პედაგოგის ხელფასის არსებული დონე იგივე დარჩება, ბუნებრივია სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა...“ – განაცხადა ვაკე–საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

მარინა შუბითიძის ანგარიშში ხაზგასმით იყო აღნიშნული განათლებისა და მეცნიერების სამინ ისტროსა და სპმთპ–ის შორის მიმდინარე კონსტრუქციული დიალოგის შედეგები, რამაც გააუმჯობესა მასწავლებელთა პირობები; ასევე, ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანამანთლებლო დაწესებულებებში დასაქმებული წევრებისთვის გამაჯანსაღებელი და კულტურული მასობრივი ღონისძიებების ჩამონათვალი; წევრთათვის, განსაკუთრებული საჭიროებების შემთხვევაში მატერიალური დახმარებების სტატისტიკა; საზეიმო ღონისძიებების ორგანიზება; საახალწლო ნაძვის ხის ბილეთებით მასწავლებელთა შვილების გახალისება; ქალთა და დედის დღეების აღნიშვნა შ. რუსთაველისა და მ. თუმანიშვილის თეატრების სპექტაკლებზე დასწრებით; პროფწევრებისთვის ღირშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა; საზაფხულო და ზამთრის პერიოდში მასწავლებლებისათვის შეღავათიანი პირობებით დასვენების პროგრამებით უზრუნველყოფა.

,,ჩვენი პროფკავშირი მოითხოვს, საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს პედაგოგთა საბაზო ხელფასის ეტაპობრივი ზრდის პროგრამა, რათა მასწავლებლის საშუალო ხელფასი, უახლოეს 3–4 წელიწადში, გაუთანაბრდეს საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. ამ მიზნის მისაღწევად იბრძვის სპმთპ–ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და საჭიროა ყველა გვერდში დავუდგეთ. პროფკავშირის საყრდენ ძალას პირველადი პროფორგანიზაციები წარმოადგენენ. მათი აქტიურობის ხარისხზეა დამოკიდებული ჩვენი ორგანიზაციის ავტორიტეტის ამაღლება, ქმედითუნარიანობა და შედეგები. ჩვენი წევრები მიესალმებიან პროფკავშირის გააქტიურებას და ამას ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის დემოკრატიული მართვის საწყისად მიიჩნევენ, მაგრამ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი” - აღნიშნა გამომსვლელმა და მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა დელეგატებსა და პირველადი ორგანიზაციების თავმჯდომარეებს.

დასასრულს, სპმთპ-ის ვაკე–საბურთალოს რაიონულ ორგანიზაციის თავმჯდომარემ მარინა შუბითიძემ, სმხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის, მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძეს, ვიცე პრეზიდენტებს, ვაკე-საბურთალოს კოორდინატორს ქეთევან ვადაჭკორიას და ცენტრალური აპატარის თანამშრომლებს.

კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს სპმთპ-ის საქმიანობის ოთხწლიანი ანგარიში, რომელიც წარადგინა სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ. მან ყურადღება გაამახვილა სპმთპ-ის ინიციატივით განხორციელებულ ცვლილებებზე, მიღებულ შედეგებსა და სპმთპ-ის ხედვაზე, სკოლამდელ დაწესებულებებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისა და დასაქმებულთა ინტერესების ლობირების მიმართულებით.

სპმთპ–ის პრეზიდენტმა მთავარ პრობლემად დასაქმებულთა დაბალი სამოქალაქო ცნობიერება და პიროვნული თავისუფლების ხარისხი დაასახელა. მან შეახსენა დელეგატებს, რომ ,,ძლიერ პროფკავშირებს ქმნიან პიროვნულად თავისუფალი დასაქმებულები“. მაია კობახიძემ გააქტიურებისა და მეტი ჩართულობისაკენ მოუწოდა დელეგატებს. მან განაცხადა, რომ კამათში გამომსვლელები უნდა იყვნენ კრიტიკულები და მომთხოვნები სპმთპ–ის საქმიანობის მიმართ.

კონფერენციაზე, დისკუსიის ფორმატში, მიმდინარეობდა მსჯელობა აქტუალურ საკითხებზე, მასწავლებლის სოციალური სტატუსისა და ავტორიტეტის ამაღლების, განათლების დაფინანსების ზრდის აუცილებლობაზე, ასევე, საბავშვო ბაგა–ბაღებში დასაქმებულთა შრომითი პირობებისა და დაწესებულებების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე.

საბავშვო ბაგა–ბაღების დასაქმებულებმა განსაკუთრებული სიმწვავით გამოხატეს პროტესტი საზაფხულო ბაღებში შრომის ანაზღაურების გაცემის პრინციპთან მიმართებაში. კერძოდ, ზაფხულის ბაღებში დასაქმებულები იღებენ ხელფასის 80 %–ს, ნაცვლად სრული ოდენობის შრომის ანაზღაურებისა. გამოსვლელმა დელეგატებმა ისაუბრეს საბავშვო ბაღების ჯგუფებში ბავშვთა გადაჭარბებულ რაოდენობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.

კონფერენციამ აირჩია სპმთპ–ის ყრილობის დელეგატები და ვაკე–საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის საქმიანობა დადებითად შეაფასა.

კონფერენციის ბოლოს, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ მადლობის სიგელები გადასცა სოციალურ პარტნიორებს–საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაგა–ბაღების დირექტორებს, ,,დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და ეფექტური სოციალური პარტნიორობისათვის“, ხოლო ,,პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ სპმთპ–ის აქტიურ წევრებს.